ქალები საკუთარ უფლებებზე

ზუგდიდი

ქალთა საერთაშორისო დღის - 8 მარტის - აღნიშვნის კუთხით, ზუგდიდი, ალბათ, არაფრით გამოირჩევა დანარჩენი ქალაქებისგან. აქაც დილიდან მამაკაცები ქალებს ყვავილებს მიართმევენ, პარალელურად კი, ადამიანის უფლებების კუთხით მომუშავე ორგანიზაციები ყოველწლიურად საზოგადოებას სხვადასხვა ფორმით მაინც შეახსენებენ თარიღის დაწესების მიზეზს და ქვეყანაში ქალთა უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობას.

ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „თანაზიარის“ დირექტორი ხათუნა ბეჭვაია მიიჩნევს, რომ 8 მარტის დაწესების მიზეზი ერთი საუკუნის შემდეგაც არანაკლებ აქტუალურია:

„ქალი არ არის თვითრეალიზებული. ამწუთას, ამ მომენტამდე, საქართველოში ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა მაინც დასაქმებაა“.

ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის ეკა მინჯორაიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ქალსა და კაცს თანაბარი უფლებები აქვთ, რეალურად მისი გამოყენება ისე ვერ ხერხდება, როგორც ეს ფურცელზეა დაწერილი:

„ამისთვის საკმარისია თუნდაც ერთი მარტივი მაგალითი, რომ ქალთა წარმომადგენლობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო სტრუქტურებში“.

არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის ხელმძღვანელი ციცინო შენგელია ქალის განვითარების ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად საზოგადოების დამოკიდებულებას და უნდობლობას ასახელებს:

„საზოგადოება, ჩვენი მენტალობა არ არის მზად იმისთვის, რომ აღიაროს ქალი ყველა თავისი უფლებით. ეს არის ძალიან რთული, ხანგრძლივი პროცესი, რომელშიც აუცილებელია ჩაერთოს როგორც სახელისუფლებო, ისე არასამთავრობო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება, ყველა ერთად, იმიტომ რომ დღეს, სამწუხაროდ, ჩვენ კიდევ ვხვდებით ოჯახში ძალადობის ფაქტებს, რომელიც ქალთა მკვლელობებით სრულდება“.

ქალთა უფლებების თვალსაზრისით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დადებით ტენდენციებს ამჩნევს ზუგდიდის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ეკატერინე თოდუა:

„გენდერული მეინსტრიმინგი უფრო ფართო არეალს იღებს ჩვენს რეალობაში, მაგრამ დღეს საზოგადოებაში მაინც არის კლიშე, რომელიც, ჩემი აზრით, დროთა განმავლობაში აღმოიფხვრება“.

წარმატების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ქალის ხასიათს და პროფესიონალიზმს ასახელებს ქალაქის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძე:

„ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ქალები იყვნენ ძლიერები და თვითონ შეძლონ თავიანთი უფლებების დაცვა. ყველაზე მნიშვნელოვანია მათ იცოდნენ, რა სურთ თავად“.

რესპონდენტების თქმით, საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებული სტერეოტიპული მიდგომები ხშირ შემთხვევაში ქალებს უარს ათქმევინებს საკუთარ საქმიანობაზე. ქალთა უფლებების კუთხით მომუშავე ორგანიზაციებში მიიჩნევენ, რომ, მიუხედავად დღეს არსებული პრობლემებისა, ქალი ნელ-ნელა, თანდათანობით, საზოგადოებასთან ერთად ვითარდება და ბევრად გაბედული ხდება.