რა მოელით „პუსი რაიოტის“ წევრებს კოლონიაში?

სავარაუდოდ, ამ დღეებში გაირკვევა, სად მოიხდიან პატიმრობას პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ წევრები მარია ალიოხინა და ნადეჟდა ტოლოკონიკოვა, რომლებსაც ეკლესიაში ჩატარებული საპროტესტო აქციისათვის,როგორც ცნობილია, რუსეთში ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამ გახმაურებულმა საქმემ და ახალგაზრდა ქალების ბედით დაინტერესებამ ინტერესი გაზარდა რუსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებების მიმართაც, რომლებსაც უფლებადამცველები ხშირად აკრიტიკებენ. ამ თემაზე მასალა ჩვენმა კოლეგამ, დეიზი სინდელარმა მოამზადა.

რა ხდება რუსეთის ქალთა კოლონიებში, კარგად იცის ინა ბაჟიბინამ, რომელმაც ორწლიანი პატიმრობა მოიხადა კონტრაბანდაში ბრალდების საფუძველზე და ბევრი სხვა მსჯავრდებულის ამბავიც სმენია. მეგობრების წერილებში მას ხშირად წაუკითხავს მძიმე პირობებისა და „მორალური“ ზეწოლის შესახებ, თუმცა „პუსი რაიოტის“ წევრები, ბაჟიბინას აზრით, შესაძლოა, კიდევ უფრო მძიმე პირობებში აღმოჩნდნენ მას შემდეგ, რაც დატოვებენ შედარებით კომფორტულ საკნებს მოსკოვში და საერთო რეჟიმის კოლონიაში გადავლენ - შინიდან ასობით კილომეტრის დაშორებით. ინა ბაჟიბინა ვარაუდობს, რომ „პუსი რაიოტის“ წევრებს განსაკუთრებულად მძიმე გარემოში გაგზავნიან:
„გოგონების საქმე განსხვავებულია, მას პოლიტიკური შეფერილობა აქვს. მათ მორდოვიაში გაგზავნიან - ეს დაკვეთაა. იქ უფრო მკაცრი პირობებია - კლიმატი, ჭაობი, კოღოები. როგორც ამბობენ, იქ წყალი მუდმივი პრობლემაა. ყველანაირი წყალი. ცხელ წყალზე ლაპარაკიც ზედმეტია. გოგონებს კოლონიაში საერთოდ ავიწყდებათ, რომ ასეთი რამ არსებობს. რატომ აქვს ყველას თმები მოკლედ შეჭრილი? იმიტომ, რომ პრობლემაა თავის დაბანა.“

ინა ბაჟიბინას ასე წარმოუდგენია გარემო, რომელშიც აღმოჩნდებიან 22 წლის ნადეჟდა ტოლოკონიკოვა და 24 წლის მარია ალიოხინა, მონაწილეები მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში თებერვალში ჩატარებული პერფორმანსისა „ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი“. სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო რელიგიური სიძულვილით მოტივირებულ ხულიგნობაში და დაასკვნა, რომ მათი გამოსწორება შესაძლებელია მხოლოდ „საზოგადოებისაგან იზოლაციაში“. კიდევ ერთი მსჯავრდებული, ეკატერინა სამუცევიჩი, თავდებით გაათავისუფლეს გასულ კვირაში.
სხვა საქმეა, რომ ჩვენ გულდასმით დავაკვირდებით ვითარებას. ამაში დაგვეხმარება საზოგადოებრივი მეთვალყურეობის კომისია, მსოფლიო თანამეგობრობა ...
მარკ ფეიგინი

ფედერალური პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელობას ჯერ არ გამოუცხადებია, სად გააგზავნიან „პუსი რაიოტის“ ორ წევრს. როგორც ჩვენი რადიოს რუსულ სამსახურთან ინტერვიუში 16 ოქტომბერს აღნიშნა მსჯავრდებულთა ადვოკატმა მარკ ფეიგინმა, ნათელია მხოლოდ ის, რომ ტოლოკონიკოვას და ალიოხინას სხვა გზა არა აქვთ - მათ მოუწევთ კოლონიაში გამგზავრება:

„სხვა საქმეა, რომ ჩვენ გულდასმით დავაკვირდებით ვითარებას. ამაში დაგვეხმარება საზოგადოებრივი მეთვალყურეობის კომისია, მსოფლიო თანამეგობრობა, იქნება საგანგებო მონიტორინგი ევროკავშირის ზოგი სტრუქტურიდან და ა.შ. ანუ ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ მათთვის იქ, იზოლაციის ადგილებში, სათანადო პირობების უზრუნველსაყოფად.“

უფლებადამცველების შეფასებით, კოლონიებში მდგომარეობა, მთლიანობაში, მკვეთრად არის გაუმჯობესებული საბჭოთა პერიოდის შემდეგ - მას შემდეგ, რაც შრომა-გასწორების კოლონიებში მყოფთ ჯანმრთელობის, ზოგჯერ სიცოცხლის ფასად უჯდებოდათ მძიმე ფიზიკური შრომა, უხეირო კვება, სიცივე და ძალადობა. ახლა მსჯავრდებულებისთვის დაწესებულია რვასაათიანი სამუშაო დღე, ქალებს არ უწევთ მძიმე საქმის კეთება, მცირე შემოსავალიც აქვთ სურსათის თუ სიგარეტის შესაძენად. მაგრამ ბევრი ყოფილი პატიმარი მაინც ჩივის - აკრიტიკებს ჯანმრთელობისათვის საზიანო პირობებს, პირადი სფეროს დაუცველობას გადავსებულ საკნებში, სადაც ზოგჯერ 40-მდე ქალი ზის, სასტიკ სოციალურ იერარქიას, რომელშიც სუსტი იჩაგრება და ძალადობის მსხვერპლის როლში ვარდება.

ინა ბაჟიბინას თქმით, ამას ემატება კოლონიებში მყოფთა ნაწილის მტრული დამოკიდებულება პატიმრების მიმართ, ვისაც მათზე უკეთესი განათლება აქვს მიღებული:
როგორ გაძლებენ „პუსი რაიოტის“ გოგონები, ჯერჯერობით უცნობია. თუ გაიცა განკარგულება მათი შევიწროების შესახებ, გაუჭირდებათ ...
მაშა ნოელი

„იქ ხალხის 80 პროცენტს საერთოდ ვერაფერზე დაელაპარაკები. ბუნება და ამინდი - მეტი სასურველი არ არის. ერთმა ქალმა, მაგალითად, თქვა: ბეღურა პატარა მტრედია, თაგვი - პატარა ვირთხა, სპილო კი - კვერცხებს დებსო... აი, ასეთი დონეა. რომ იცინი, თან ცრემლები გდის, რადგან ხედავ საზოგადოების სახეს“...

„პუსი რაიოტის“ წევრების შემთხვევაში, მტრული დამოკიდებულების მიზეზი, საუნივერსიტეტო განათლებასთან ერთად, შესაძლოა გახდეს მათ სახელთან დაკავშირებული სკანდალი. რუსეთის სახელმწიფო მედიამ პანკ-ჯგუფის პროტესტი წარმოსახა არა პუტინის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ პროტესტად, არამედ ეკლესიის მიმართ შეურაცხყოფად.

ყოფილი პატიმარი მაშა ნოელი ფიქრობს, რომ ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გაუძლებენ ტოლოკონიკოვა და ალიოხინა პირველ თვეებს კოლონიებში:

„როგორ გაძლებენ „პუსი რაიოტის“ გოგონები, ჯერჯერობით უცნობია. თუ გაიცა განკარგულება მათი შევიწროების შესახებ, გაუჭირდებათ. მაგრამ, მეორე მხრივ, დღეს არ გვაქვს სპეციალური კოლონიები პოლიტპატიმრებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ორ ნაძირალა მცველზე რვა ნორმალური მოდის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ხალხი, ათწლეულებია, მუშაობს კოლონიებში და ამ ხალხს ხშირად უფრო მეტი ადამიანობა აქვს, ვიდრე გარეთ მყოფებს, თავისუფლებს. მათი დიდი ნაწილი დასკვნებს არ გამოიტანს, სანამ არ გაიცნობს ახალ მსჯავრდებულებს. ერთი სიტყვით, მთავარია მტკიცედ გაუძლო პირველ ზეწოლას პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში. ეს ყველასთვის ასეა, მით უმეტეს, გოგონებისთვის.“