მოულოდნელი არავისთვის იყო ის ფაქტი, რომ 18 მარტის არჩევნების შედეგად რუსეთის პრეზიდენტის პოსტი ისევ ვლადიმირ პუტინმა შეინარჩუნა. წინასწარი შედეგებით, მას ამომრჩეველთა 76 %-ზე მეტმა დაუჭირა მხარი. პუტინის მომავალი 6-წლიანი მმართველობის პირობებში ქართველი ანალიტიკოსების უმრავლესობა არ ელოდება მნიშვნელოვან და, მით უმეტეს, სასიკეთო ცვლილებებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში. მოლოდინი ასეთია: რუსეთი კვლავაც გააგრძელებს საოკუპაციო, დესტრუქციულ პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებით, ხოლო საქართველოს კვლავაც საერთაშორისო პარტნიორების იმედი უნდა ჰქონდეს. როგორი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით?
Your browser doesn’t support HTML5
პუტინის მეოთხე ვადა და საქართველო
- რუსეთის პრეზიდენტად კვლავ ვლადიმირ პუტინის არჩევამ დიდი აღფრთოვანება გამოიწვია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
- იმ ფაქტს, რომ რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები ოკუპირებულ ტერიტორიებზეც გაიმართა, პროტესტით გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
- რუსეთის ფედერაცია არ დაუშვებს საქართველოს დისტანცირებას რუსეთის ორბიტიდან და, შესაბამისად, გააგრძელებს საოკუპაციო პოლიტიკას.
- საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს რუსეთთან დიალოგისკენ მოუწოდებს.
- რუსეთის აგრესიული პოლიტიკისგან დაცვისა და გრძელვადიან პერსპექტივაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობებს ანალიტიკოსები ძირითადად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში ხედავენ.
რუსეთის პრეზიდენტად კვლავ ვლადიმირ პუტინის არჩევამ დიდი აღფრთოვანება გამოიწვია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დე ფაქტო რესპუბლიკების პირველმა პირებმა - ანატოლი ბიბილოვმა და რაულ ხაჯიმბამ -მისალოცი ბარათები აფრინეს მოსკოვში და პუტინის პოლიტიკის, როგორც გადამრჩენლის, მისამართით ხოტბა-დიდება არ დაიშურეს. მანამდე კი, უშუალოდ არჩევნების პროცესში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებიდან სპეციალური დელეგაციები გაიგზავნა საერთაშორისო მეთვალყურეების რანგში, ხოლო იმ ფაქტს, რომ რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები ოკუპირებულ ტერიტორიებზეც გაიმართა, პროტესტით გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. კვირას გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ფაქტი წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს:
„მსგავსი ქმედებებით რუსეთის ფედერაცია სრულად უგულებელყოფს გაეროს წესდებას, ჰელსინკის დასკვნით აქტს და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ისეთ ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, როგორიცაა: სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობა და შიდა საქმეებში ჩაურევლობა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის უკანონო ქმედებებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, რომლებიც ძირს უთხრის სამართალსა და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს“.
მოსკოვს, რომელიც ახლა პუტინის გამარჯვებას ზეიმობს, საქართველოს საგარეო უწყების ამ განცხადებისთვის, ცხადია, არ უპასუხია. სულ მალე ერთი თვე შესრულდება და ქართულმა მხარემ მიახლოებითი პასუხიც ვერ მიიღო იმასთან დაკავშირებით, თუ როდის გადასცემენ ოჯახს ცხინვალში, სავარაუდოდ, სასტიკი წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს. ამ ყველაფრის უკან რუსეთის დესტრუქციულ და მიზანმიმართულ პოლიტიკას ხედავენ ანალიტიკოსები და მათი დიდი ნაწილისთვის ისიც ცხადია, რომ პუტინის მმართველობის მომავალი 6 წელიწადი სასიკეთოს არაფერს მოიტანს.
რუსეთის ფედერაცია არ დაუშვებს საქართველოს დისტანცირებას რუსეთის ორბიტიდან და, შესაბამისად, გააგრძელებს საოკუპაციო პოლიტიკას, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პოლიტოლოგი გიორგი გობრონიძე. თუმცა, მისი თქმით, პროპაგანდისტული მანქანის სიმძლავრეების გამოყენების გარდა, რუსეთი კვლავაც შეეცდება გააძლიეროს თავისი როლი და უფრო დამაჯერებლად მისდიოს თავის მიზანს საქართველოსთან მიმართებით:
რუსეთმა ეკონომიკურად უკვე ისე მოიკიდა საქართველოში ფეხი, სტატისტიკის სამსახურის მონაცემების თანახმად, რომ მას შეუძლია ეკონომიკური ბერკეტების მეშვეობით გარკვეულწილად ქვეყნის პოლიტიკაზეც მოახდინოს ზეგავლენა...ზაალ ანჯაფარიძე
„რუსეთის პრეზიდენტი, რომელსაც აქვს საკმაოდ სერიოზული ამბიცია იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია აქციოს ევროპული უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთ ძირითად არქიტექტორად, ეცდება იმას, რომ საქართველოს საკითხი, ისევე როგორც აღმოსავლეთ უკრაინის საკითხი, გადააქციოს მოლაპარაკებების საგნად ევროპასა და რუსეთს შორის... რუსეთის ფედერაცია დღემდე აგრძელებს იმ სტატუს-კვოს გამყარებას, რომელიც მას უკვე აქვს შექმნილი ცხინვალისა და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონებში და შემდგომში უფრო აქტიურად ეცდება, ასევე, დააზიანოს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი და ინტერესები“.
რუსეთს აქვს საკმარისი ბერკეტები იმისთვის, რომ უხეშად ჩაერიოს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში - ეს უკვე ზაალ ანჯაფარიძის სიტყვებია. თუმცა, როგორც ანალიტიკოსი ეუბნება რადიო თავისუფლებას, საერთაშორისო სარბიელზე გამწვავებული პროცესების გამო, შესაძლოა გარკვეულწილად მოდუნდეს რუსეთის ყურადღება საქართველოსთან მიმართებით:
„რუსეთმა ეკონომიკურად უკვე ისე მოიკიდა საქართველოში ფეხი, სტატისტიკის სამსახურის მონაცემების თანახმად, რომ მას შეუძლია ეკონომიკური ბერკეტების მეშვეობით გარკვეულწილად ქვეყნის პოლიტიკაზეც მოახდინოს ზეგავლენა. მაგრამ, ჩემი პროგნოზით, რუსეთისთვის უახლოეს პერსპექტივაში საქართველო არ იქნება მაინცდამაინც პრიორიტეტული მიმართულება: ის შეეცდება შეინარჩუნოს ის სტატუს-კვო, რაც ამჟამად არის, რადგანაც მას უფრო მნიშვნელოვანი თავის სატკივარი ექნება სხვა მიმართულებებით, თუნდაც იგივე - უკრაინა, სირია და დასავლეთთან მკვეთრად გართულებული ურთიერთობები“.
საქართველომ, ერთი პერიოდი, პრორუსული კურსიც კი დაიკავა: როდესაც 1994 წელს (ბორის) ელცინი იყო ჩამოსული თბილისში, ხელი მოეწერა ჩარჩო ხელშეკრულებას საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის; საქართველომ განაცხადა თანხმობა, რომ მის ტერიტორიაზე ოთხი რუსული ბაზა 25-წლიანი ვადით ყოფილიყო განთავსებული...ნიკა ჩიტაძე
საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს რუსეთთან დიალოგისკენ მოუწოდებს და სწორედ ამაზე ლაპარაკობდა შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი 15 მარტს ჟურნალისტებთან შეხვედრის დროსაც. უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, რუსეთთან დიალოგს ქართველი ანალიტიკოსების დიდი ნაწილიც უჭერს მხარს, თუმცა, ამავე დროს, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო რუსეთს ელაპარაკებოდეს როგორც ოკუპანტ ქვეყანას და არა როგორც პარტნიორს პრობლემების მოგვარების საქმეში - ისევე როგორც, მათი აღქმით, ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის 9 მარტის მიმართვაში იყო ასახული. მით უმეტეს, რომ, ბევრის აზრით, ამ მიმართვას რუსეთმა მხოლოდ ცინიზმი შეაგება.19 მარტს, რადიო თავისუფლების პროგრამა „დილის საუბრებში“ სტუმრობისას, პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ შეახსენა მსმენელებსა და მაყურებლებს, რომ რუსეთთან დათმობის პოლიტიკა არ ამართლებს და ამის შემდეგ ის, როგორც წესი, კიდევ უფრო მეტ დათმობას ითხოვს:
„საქართველომ, ერთი პერიოდი, პრორუსული კურსიც კი დაიკავა: როდესაც 1994 წელს (ბორის) ელცინი იყო ჩამოსული თბილისში, ხელი მოეწერა ჩარჩო ხელშეკრულებას საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის; საქართველომ განაცხადა თანხმობა, რომ მის ტერიტორიაზე ოთხი რუსული ბაზა 25-წლიანი ვადით ყოფილიყო განთავსებული; ამასთან, საქართველო გახდა დსთ-ს წევრი და გაწევრიანდა დსთ-ს კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაში. მაგრამ ამას არ მოჰყოლია რეალური შედეგი, რეალური წინსვლა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემების მოგვარების მიმართულებით“.
არაღიარების პოლიტიკა მხოლოდ სიტყვები კი არ არის, ამაში იდება ძალისხმევა, ამაში იდება დიდი რესურსი. ამის გარეშე შეიძლება იმ ქვეყნების რიცხვი უფრო დიდი ყოფილიყო, რომლებსაც აღიარებული აქვთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა...ირაკლი მჭედლიშვილი
რუსეთთან ურთიერთობების დაგეგმვისა და განხორციელებისას ანალიტიკოსების დიდი ნაწილი გადამწყვეტ ფაქტორად თვლის საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობას. ზოგს ეს ჩართულობა არასაკმარისად მიაჩნია და ფიქრობს, რომ შესაძლებელია საქართველოს პრობლემები საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში ბევრად უფრო წინა პლანზე იყოს წარმოდგენილი. მეტის სურვილი ერთია, მაგრამ, როგორც პოლიტოლოგი ირაკლი მჭედლიშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოსთვის არცთუ ცოტას აკეთებს. ამ ჩამონათვალში შედის, მაგალითად, აშშ-ის მიერ დამტკიცებული საბიუჯეტო კანონი, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას ემსახურება. არაღიარების პოლიტიკას მტკიცედ იცავს ევროკავშირიც.
„არაღიარების პოლიტიკა მხოლოდ სიტყვები კი არ არის, ამაში იდება ძალისხმევა, ამაში იდება დიდი რესურსი. ამის გარეშე შეიძლება იმ ქვეყნების რიცხვი უფრო დიდი ყოფილიყო, რომლებსაც აღიარებული აქვთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ეს არ მოხდა, რატომ? იმიტომ რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მიმართავს ამ ძალისხმევას. ეს ყველაფერი ფულიც ღირს. ეს არ არის პატარა შედეგი. მარტო საქართველო ამას ვერ გააკეთებდა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ირაკლი მჭედლიშვილმა.
რუსეთის აგრესიული პოლიტიკისგან დაცვისა და გრძელვადიან პერსპექტივაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობებს ანალიტიკოსები ძირითადად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში ხედავენ, რაც, თავის მხრივ, აუცილებელ პირობად მოითხოვს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და მტკიცე თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან. ამასთან, აუცილებელია თანმიმდევრული და აქტიური სვლა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ.