proservice.ge: რა მოხდა გუშინ, ეს კითხვა შეიძლება ღიად დარჩეს

28 ოქტომბერს, ჰაკერული შეტევის შედეგად დაზიანებული საიტები აღდგენილია. ჰოსტინგ-კომპანიის, proservice.ge-ს ფინანსური დირექტორი, რევაზ ნატროშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ კომპანიაში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ შსს-ს წარმომადგენლები.

რადიო თავისუფლება: რა მოხდა გუშინ? რატომ ვერ მოხერხდა ამ კიბერშეტევის თავიდან აცილება?

რევაზ ნატროშვილი: რა მოხდა გუშინ და რა ტიპის შეტევასთან გვქონდა საქმე, ამაზე პასუხი ჯერ არ გვაქვს. ეს მოკვლევის საგანია. ტექნიკოსები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ შსს-სთან და მათი კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებთან ერთად. წინასწარ რომ ვთქვა, ასე იყო, ისე იყო, არასწორი იქნება, რადგან სანამ არ იქნება ექსპერტიზის შეფასება, მანამდე ვერაფერს ვიტყვით.ფაქტია, რომ ამ მასშტაბის კიბერშეტევა ჩვენს სერვერზე არასდროს განხორციელებულა.

რადიო თავისუფლება: ის მაინც თუ გამოიკვეთა, რომელი ქვეყნიდან შეიძლებოდა განხორციელებულიყო კიბერშეტევა?

რევაზ ნატროშვილი: ამ ეტაპზე, ვერც ამ კითხვაზე მექნება პასუხი. მაგალითად, შესაძლოა ჰაკერი იჯდეს საქართველოში, მაგრამ შემოვიდეს ამერიკული ან ევროპული IP მისამართით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამოძიებას ამის დადგენა შეუძლია, თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ ეს კითხვა ღიად დარჩეს.

რადიო თავისუფლება: ჯამში რამდენი საიტი გაითიშა გუშინ?

რევაზ ნატროშვილი: ზუსტ რაოდენობას, ვერ გეტყვით, სავარაუდოდ, რამდენიმე ასეული. ჩვენ 300-მდე წერილობითი და სატელეფონო განცხადება დავარეგისტრირეთ, თუმცა, გათიშული საიტების რიცხვი გაცილებით დიდი იყო. მთელი დღის განმავლობაში არ წყდებოდა სატელეფონო ზარები. ბევრი აბონენტი, სავარაუდოდ, ვერც კი დაგვიკავშირდა. თუმცა, ამ ეტაპზე, ყველა საიტი სტანდარტულ რეჟიმში მუშაობს.

რადიო თავისუფლება: ხომ არ დააზიანა კიბერშეტევამ საიტები და იქ დაცული ინფორმაცია?

რევაზ ნატროშვილი: არა, ყველა საიტი სრულად არის აღდგენილი. ჩვენს სერვერზე არ არის განთავსებული ისეთი ვებსაიტები, საიდანაც შეიძლება დაიკარგოს ადამიანების პირადი ინფორმაცია ან ფინანსური მონაცემები. ჩვენს სერვერებზე ძირითადად განთავსებულია მედიასაშუალებების საიტები, სხვადასხვა კომპანიის საიტები, სამთავრობო სტრუქტურების საიტები. თუმცა, ცხადია, ეს არ გვაძლევს მოდუნების უფლებას.

რადიო თავისუფლება: რამდენად არის დაცული თქვენი სერვერი მსგავსი შემოტევებისგან და რამდენად ხშირად ხდება ის ჰაკერული შემოტევების მსხვერპლი?

რევაზ ნატროშვილი: სამწუხაროდ, ჰაკერული შემოტევები ხშირად, მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც ხორციელდება, თუმცა, ჩვენი ტექნიკური ჯგუფი და პროგრამისტები ამ პრობლემას ისე აგვარებენ, რომ ამის შესახებ აბონენტების 99% ვერც კი იგებს. ის, რაც გუშინ მოხდა, მსგავსი ტიპის მასშტაბური შეტევა, ფაქტობრივად, არ განხორციელებულა. ჩვენ ვიყენებთ ყველა იმ ლიცენზირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც არის მსოფლიოში აპრობირებული და იყენებს მსოფლიოს ყველა ჰოსტინგ-პროვაიდერი. გვაქვს უახლესი სერვერები, უახლესი მონაცემთა ბაზა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს საუკეთესოდ დაცული სერვერი, თუმცა, სამწუხაროდ, 100%-ით არავინ არის დაზღვეული ჰაკერული შეტევისგან. ხაზი მინდა გავუსვა, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ პასუხისმგებლობა ავირიდო თავიდან. რაც არ უნდა ძლიერი დაცვის მექანიზმი დადგა ან ძლიერი სპეციალისტები დასვა, ყოველთვის მოიძებნება ვინმე, რომელიც მაინც იპოვის ხვრელს. ამას მსოფლიო პრაქტიკაც აჩვენებს, სამწუხაროდ. არის შემთხვევები, როდესაც ევროპული სერვერები 24 საათის განმავლობაში გათიშულა ჰაკერული შეტევის შედეგად.