არჩილ კბილაშვილი განტევების ვაცის როლში?

იმის გამო, რომ მთავარი პროკურატურა პრაქტიკულად არ ფლობს ვლადიმერ ბედუკაძის საქმის ხელახლა გადახედვის ბერკეტებს, გაუგებარია, თუ რას ემსახურება პრემიერ-მინისტრის მიერ 8 ივლისს გამოქვეყნებული წერილი, რომელშიც სწორედ საქმის გადახედვის მოწოდებას ვხვდებით. ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური სვლა ამ შემთხვევაში პირადად არჩილ კბილაშვილის წინააღმდეგ არის მიმართული. როგორ აფასებენ საქართველოში ციხის სკანდალის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირის გათავისუფლებას და აღმოჩნდება თუ არა ამჟამინდელი მთავარი პროკურორი განტევების ვაცის როლში?

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან ვლადიმერ ბედუკაძის გათავისუფლების შუამდგომლობით მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს კანონი არ დაურღვევია. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლი მას უფლებას აძლევს, რომ განსაკუთრებულ შემთხვევაში სასამართლოს შუამდგომლობით მიმართოს და ბრალდებულის სასჯელისაგან გათავისუფლება მოითხოვოს. სწორედ ამგვარი შუამდგომლობის საფუძველზე გაათავისუფლა თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 ივნისს ვლადიმერ ბედუკაძე, გლდანის მე-8 საპყრობილის ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გამოამზეურა. ბედუკაძეს არასდროს დაუმალავს, რომ მასალის ნაწილი თავად მისი გადაღებული იყო. სასამართლომ მთავარი პროკურორის შუამდგომლობა გაითვალისწინა, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში იკვეთებოდა ვლადიმერ ბედუკაძის დადანაშაულების საფუძველი ადამიანთა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამო.

მთავარი პროკურატურის განმარტებით, ბედუკაძე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან იმიტომ გათავისუფლდა, რომ მან ხელი შეუწყო „სისტემური დანაშაულის“ გამოვლენას. „მხედველობაში მიღებული იქნა ის, რომ ვლადიმერ ბედუკაძის მიერ დანაშაულის ჩადენის დადგენა შესაძლებელი გახდა მხოლოდ მის მიერ წარმოდგენილი ვიდეომასალის საფუძველზე, რომლის გარეშეც ვერც ვლადიმერ ბედუკაძისა და ვერც სხვა პირთა მიერ დანაშაულის ჩადენა ვერ დადგინდებოდა. ამ ვიდეომასალის წარმოდგენით ვლადიმერ ბედუკაძემ საფრთხეში ჩააგდო არა მარტო საკუთარი სამსახურებრივი კარიერა, არამედ საკუთარი უსაფრთხოებაც, რის გამოც იგი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. საფრთხე შეექმნა ვლადიმერ ბედუკაძის ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, - ვკითხულობთ მთავარი პროკურატურის 19 ივნისის განცხადებაში.

მინდა, ვთხოვო საქართველოს მთავარ პროკურორს, რომელიც, სასამართლოსგან განსხვავებით, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია და ამიტომ შემიძლია მას პირადად მივმართო, კიდევ ერთხელ კრიტიკულად გადახედოს მიღებულ გადაწყვეტილებებს...
ბიძინა ივანიშვილი
ვლადიმერ ბედუკაძის გათავისუფლების ფაქტს საქართველოში ბევრი იმთავითვე მწვავე კრიტიკით შეხვდა. ხელისუფლების ოპონენტებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ბედუკაძის გათავისუფლებამ უკმაყოფილო დატოვა ”ქართული ოცნების” ზოგიერთი წარმომადგენელი და, მაგალითად, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, დეპუტატი თინა ხიდაშელი. ხმამაღალი პროტესტი გამოთქვეს არასამთავრობო სექტორისა თუ მედიის წარმომადგენლებმა. 8 ივლისს კი საკითხისადმი თავისი უარყოფითი დამოკიდებულება თავად პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გამოხატა. საგანგებოდ გამოქვეყნებულ წერილში ის აღნიშნავს, რომ არ იზიარებს მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებას და თვლის, რომ ”არანაირი სახის განსაკუთრებული გარემოება არ შეიძლება იყოს საფუძველი წამების ჩამდენი პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლებისათვის”.

”მინდა, ვთხოვო საქართველოს მთავარ პროკურორს, რომელიც, სასამართლოსგან განსხვავებით, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია და ამიტომ შემიძლია მას პირადად მივმართო, კიდევ ერთხელ კრიტიკულად გადახედოს მიღებულ გადაწყვეტილებებს და თუკი გაიზიარებს ჩემს მოსაზრებებს, იქნებ გამოინახოს სამართლებრივი საშუალებები მათი გადასინჯვისთვის", - აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის 8 ივლისს გამოქვეყნებულ მიმართვაში.

