"პუსი რაიოტის" ორი წევრი აშშ-ში გამოვიდა კონცერტზე

Your browser doesn’t support HTML5

მადონამ "პუსი რაიოტის" წევრები წარმოადგინა "ამნესტი ინტერნეიშნელის" კონცერტზე ნიუ-იორკში

რუსული პანკჯგუფის, „პუსი რაიოტის“ ორი წევრი აშშ-ში გამოვიდა კონცერტზე და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოუწოდა, პატიმრობიდან გაათავისუფლოს ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების მონაწილეები.

მას მერე, რაც ისინი 5 იანვარს პოპვარსკვლავმა მადონამ წარუდგინა დამსწრეთ ნიუ-იორკში, „ამნესტი ინტერეიშნელის“ საქველმოქმედო აქციაზე, ნადეჟდა ტოლოკონიკოვამ ხალხს მიმართა: „ჩვენ მოვითხოვთ თავისუფალ რუსეთს და რუსეთს პუტინის გარეშე.“

ტოლოკონიკოვამ და მარია ალიოხინამ რუსეთში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე ისაუბრეს, მაგრამ მუსიკა არ შეუსრულებიათ.

მადონამ ისინი შემდეგი სიტყვებით წარადგინა: „დროა, დანარჩენმა მსოფლიომაც მიბაძოს გაბედულებაში ‘პუსი რაიოტს’ და დაუპირისპირდეს პრეზიდენტ პუტინის მაგვარ ადამიანებს“ და სხვებს, „რომლებიც პატივს არ სცემენ ადამიანის უფლებებს.“

მანამდე ტოლოკონიკოვა და ალიოხინა გაეროში აშშ-ის ელჩს, სამანთა პაუერს შეხვდნენ.

ამ შეხვედრას მოჰყვა გაეროში რუსეთის ელჩის, ვიტალი ჩურკინის აგდებული რეაქცია.

ჩურკინმა ჟურნალისტებს ჰკითხა, ხომ არ შეუერთდა პაუერი „პუსი რაიოტს“ და დასძინა, რომ დასანანი იქნება, თუკი პაუერი არ მოაწყობს „პუსი რაიოტის“ გამოსვლებს ვაშინგტონის ეროვნულ საკათედრო ტაძარში, რომში წმ. პეტრეს ტაძარში, საუდის არაბეთში მექაში და გოდების კედელთან იერუსალიმში.

პაუერმა საპასუხოდ Twitter-ით დაწერა, რომ მისთვის პატივი იქნება, ტურნეში მონაწილეობა მიიღოს „გოგონებთან ერთად, რომლებიც ბედავენ ხმის ამოღებას და იცავენ ადამიანის უფლებებს,“ და მოუწოდა ჩურკინს, მათთან ერთად გააკეთოს ეს.