რამდენიმე ფაქტი ქართულ-აფხაზური ურთიერთობებიდან

წელს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევით ცენტრს 5 წელი შეუსრულდა, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსიტუტი კი შარშან 15 წლის გახდა. ორივე ორგანიზაციის ფუქცია ომის შემდგომ ნდობის მოპოვება და ურთიერთობათა დარეგულირებაა. რა გაკეთდა ამ მიმართულებით ამ წლების განმავლობაში?

ინსტიტუტის წარმომადგენელი ნინო ბერძნიშვილი ამბობს, რომ კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით დონორისა და დაფინანსების მოძიება სულ უფრო რთული ხდება, მაგრამ ფული რომ იყოს, ისევ რადიოს გააკეთებდნენ. ასეთი პროექტი ინსტიტუტსწლების წინ ჰქონდა. აფხაზურენოვანი რადიო „ჰარა“ (აფხაზურად ნიშნავს „ჩვენ“) თბილისიდან სოხუმში კვირაში ოთხჯერ ნახევარ-ნახევარი საათით გადიოდა. რადიო მოკლე ტალღებზე მაუწყებლობდა. მისი ჩახშობა შეუძლებელი იყო, თუმცა ძალიან ცუდად კი ისმინებოდა.

ომის დროს სოხუმში საარქივო მასალები მთლიანად დაიწვა. 2000 წელს, როდესაც ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინტიტუტის ხელმძღვანელი ზურაბ შენგელია აფხაზეთში იყო, სთხოვეს, იქნებ ენგურს გაღმა შეაგროვოთ რამეო. ნინო ბერძნიშვილი ამბობს, რომ აფხაზეთზე შემონახულ დოკუმენტებს მუზეუმებში, არქივებში, კერძო კოლექციებში ეძებდნენ:

„აღმოჩნდა, რომ ეს მასალა არის ძალიან ბევრი, ძალიან საინტერესო და მეცნიერულ ღირებულებასაც წარმოადგენს. მე-19 საუკუნის აფხაზეთზე იყო ლაპარაკი და ამ დროის აფხაზეთში ფოტოგრაფია ჯერ კიდევ ფეხს იკიდებდა, ფოტოგრაფიას ანაცვლებდა გრავიურები, ჩანახატები. დავიწყეთ ამის მოძიება“.

რთული წლები იყო, დაფინანსება ხან ჰქონდათ, ხან - არა. წიგნი სასაჩუქრე და მაღალპოლიგრაფიული უნდა ყოფილიყო, ამიტომ ამ პროექტის შესრულებას ათი წელი მოანდომეს. ამჯერად წიგნი, სათაურად „აფხაზეთი“, აფხაზეთში ყველა დაინტერესებულ პირს აქვს. ეს საჩუქარია.

„აფხაზეთის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართულად და აფხაზურადაა, მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობს“.

კიდევ ერთი წიგნი, რომელიც ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ინსტიტუტმა გამოსცა, ქართულ-აფხაზური სასაუბრო იყო:

„გამარჯობა, მე ვარ ესმა,თბილისში ვცხოვრობ. ქართველ ხალხს ჯანმრთელობას და მშვიდობას ვუსურვებ“ (საუბრობს აფხაზურად).

ესმა კოკოსკერია ერთ-ერთია, ვინც აფხაზურ ენას ასწავლის. თავიდან ეს კურსები კავკასიურ სახლში ტარდებოდა, თუმცა აფხაზური წიგნები ქართველებისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა, ამიტომ საგანგებოდ აფხაზური ზეპირმეტყველების კურსი შეადგინეს:

„გამოვიდა წიგნი, რომელსაც აუდიოჩანაწერიც მოჰყვება. ის მაქსიმალურად მარტივად არის შედგენილი, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა აფხაზურად ლაპარაკი შეძლონ“.

ახალი წიგნებით ამჯერად თბილისში, ქართულ-აფხაზურ ცენტრში, ასწავლიან. 10-15 ახალგაზრდა ამ კურსებს სისტემატურად ესწრება.

ესმა კოკოსკერია ამბობს, რომ აფხაზური კულტურის განვითარება მნიშვნელოვნად შეაფერხა იმანაც, რომ აფხაზური ანბანი თავისი არსებობის მანძილზე ხუთჯერ შეიცვალა. გარდა ამისა, აფხაზური ენა სხვა სირთულეებითაც ხასიათდება. აფხაზური ალფავიტი კომპიუტერის კლავიატურაზე ვერ ეტევა, ამიტომ დამატებით ინგლისურ და რუსულ შრიფტსაც ხმარობენ. პრობლემები იწყება სტამბაში, როცა წიგნი დასაბეჭდად მიაქვთ:

„სტამბაში როცა ხსნიან ამ შრიფტს, ხშირად მხოლოდ ერთ შრიფტს ხსნიან, დანარჩენი არ იკითხება, ამიტომ ხშირად გვიწევს სტამბაში მისვლა და იქ პროგრამულად გასწორება“.

კიდევ ერთი, რაც ქართველებისა და აფხაზების გადაკვეთის წერტილად იქცა, საქართველოში არსებული სამედიცინო სერვისია. აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის მკურნალობა უფასოა. შესაბამისად, ნინო ბერძნიშვილის თქმით, ბევრი აფხაზი სამკურნალოდ სწორედ თბილისში ჩამოდის.

ნინო ბერძნიშვილი

„იქ ჯანდაცვა საერთოდ არ არსებობს, რუსეთში წასვლა რთულია და ძვირია. თქვენ წარმოიდგინეთ, ქართული ჯანდაცვა გაცილებით მაღალი ხარისხისაა, ვიდრე რუსეთის. ამიტომ დიდი ტალღა მოდის აქეთ“.

ენგურზე გადმოდიან არ მხოლოდ სამკურნალოდ, არამედ საყიდლებზედაც. ნინო ბერძნიშვილი ამბობს, რომ სოხუმის ბაზრობამეტწილად ლილოდან წაღებული ტანსაცმლითაა დაკომპლექტებული, ხოლო როცა აფხაზებს ტრადიციული ხუთასკაციანი ქორწილის გადახდა უწევთ, ხორცი თუ ღვინო სამეგრელოდან მიაქვთ.

ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ცენტრის თანამშრომელი ლეილა ავიძბა ამბობს, რომ ქართული და აფხაზური საზოგადოების პრობლემა ის არის, რომ ერთმანეთზე ინფორმაცია, ფაქტობრივად, არა აქვთ. ამიტომ ამ ეტაპზე, მისი თქმით, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების დაახლოება:

„იქით ახალგაზრდებმა ერთადერთი ის იციან, რომ ქართველებთან ომი იყო და ქართველი არის მტერი. აქეთ ახალგაზრდებისთვის, ბევრისთვის, აფხაზი მტერი არ არის, მაგრამ არ იციან, ვინ არის აფხაზი, რა ხასიათი აქვს, ზოგადად რას წარმოადგენს“.

ვინ არის აფხაზი? იგივე ლეილა ავიძბა ამბობს, რომ აფხაზს, ქართველისგან განსხვავებით, თვითგადარჩენის ინსტინქტიუფრო მძაფრად აქვს განვითარებული:

„აფხაზი ზოგადად არის კავკასიური ტიპის ადამიანი, თავისი ტრადიციებით და წესებით, რომელიც, პრინციპში, ძალიან ახლოს არის ქართულ ტრადიციებთან და წესებთან“ .

ლეილა ავიძბას თქმით, ქართულ და აფხაზურ საზოგადოებას შორის განსხვავებებიც საკმაოდაა, მაგრამ ამ ორი ხალხის თანაცხოვრება იმდენი ხანი გრძელდებოდა, რომ საერთოს გამონახვა არ უნდა გაჭირდეს.