რუსულენოვანი მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 2008 წლის აგვისტოს ომის მეცხრე წლისთავის აღსანიშნავად 8 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავა. ეჭვი თითქმის არავის ეპარება, რომ პუტინის ეს ნაბიჯი პირდაპირ უკავშირდება შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მისამართით გამოხატულ საგანგებო ინტერესს, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტსა და ამ ვიზიტთან დაკავშირებულ მოვლენებს. ანალიტიკოსების შეფასებით, მოსკოვი საპასუხო სიგნალს უგზავნის ვაშინგტონს, რომ ის არ აპირებს უკან დახევას საქართველოს ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით. რამდენად შორს შეიძლება წავიდეს რუსეთი და რა სახის წინააღმდეგობას შეიძლება წააწყდეს შეერთებული შტატებისგან?
Your browser doesn’t support HTML5
დუმის წარმომადგენელი კონსტანტინ ზატულინი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც რუსეთში ღიად ლაპარაკობს კავშირზე რუსეთის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლასა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს შორის. როგორც დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირის საკითხებში რუსეთის სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ უთხრა რუსულენოვან მედიას, მაიკ პენსის მიერ საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ ასეთი მტკიცე მხარდაჭერის დემონსტრირებით, გაიზარდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საქართველოს იურისდიქციის ძალისმიერი მეთოდებით აღდგენის საფრთხე და ვლადიმირ პუტინი, შესაძლოა, თავს ვალდებულად თვლის მხარდაჭერა დაუდასტუროს რუსეთის პარტნიორებს.
პარტნიორების დამშვიდებისა და გამხნევების აუცილებლობას რუსეთში მოღვაწე ანალიტიკოსებიც ხედავენ, თუმცა მათი ნაწილი საკითხს უფრო ეკონომიკურ ჭრილში განიხილავს. როგორც, მაგალითად, ექსპერტმა კავკასიის საკითხებში კონსტანტინ ტასიცმა უთხრა რადიო თავისუფლებას, აფხაზეთში პუტინის ვიზიტიც იმის მკაფიო დემონსტრირება იქნება, რომ, ამერიკის მსგავსად, არც რუსეთი აპირებს მიატოვოს თავისი ერთგული პარტნიორები:
„შეერთებული შტატები და რუსეთი თავ-თავიანთ პარტნიორებსა და მოკავშირეებს უჭერენ მხარს... რადგანაც შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური მხარდაჭერა გამოუცხადა და, როგორც ითქვა, ანაკლიის პორტის მშენებლობის მშენებლობაში მსხვილი ამერიკული ინვესტიცია ჩაიდება, მოსალოდნელია, რომ, პუტინის ვიზიტის ფარგლებში, რუსეთიც ეკონომიკური ხასიათის მხარდაჭერას გამოუცხადებს აფხაზეთს. ეს იქნება იმის დემონსტრირება, რომ, ამერიკა-რუსეთის მწვავე დაპირისპირების მიუხედავად, არც ერთი მხარე არ აპირებს მიატოვოს თავისიანები. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მხარეები არ ესვრიან ერთმანეთს და მნიშვნელოვანია ამ მდგომარეობის შენარჩუნება“.
საქართველოში დარწმუნებული არიან, რომ ვლადიმირ პუტინის აფხაზეთში ჩასვლის გეგმა რუსეთის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებაა და ეს არის პასუხი ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ახლებურად გაღრმავების პერსპექტივებზე, რაც კარგად გამოჩნდა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის, თბილისში სტუმრობისას. 2 აგვისტოს ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა ხელისუფლების ძალიან ბევრმა წარმომადგენელმა და მათ შორის იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილიც:
„ეს არის, ფაქტობრივად, გზავნილი რუსეთის მხრიდან ღიად კიდევ ერთხელ, რომ აგრძელებს ოკუპაციას და ამ ჭრილში განვიხილავ ამ ვიზიტს. ჩვენ, არც ქართული სახელმწიფო, არც ქართული საზოგადოება არ აპირებს - შეეგუოს ოკუპაციას“.
შეერთებული შტატები კვლავაც გააგრძელებს გზების ძიებას, რომ ჩვენ გავაძლიეროთ საქართველო, არა მხოლოდ თავდაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, არამედ გავაძლიეროთ საქართველო ეკონომიკურად, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ახალი შესაძლებლობების გაჩენასა და კეთილდღეობას გულისხმობს...მაიკ პენსი
რუსეთის პროვოკაციულ სვლებზე ლაპარაკისას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები 2 აგვისტოს თავიანთ კომენტარებში საგანგებო აქცენტს სვამდნენ მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობაზე და ხაზს უსვამდნენ იმ გარემოებას, რომ ოკუპაციის საკითხის მოგვარება თბილისს მხოლოდ მშვიდობიანი ხერხებით წარმოუდგენია. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში, ცხინვალსა და სოხუმში სულ სხვაგვარად თარგმნეს, საქართველოს ოკუპაციის პრობლემის ასევე მხოლოდ მშვიდობიანად მოგვარების პერსპექტივებზე ლაპარაკობდა თბილისში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტიც, როცა ის საქართველოს მიმართ გამოხატულ მტკიცე მხარდაჭერასა და ნატოში გაწევრიანების საკითხის დაჩქარებაში ხელშეწყობაზე ამახვილებდა ყურადღებას.
