„რევოლუციიდან სოციალურ მოძრაობამდე?“ - ასე ჰქვია ილიას უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ სამეცნიერო სტატიების კრებულს, რომელშიც გაანალიზებულია პროტესტის დინამიკა 21-ე საუკუნის საქართველოში, აღწერილია პროტესტის ახალი ფორმების გაჩენის პროცესი: თუ რა შეიცვალა ქართულ საპროტესტო სტრატეგიებში ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში, რა გზა გაიარა თანამედროვე პროტესტმა მასობრივი მიტინგებიდან სოციალურ მოძრაობებამდე, რა გავლენა აქვთ სოციალურ ქსელებს სამოქალაქო მოძრაობის მობილიზაციის პროცესში.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო არ განიცდიდა პროტესტის, აქციებისა და მიტინგების, სამოქალაქო ჯგუფებისა და ორგანიზაციების ნაკლებობას, თუმცა, როგორც შოთა აზიკური ამბობს, ავტორი კრებულში შესული ერთ-ერთი სტატიისა - „თანამედროვე ქართული პროტესტის გზა მასობრივი მიტინგებიდან სოციალურ მოძრაობამდე“, სოციალური მოძრაობების ფენომენი გაცილებთი გვიან, 2011-2012 წლებში, დაიბადა, მანამდე კი იყო 2003 წლის ე.წ. „ვარდების რევოლუცია“, მიხეილ სააკაშვილისა და ახალგაზრდა პროდასავლური პოლიტიკოსების მოსვლა ხელისუფლებაში.
Your browser doesn’t support HTML5
შოთა აზიკურის თქმით, ამ დროს პროტესტს ჰქონდა მასობრივი ხასიათი, აქციის მონაწილეები არ იყვნენ დიფერენცირებული ცალკეულ ჯგუფებად და გამოხატავდნენ საერთო უკმაყოფილებას, პროცესების უკან კი იდგნენ პოლიტიკური ელიტები, რომლებიც იყენებდნენ მოსახლეობის სიღარიბესა და უკმაყოფილებას. ამასთან, ყველა ეს პროტესტი, როგორც წესი, მიჰყვებოდა საარჩევნო ციკლს და ორიენტირებული იყო ხელისუფლების გადადგომაზე. პროტესტის ადგილიც ძირითადად ერთი და იგივე იყო: თბილისის ცენტრი, რუსთაველის გამზირი, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, თუმცა ნელ-ნელა ეს სიტუაცია შეიცვალა.
ვფიქრობ, რომ კიდევ და კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება მსგავსი სოციალური მოძრაობები, მოქალაქეები თვითორგანიზებულად შეეცდებიან საკუთარი პოლიტიკის დანერგვას არა პარტიის გამოყენებით, არამედ ამ პროტესტის და სოციალური მოძრაობის ან სხვანაირი ორგანიზაციის ჩამოყალიბებით ...შოთა აზიკური
„იკვეთება სხვადასხვა სოციალური ჯგუფები, სხვადასხვა კონკრეტული ინტერესებით, რომელთა მოთხოვნა არ არის არც გლობალური, არ ითხოვენ ხელისუფლების ცვლილებას. თუ წინა პროტესტები ყოველთვის იყო მიმართული მთლიანი პოლიტიკური ისტებლიშმენტის შეცვლისაკენ სხვა პოლიტიკური ისტებლიშმენტით, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც პოლიტიკურ ელიტასთან გვქონდა საქმე, დღეს პროტესტი გამოხატავს გარკვეულ სოციალურ კლასს, დავუშვათ, მშრომელთა მოძრაობა, რომელსაც აქვს კონკრეტული მოთხოვნები და არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მთავრობა იქნება. ან იგივე ნარკოპოლიტიკასთან მიმართებით, კონკრეტულ ჯგუფს კონკრეტული მოთხოვნით. არ აქვთ ამ ჯგუფებს იმის ამბიცია, რომ შეიცვალოს მთელი პოლიტიკური ელიტა და მოვიდნენ თვითონ. ანუ ხდება კონკრეტული სოციალური ჯგუფების მიერ სულ სხვა სახის პროტესტი“, უთხრა რადიო თავისუფლებას შოთა აზიკურმა, რომლის თქმით, 2012 წელს ხელისუფლების არჩევნებით პირველ შეცვლას ემთხვევა პროტესტის მასობრივი მიტინგების ფორმის ტრანსფორმაცია და ჩნდება ქვემოდან წამოსული სოციალური მოძრაობები. მანამდე არასამთავრობო ორგანიზაციები, უმეტესწილად, მნიშვნელოვანი იარაღი იყო პოლიტიკური ელიტის ხელში, დღეს კი ისინი უფრო ავტონომიურ მოთამაშეებად გვევლინებიან და სოციალური მოძრაობების თანასწორ მოკავშირეებს წარმოადგენენ. შოთა აზიკურის თქმით, სოციალური მოძრაობების როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მოჩანს პოლიტიკური პარტიების კრიზისის ფონზე. საქართველოში პარტიებს, რომლებიც ძირითადად პოლიტიკურ ლიდერებზე მიმაგრებული ჯგუფები არიან, არ გააჩნიათ მწყობრი ორგანიზებული სტრუქტურა, მკაფიო ღირებულებები და არ გამოხატავენ საზოგადოების რომელიმე სოციალური, კულტურული ან რამე სხვა ნიშნით გაერთიანებული ჯგუფის ინტერესებს. შოთა აზიკურის თქმით, პოლიტიკური პარტიებისგან განსხვავებით, სოციალურმა მოძრაობებმა მოახერხეს საერთო პრობლემის მქონე სოციალური ჯგუფების გაერთიანება და მათი პრობლემების მოგვარებისათვის ბრძოლა:
„რადგან არ ჩნდება ახალი პარტიები, რომლებიც კონკრეტულად რომელიმე სოციალურ ჯგუფს ან სოციალურ კლასს წარმოადგენს, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ კიდევ და კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება მსგავსი სოციალური მოძრაობები, მოქალაქეები თვითორგანიზებულად შეეცდებიან საკუთარი პოლიტიკის დანერგვას არა პარტიის გამოყენებით, არამედ ამ პროტესტის და სოციალური მოძრაობის ან სხვანაირი ორგანიზაციის ჩამოყალიბებით და ამის შემდეგ ამ პროცესებიდან შეიძლება შეიქმნას პარტია, რომელიც განსხვავებულ ხედვას შესთავაზებს საზოგადოებას. ის არ მოვა ზემოდან, არამედ საზოგადოების ამ ბრძოლიდან წარმოიშვება“.
თამარ თოლორდავა, კრებულის რედაქტორი და ავტორი ერთ-ერთი სტატიისა - „ბრძოლა 17 მაისისათვის - როგორ „მოიპარეს“ კონტრდემონსტრანტებმა IDAHOT დღე“ , ამბობს, რომ თანამედროვე პროტესტმა საქართველოში საფუძვლიანი ცვლილება განიცადა, რაც თვალსაჩინოდაა დასაბუთებული და აღწერილი კრებულში შესულ სტატიებში - პროტესტი აღარ არის დაკავშირებული მხოლოდ ხელისუფლებისათვის ბრძოლასთან:
„ჩვენ ვცადეთ აღგვეწერა ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესები - როგორ შეიცვალა პროტესტი, როგორ გააქტიურდნენ სოციალური მოძრაობები და ახლა მარტო რევოლუციასთან აღარ არის დაკავშირებული ეს ყველაფერი. არის მუშების პროტესტთან დაკავშირებული, ქალთა უფლებებთან, ლგბტ თემთან, სტუდენტურ პროტესტთან“.
თამარ თოლორდავას თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ქვემოდან წამოსულ სოციალურ მოძრაობებს შორის გამორჩეული ადგილი უკავია სექსუალური უმცირესობების უფლებებისათვის ბრძოლას, ხოლო 17 მაისი, ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე, ამ ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე სიმბოლურ და გარდამტეხ დღედ მიიჩნევა, თუმცა 2012 წლის 17 მაისიდან დაწყებულმა მოვლენებმა ხელი შეუწყო არა მარტო ლგბტ თემისა და მათი მხარდამჭერების მოძრაობად ჩამოყალიბებას, არამედ გამოიწვია ასევე სასულიერო პირებისა და მათი მრევლის გაერთიანება კონტრმოძრაობად, რომელიც ძალადობდა და სარგებლობდა ეკლესიისა და ხელისუფლების მხარდაჭერით. თამარ თოლორდავას თქმით, დემონსტრანტების მოლოდინი, რომ კანონი, ხელისუფლება და ხელისუფლების მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები დაიცავდათ, არ გამართლდა, კონტრდემონსტრანტების გამარჯვება კი შემდეგმა ფაქტორმა განაპირობა:
„ეკლესიას განვიხილავთ როგორც ელიტის ნაწილსა და ძლიერ ჯგუფს. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, დემონსტრანტები თუ კონტრდემონსტრანტები არიან ელიტასთან ახლოს. ამ შემთხვევაში კონტრდემონსტრანტები იყვნენ იმ ჯგუფთან ახლოს, რომელსაც დღემდე შეუძლია პოლიტიკური და არამარტო პოლიტიკური ამინდის შექმნა საქართველოში. საერთაშორისოდ აღიარებული 17 მაისი, ფაქტობრივად, ეკლესიამ მოიპარა და ეს დადასტურდა პატრიარქის ინიციატივით, რომ ეს ყოფილიყო ე.წ. „ოჯახის სიწმინდის დღე“ და ახლა უკვე ჩოხებით, კონცერტებით აღინიშნება როგორც ოჯახის სიწმინდის დღე“.
