ქუთაისში 1 მარტიდან გარევაჭრობა აიკრძალა. ქალაქის მერის, გიორგი ჭიღვარიას, განცხადებით, ქალაქის ზედამხედველობის სამსახურმა გარემოვაჭრეები 1 თვით ადრე გააფრთხილა, დღეიდან კი საპატრულო პოლიცია გაამკაცრებს მეთვალყურეობას და დააჯარიმებს გარემოვაჭრეებს. გარევაჭრობის აკრძალვა ქუთაისის მერიის ფოიეში გააპროტესტა გარემოვაჭრეთა იმ ნაწილმა, რომლის განცხადებით, ქუჩაში ვაჭრობა მისი შემოსავლის ერთადერთი წყაროა და ბაზარში მოსაკრებლის გადახდა უჭირს. რამდენიმე გარემოვაჭრე ქალაქის მერ გიორგი ჭიღვარიას შეხვდა, თუმცა მერის პოზიცია უცვლელია და, მისი გნცხადებით, გარევაჭრობა ქალაქის ქუჩებში აღარ დაიშვება. გიორგი ჭიღვარიას ინფორმაციით, ის უკვე შეხვდა ქალაქში არსებული ბაზრებისა და ბაზრობების ადმინისტრაციების წარმომადგენლებს და ისინი გარემოვაჭრეებს 3 თვით მოსაკრებლის გარეშე განათავსებენ.
Your browser doesn’t support HTML5
ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიასავე, განცხადებით, გარევაჭრობა, ქალაქის ქუჩების იერსახის დამახინჯებასთან ერთად, ანტისანიტარიას ქმნის და ქუჩებსა და ტროტუარებზე ძნელია სისუფთავის დაცვა. გარევაჭრობის შესახებ ქუთაისელ რესპონდენტთა აზრი ორად იყოფა. მათი ნაწილი ამბობს, რომ ფასის სხვაობის გამო, გარემოვაჭრეებისგან პროდუქტს ხშირად ყიდულობს. ამასთან, რესპონდენტები ფიქრობენ, რომ გარემოვაჭრეებისთვის ქუჩაში ვაჭრობა თავის გატანის ერთადერთი საშუალებაა და ხელისუფლებამ მათ, აკრძალვის პარალელურად, ალტერნატივა უნდა შესთავაზოს.
გარევაჭრობის აკრძალვას ემხრობა რესპონდენტთა მეორე ნაწილი და ამბობს, რომ განსაკუთრებით ცენტრალურ ქუჩებზე, ხალხმრავალ ადგილებში და შიდასაქალაქო ტრანსპორტის გაჩერებებთან სახელდახელოდ მოწყობილი დახლები ქვეითად მოსიარულეებს გადაადგილებას უზღუდავს და გარემო განსაკუთრებით დაბინძურებულია. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მომხმარებლებს გარევაჭრობის აკრძალვა სურთ, გასაყიდად გამოტანილი ყველის, ხილის, მწვანილის და სხვა საკვები პროდუქტის ხარისხია. ქუთაისელთა ამ ნაწილის მსგავსად, გარევაჭრობის აკრძალვას ადგილობრივ ხელისუფლებას ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად სთხოვენ ქალაქის ცენტრალურ აგრარულ ბაზარში დასაქმებულები.
გარევაჭრობა ქუთაისში ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ აიკრძალა, ბოლოს გასულ წლის აპრილში გაასუფთავეს ქალაქის ცენტრალური ქუჩები გარემოვაჭრეთა მიერ სახელდახელოდ მოწყობილი დახლებისგან, თუმცა რამდენიმე დღეში გარევაჭრობა მაინც განახლდა.