ქარის პირველი ელექტროსადგურის მშენებლობა 2015 წელს დაიწყება

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ახალი პროექტის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას: 2015 წელს დაიწყება 20 მგვტ სიმძლავრის ქარის პირველი ელექტროსადგურის, „ქართლის“, მშენებლობა. „ქართლი“ პირველი საპილოტე პროექტია, რომელსაც სახელმწიფო საკუთარი სახსრებით ააშენებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგურის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაასრულა. ამჟამად ფონდი ბელგიურ კომპანია „Tractebel-engineering“-თან საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე ხელშეკრულებას აფორმებს. ეს ითვალისწინებს ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის ფარგლებში ტურბინებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისთვის საჭირო სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას. ამასთან, ბელგიური მხარე პროექტს სამშენებლო ეტაპზე და ექსპლუატაციაში შესვლიდან 2 წლის განმავლობაში გაუწევს მონიტორინგს.

შეგახსენებთ: სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ უკვე თანამშრომლობს ამ ბელგიურ კომპანიასთან, რომელმაც ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა და ბუნებრივ აირზე მომუშავე 500 მგვტ სიმძლავრის თბოელექტროსადგურის პროექტზე წინასწარ ტექნიკურ-ეკონომიკურ დასკვნას ამზადებს.

ეს საკმაოდ საინტერესო ნაბიჯია ქარის ენერგიის გამოყენების გზაზე, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა, ექსპერტების ინფორმაციით, საქართველოს აქვს ქარის ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი, რომლის საშუალო წლიური მოცულობა 4 მლრდ კილოვატ საათად არის შეფასებული. ქარის ენერგეტიკული ბუნებრივი პოტენციალის მიხედვით, საქართველოს ტერიტორია დაყოფილია ოთხ ზონად:

1. მაღალი სიჩქარეების ზონა - სამხრეთ საქართველოს მთიანეთი, კახაბერის ვაკე და კოლხეთის დაბლობის ცენტრალური ნაწილი. სამუშაო პერიოდის ხანგრძლივობა 5 000 სთ-ზე მეტია წელიწადში;
2. ნაწილობრივ მაღალსიჩქარიანი და დაბალსიჩქარიანი ზონა - მტკვრის ხეობა მცხეთიდან რუსთავამდე, ჯავახეთის სამხრეთი ნაწილი, შავი ზღვის სანაპირო ზოლი ფოთიდან კახაბერის ვაკემდე. სამუშაო პერიოდის ხანგრძლივობა შეადგენს წელიწადში 4500-5000 სთ-ს;

3. დაბალსიჩქარიანი ქედების ეფექტიანი ექსპლუატაციის ზონა - გაგრის ქედი, კოლხეთის დაბლობი და აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობები;
4. დაბალსიჩქარიანი ქედების შეზღუდული გამოყენების ზონა - ივრის ზეგანი და სიონის წყალსაცავი.

საქართველოს ტერიტორიის დანარჩენი ნაწილის ქედები ქარის ელექტროსადგურების ექსპლუატაციისთვის არ გამოდგება.

ქარის ენერგეტიკას ამჟამად ყველაზე კონკურენტუნარიანი ენერგეტიკული ტექნოლოგია აქვს. მეცნიერთა შეფასებით, ქარის ელექტროსადგურების წილი მსოფლიო ენერგეტიკაში 2025 წლისათვის 10%-ს მიაღწევს. 2007 წელს გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და ქართულ-ამერიკულ კომპანია "ქარიდანს" შორის 24-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობაზე, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. პროექტის ღირებულება 24 მილიონი დოლარია.