ახლა ცდილობენ, ალბათ, რომ მთავარ პროკურორს გადააბრალონ, თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობა მას აჰკიდონ. საერთაშორისო და ადგილობრივ საზოგადოებაში გამოწვეული უკმაყოფილება დაკომპენსირდება, სავარაუდოდ, იმით, რომ ეს ნაბიჯი მთავარი პროკურორის თანამდებობას შეიწირავს...
ოთარ კახიძე
რადგანაც წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა ადამიანის უფლებების იმპერატიულ აკრძალვად მიიჩნევა, მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა შეკითხვებს უჩენს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს. მინისტრი ეთანხმება პრემიერ-მინისტრს და თვლის, რომ ბედუკაძის საქმე ხელახლა უნდა გადაიხედოს. აქვე გავიხსენოთ, რომ "პროკურატურის შესახებ" კანონში ბოლოს შეტანილი ცვლილებებით, პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში რჩება, მაგრამ საპროკურორო ფუნქცია მთლიანად მთავარ პროკურატურაზე გადავიდა.

როგორც რადიო თავისუფლებას უწყებაში განუმარტეს, მთავარი პროკურორი პრემიერ-მინისტრის მოწოდებას სამშაბათს პრესკონფერენციაზე უპასუხებს. მანამდე კი, იურისტები დარწმუნებით აცხადებენ, რომ არჩილ კბილაშვილი ბედუკაძის საქმის ხელახლა გადახედვის სამართლებრივ საფუძვლებს ვერ გამონახავს, რადგანაც ასეთ მექანიზმებს არ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა. როგორც საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელი ოთარ კახიძე ვარაუდობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, არჩილ კბილაშვილი განტევების ვაცის როლში აღმოჩნდება:

”ახლა ცდილობენ, ალბათ, რომ მთავარ პროკურორს გადააბრალონ, თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობა მას აჰკიდონ. საერთაშორისო და ადგილობრივ საზოგადოებაში გამოწვეული უკმაყოფილება დაკომპენსირდება, სავარაუდოდ, იმით, რომ ეს ნაბიჯი მთავარი პროკურორის თანამდებობას შეიწირავს. კბილაშვილი, ჩემი ვარაუდით, ალბათ, თავად დაწერს განცხადებას წასვლაზე”.

ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის მიმართვა ადეკვატური და სწორია და თანაც ეს ერთგვარად ორი კურდღლის დაჭერის მცდელობაც არის, რადგანაც , ანალიტიკოსის აზრით,”ქართული ოცნება” უკმაყოფილოა არჩილ კბილაშვილის უწყების მუშაობით, თუნდაც გახმაურებული საქმეების არასათანადოდ გამოძიებისა თუ ძველი კადრების შენარჩუნების გამო. სხვათა შორის, 3 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე, როცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლების საქმეზე ლაპარაკობდა, ბიძინა ივანიშვილმა ამჟამინდელ პროკურატურას ”სუსტი” უწოდა.

მთავარი პროკურატურის სისტემაში აღმოჩენილ დარღვევებსა და სისუსტეებზე, მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილ ფაქტებზე დაყრდნობით, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაურიც ლაპარაკობს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მისი აზრით, პროკურატურაში კვალიფიციური კადრების მწვავე დეფიციტია. მაგრამ ეკა გიგაური უსამართლოდ მიიჩნევს, თუკი პროკურატურის პრობლემები მხოლოდ არჩილ კბილაშვილის სათვალავზე აღირიცხება.

უფლებადამცველ ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილისთვის არ იქნება მოსაწონი, თუკი არჩილ კბილაშვილი თანამდებობას დატოვებს, რადგანაც, მისი თქმით, მთავარმა პროკურორმა სრულიად ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო ვლადიმერ ბედუკაძესთან დაკავშირებით. ნიკოლაიშვილი ფიქრობს, რომ ზოგიერთი თანაგუნდელის მიერ წაქეზებულმა პრემიერ-მინისტრმა ბედუკაძესთან მიმართებით რეალობა არ გაითვალისწინა:

”ის პლუსები და მინუსები, რაც ამ საქმეს ახლავს, ბედუკაძის საქმეს ახლავს, უნდა აიწონოს სათანადოდ და პლუსები გადაწონის. მე არ ვამბობ, რომ ბედუკაძე ანგელოზია და ბედუკაძე გმირია, მაგრამ მან მოახერხა მაინც შედარებით სუფთა დარჩენილიყო და, რაც მთავარია, მოახერხა, რომ ემხილებინა სადისტური რეჟიმი და ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს სჭირდება გათვალისწინება”.

აზრთა სხვადასხვაობის ფონზე, ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია თავად ვლადიმერ ბედუკაძეს, რომელმაც, თავის დროზე, სასამართლოსთან შუამდგომლობისთვის მთავარ პროკურორს ძალიან დიდი მადლობა გადაუხადა და ივარაუდა, რომ არჩილ კბილაშვილი ამის გამო მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდებოდა.