10 სექტემბერი სუიციდის პრევენციის საერთაშორისო დღეა. პრევენციაზე ზრუნვა სახელმწიფოს ვალდებულებაა, თუმცა ძნელად მოიძებნება სერვისი, რომელიც სწორედ სუიციდის პრევენციას ემსახურებოდეს. არ არსებობს ცხელი ხაზი, რომელიც კონკრეტულად ამ მიმართულებით იმუშავებდა, ჯერ არც სუიციდის პრევენციის სახელმწიფო პროგრამაა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, სამუშაო ჯგუფი ამზადებს კონცეფციას, თუმცა წლებია, ეს პროცესი მიდის.
ფსიქოლოგიური დახმარების რამდენიმე ცხელ ხაზზე დარეკვისას გვითხრეს, რომ მათ უფრო მეტად ის ახალგაზრდები მიმართავენ, რომლებსაც მეგობრების დახმარება სურთ. ფსიქოლოგებიც ურჩევენ ადამიანებს, რომ ელაპარაკონ მათ, ვისაც დახმარება სჭირდება, თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, თუ რას ეტყვით მას.
ფსიქოლოგი მაია ცირამუა რადიო თავისუფლებასთან საუბრობს იმაზე, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ადამიანის დახმარება გვინდა.
„როდესაც არის ეჭვი, რომ ადამიანს აწუხებს სუიციდური ფიქრები, პრევენციის ერთ-ერთი უნივერსალური სტრატეგია არის ალკოჰოლსა და ნარკოტინგზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა და მონიტორინგი.
ასევე უნდა ჩაეჭიდო იმ დამცავ ფაქტორებს, რომლებიც ადამიანს აქვს. მაგალითად, როცა გვიკითხავს ადამიანისთვის, ვინც თვითმკვლელობა სცადა, რა იყო, რამაც შეგაჩერაო, უთქვამს, ჩემს შვილებს ვერ გავუკეთე, ჩემს ოჯახს ვერ გავუკეთე... - ზოგიც რელიგიურმა მოსაზრებებმა შეაჩერა და ა.შ.
ჩვენი ფუნქციაა, რომ ვესაუბროთ, შემდეგ კი სპეციალისტების დახმარებით გამოვიყვანოთ მდგომარეობიდან.
მაგალითად, არსებობს თბილისის კრიზისული ინტერვენციის სამსახური „თბილისი კის“. ბავშვის შემთხვევაში, მათ იციან, როგორ მოიქცნენ“.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, წელიწადში სუიციდის შედეგად, დაახლოებით, 800 ათასი ადამიანი იღუპება, რომელთა დიდი ნაწილი 15-დან 29 წლამდე ასაკობრივ ჯგუფშია.
შსს-ს იანვარ-ივნისის მონაცემებით, 2019 წელს 207 სუიციდის შემთხვევა დაფიქსირდა, 219 - სუიციდის მცდელობის;
2018 წელს - სუიციდის 389 შემთხვევა, 477 - მცდელობის.
მართლია, არ არსებობს სპეციალიზებული ცხელი ხაზი, სადაც დარეკავ, თუ გაწუხებს სუიციდური აზრები ან გინდა ამ მხრივ მეგობარს, ოჯახის წევრს დაეხმარო, სამაგიეროდ, არის ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზები, სადაც მსგავს შემთხვევაში რეკავენ ხოლმე:
მანდატურის სამსახურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88
ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი: 116 111; 2 421 422
ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი: 2 200 220 (3025)
როგორ ამოვიცნოთ, რომ ადამიანს დახმარება სჭირდება?
„თუკი ადამიანი კარგავს ინტერესს იმ სასიამოვნო აქტოვობების მიმართ, რაც მის ცხოვრებაში იყო, თუ რადიკალურად ეცვლება ძილის და კვების რეჟიმი, თუ სუიციდური კრიზისის შემდეგ გაუმჯობესდა ადამიანის მდგომარეობა - თითქოს მზემ გამოანათა, ასეთ დროს ხშირად ფიქრობენ, რომ გადაიარა ამ მდგომარეობამ, თუმცა შეიძლება ასე არ იყოს და, უბრალოდ, ადამიანს გადაწყვეტილება ჰქონდეს მიღებული და მშვიდად გრძნობდეს თავს.
ადამიანებს ძირითადად მითები უშლით ხელს, რომ აღმოჩნდნენ დამხმარე რგოლის როლში. სტატისტიკის მიხედვით, 10-დან 9 ადამიანი ლაპარაკობდა წინასწარ იმის შესახებ, რაც შემდეგ მოიმოქმედა“.
მითები სუიციდის შესახებ:
ვინც უიმედოდ არის, რა შეიძლება ვუთხრათ?
„ყოველთვის არსებობს გამოსავალი, ყველა რესურსი არ არის ხოლმე ამოწურული და რომც იყოს, შეიძლება გარემოებები, მოვლენები ვერ შევცვალოთ, მაგრამ უნდა შევცვალოთ დამოკიდებულება ამ მოვლენებისადმი.
არასდროს არის სისუსტის მაჩვენებელი და სირცხვილი, როცა ითხოვ დახმარებას. ყოველთვის უნდა მივცეთ შანსი ადამიანებს. ხანდახან ერთ პატარა წინადადებას, რაღაც შემთხვევას შეიძლება სინათლის სხივი მოჰყვეს.
მე მყავდა კლიენტი, რომელიც აპირებდა სუიციდს, მაგრამ უცბად დაინახა, ხიდან როგორ ვარდებოდა ვაშლი. ეს მისთვის ნიშანი იყო, რომ არ გადაედგა ეს ნაბიჯი.
რამდენი ფილმი არსებობს, რამდენი წიგნია, ეს ხომ ადამიანების გამოცდილებაზე დაყრდნობითაა და არ არის გამოგონილი.
მთავარია მოვუსმინოთ, არ განვსაჯოთ, არ დავაკნინოთ მისი პრობლემა, შევეცადოთ სხვა კუთხით დავანახვოთ მოვლენები“. -ამბობს ფსიქოლოგი მაია ცირამუა