თამარ თოლორდავას თქმით, ძალიან საინტერესო იქნება, თუ როგორ აღინიშნება მოახლოებული 17 მაისი ე.წ. ციანიდის სკანდალის ფონზე:
„ბევრ ჯგუფს ჰგონია, რომ ამ კრიმინალური საქმით მოხდა ეკლესიის დისკრედიტაცია, მაგრამ ასევე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა თვითონ ეკლესიამაც გამოიყენოს სათავისოდ ეს ამბავი იმისთვის, რომ ქულები დაიწეროს და მრევლი შემოიკრიბოს. ასე რომ, საინტერესო პროცესები გველის წინ და ვნახავთ, როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი. არ მგონია, რომ 2017 წელს დასრულდეს ეს დავა ამ სივრცისათვის, მაგრამ, ალბათ, რაღაც ცვლილებებს შეიტანს ამ პროცესში“.
კრებული მთავრდება სტატიით „სოციალური ქსელების გავლენა ფართო მობილიზაციის პროცესზე“, რომლის ავტორის, თამარ ნიკოლეიშვილის, თქმით, კვლევისათვის შეირჩა ოთხი მოვლენა: 2012 წლის სექტემბერში ე.წ. ციხის კადრების გავრცელების შემდეგ ორგანიზებული აქცია, 13 ივნისის მოძრაობა, ანუ 2015 წლის ივნისში ვერეს ხეობაში წყალდიდობით დაზარალებულთა სოლიდარობის კამპანია, „აუდიტორია 115“-ის დაწყებული სტუდენტური მოძრაობა და 2015 წელს პარიზში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებული სოლიდარობის აქცია. თამარ ნიკოლეიშვილის თქმით, საქართველოში სოციალური ქსელების პოპულარობამ (მომხმარებელთა 75 პროცენტი ინტერნეტს ყველაზე ხშირად სოცქსელებისთვის იყენებს) მნიშვნელოვნად გაამარტივა სამოქალაქო აქტივობის ერთჯერადი მობილიზაცია:
ინფორმაციის გავრცელების სისწრაფე, სიიაფე და მასშტაბურობა. ანუ ბევრად უფრო სწრაფად შეგიძლია ადაპტირდე პროცესებთან, როგორც მოხდა, მაგალითად, საფრანგეთის ტერაქტის შემდეგ სოლიდარობის აქციის დროს. ზუსტად ათ წუთში გავრცელდა ინფორმაცია...თამარ ნიკოლეიშვილი
„არა ისე, რომ ძლიერი ძალა და მუხტი შეინარჩუნო ხანგრძლივად, იმიტომ რომ არსებობს ე.წ. ვიწრო კავშირები ამ ადამიანებს შორის, მაგრამ ერთჯერადად ემოციური ეფექტის ხარჯზე შესაძლებელი გახდა სწრაფად მობილიზება ბევრად უფრო დიდი მასის, ვიდრე ხდებოდა 2012 წლამდე. 13 ივნისის პროცესებმა აჩვენა, რომ სოციალურ თემატიკას შეუძლია დიდი მასის მობილიზება და დიდი გავლენის მოხდენა“.
მაინც რატომ და როგორ აღწევს სოციალური მედია ამ მიზანს? რა ინსტრუმენტები განაპირობებს მის ეფექტიანობას? თამარ ნიკოლეიშვილის თქმით, საქართველოში ყველაზე პოპულარული ქსელი ფეისბუკია:
„ინფორმაციის გავრცელების სისწრაფე, სიიაფე და მასშტაბურობა. ანუ ბევრად უფრო სწრაფად შეგიძლია ადაპტირდე პროცესებთან, როგორც მოხდა, მაგალითად, საფრანგეთის ტერაქტის შემდეგ სოლიდარობის აქციის დროს. ზუსტად ათ წუთში გავრცელდა ინფორმაცია. სიიაფეს რაც შეეხება, არანაირ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული მობილიზაციის პროცესი და მასშტაბურობის თვალსაზრისითაც გავდივართ ბევრად უფრო მეტ ადამიანზე, ვიდრე უშუალოდ ურთიერთობისას“.
რაც შეეხება ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გავლენას სამოქალაქო აქტივობის მობილიზაციის სისწრაფეზე, თამარ ნიკოლეიშვილი ამბობს:
„ინტერნეტის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, აქტიური ადგილი არის თბილისი, რეგიონებში კი ინტერნეტის წვდომის მასშტაბები ისეთი დიდი არ არის, როგორც ევროპის ქალაქებში. თუმცა თუ ვლაპარაკობთ იმ სეგმენტზე, რომელიც რეალურად აქტიურია სამოქალაქო პროტესტის მობილიზაციის დროს, ძირითადად ახალგაზრდები, უფრო ზუსტად, 18-40 წლის ადამიანები, ეს ფაქტორი დიდი დაბრკოლება არ არის, იმიტომ რომ მათი დიდი ნაწილი განათლების მიღების გამო თავმოყრილია სწორედ იმ სივრცეში, სადაც ინტერნეტზე წვდომის ხარისხი მაღალია“, უთხრა თამარ ნიკოლეიშვილმა რადიო თავისუფლებას.