მართალია, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა არაერთხელ გაიმეორა, რომ ვაშინგტონი არასოდეს შეეგუება საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის რუსეთის მიერ ოკუპაციას და რომ ამერიკასთან კარგი ურთიერთობების აღსადგენად რუსეთს დესტრუქციული პოლიტიკის შეცვლა მოუწევს, მაგრამ საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერი მშვიდობიანად უნდა გადაწყდეს. საგანგებოდ გაესვა ხაზი ეკონომიკური წინსვლის პერსპექტივას:
„შეერთებული შტატები კვლავაც გააგრძელებს გზების ძიებას, რომ ჩვენ გავაძლიეროთ საქართველო, არა მხოლოდ თავდაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, არამედ გავაძლიეროთ საქართველო ეკონომიკურად, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ახალი შესაძლებლობების გაჩენასა და კეთილდღეობას გულისხმობს... საქართველო უნდა გაძლიერდეს იმგვარად, რომ ერთ დღეს მან ისევ იზეიმოს თავისი ისტორიული ტერიტორიული მთლიანობა“.
იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში რუსეთის სანქციებთან დაკავშირებული ახალი საკანონმდებლო აქტის აშშ-ის კონკრესის მიერ დამტკიცების კვალდაკვალ უკიდურესად დაიძაბა ურთიერთობები მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის, საქართველოში ბევრი მსჯელობს, თუ რა შეიძლება მოჰყვეს საქართველოს მისამართით ამერიკის შეერთებული შტატების ასეთი მტკიცე მხარდაჭერის დემონსტრირებას და რა შეიძლება მოიმოქმედოს რუსეთმა.
ანალიტიკოსების უმეტესობა არ მოელის სამხედრო კონფლიქტის გამწვავებას რუსეთსა და საქართველოს შორის, რადგანაც შექმნილ სიტუაციაში ისინი ვერ ხედავენ შესაბამის საფუძველს ამისათვის. ასეთ აზრს ემხრობა რუსი ანალიტიკოსი ნიკოლაი სილაევიც. ამასთან, მას არ ჰგონია, რომ ვლადიმირ პუტინის აფხაზეთში ჩასვლის გეგმა პირდაპირ უკავშირდება მაიკ პენსის თბილისში სტუმრობას, რადგან ასეთ ვიზიტებს მოსკოვი დიდი ხნით ადრე გეგმავს. როგორც სილაევმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ვლადიმირ პუტინი, წინა წლების მსგავსად, ამჯერადაც რუსეთის მიერ აღიარებული სახელმწიფოების გაძლიერებას ცდილობს. ანალიტიკოსები შეგვახსენებენ, რომ ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტის რანგში 2013 წლის აგვისტოშიც იმყოფებოდა აფხაზეთში და, გარდა ამისა, მოსკოვშიც ხშირად მასპინძლობს ცხინვალისა და სოხუმის ლიდერებს.
ვაშინგტონის პოზიციის გათვალისწინებით, რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ ღია სამხედრო დაპირისპირებას არც პოლიტოლოგი გიორგი გობრონიძე მოელის, მაგრამ ჩვენთან საუბრისას ის არ გამორიცხავს, რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებით გაღიზიანებულმა მოსკოვმა ზეწოლის ნაცადი ხერხები გამოიყენოს და ქართული სახელმწიფოს დასჯას შეეცადოს:
„ეს შეიძლება იყოს იგივე ე.წ. მცოცავი ოკუპაციის პრობლემის გაგრძელება და ე.წ. საზღვრების მოახლოება საქართველოს ცენტრალურ ავტობანთან. ასევე შესაძლოა იყოს მცდელობები, რომ მილსადენის უფრო მეტი ნაწილი მოექცეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და, საბოლოო ჯამში, ალბათ, იქნება კიდევ უფრო გაძლიერება რუსეთის სამხედრო ყოფნისა კავკასიის რეგიონში და განსაკუთრებით ეს შეეხება სამხედრო ბაზებს როგორც ცხინვალის რეგიონში, ასევე აფხაზეთში“.
გიორგი გობრონიძე ფიქრობს, რომ თუკი შექმნილ სიტუაციაში რუსეთი მაინც გაბედავს ვითარების გამწვავებას საქართველოსთან, შესაძლებელია ვაშინგტონმა მოსკოვის წინააღმდეგ კიდევ უფრო გამკაცრებული სანქციების დაწესებაზეც იფიქროს, თუმცა, პოლიტოლოგის აზრით, ამ მხრივ, ისევე როგორც ამერიკა-საქართველოს სამომავლო ურთიერთობების ჭრილში, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თბილისის აქტიურობასა და სწორ პოლიტიკაზე.