პროფკავშირი მთავრობას აფრთხილებს

შეხვედრა გაერთიანებულ პროფკავშირებში

2017 წლის 1 იანვრიდან საქართველოს მთავრობა აპირებს, ბიუჯეტის კანონის შესაბამისად, 10 პროცენტით შეამციროს სახელმწიფო სტრუქტურების ადმინისტრაციული ხარჯები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს დასაქმებულთა რაოდენობისა და შრომის ანაზღაურების შემცირება. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მოუწოდებს მთავრობას საბიუჯეტო სახსრების შემცირებისას არ მიმართოს შტატების ოპტიმიზაციის პრაქტიკას და თავი აარიდოს თანამშრომელთა მასობრივ შემცირებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სახელმწიფო დაწესებულებები საბიუჯეტო სახსრებს შეამცირებენ ათი პროცენტით, რათა დროულად იქნეს დაძლეული არსებული ეკონომიკური კრიზისი და შეჩერდეს ლარის კურსის ვარდნა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საბიუჯეტო სახსრების შემცირება, პირველ რიგში, შეეხება საჯარო დაწესებულებების ადმინისტრაციულ ხარჯებს, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, გაბერილი და არაფრის მომცემია:

Your browser doesn’t support HTML5

პროფკავშირი მთავრობას აფრთხილებს

„ჩვენ გვაქვს უამრავი რესურსი ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების, მაგალითად, არ არის აუცილებელი მეათეხარისხოვან კონფერენციებზე ნახევარი სამინისტროების დასწრება და კიდევ ბევრი ხარჯი, რომელიც შეიძლება, რომ ყველანაირი მტკივნეული გადაწყვეტილების გარეშე მივიღოთ და, სხვათა შორის, იმის გარეშე, რომ, პროპორციულად, ათი პროცენტით ადამიანები შევამციროთ“.

ზოგან უკვე დაიწყო ეს პროცესი, მაგალითად, ინფრასტრუქტურის სამინისტროში უკვე გაფრთხილებულია ყველა თანამშრომელი. მოგვივიდა ინფორმაცია, რომ ოზურგეთის გამგეობაშიც გააფრთხილეს თანამშრომლები და უთხრეს, რომ მოსალოდნელია შტატების შემცირება...
ნუგზარ ჭინჭარაული

თუმცა, როგორც ირკვევა, სამინისტროები და სახელმწიფო უწყებები მაინც აპირებენ შტატების ოპტიმიზაციას, ანუ თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნას. ზოგიერთმა მინისტრმა (მაგალითად გარემოს დაცვის მინისტრმა) ღიად განაცხადა, რომ აპირებს ფინანსური და ადამიანური რესურსების ათპროცენტიან შემცირებას, რასაც ღიად ეწინააღმდეგება საჯარო მომსახურეთა პროფესიული კავშირი, რომლის თავმჯდომარის, ნუგზარ ჭინჭარაულის, თქმით, ოპტიმიზაცია უნდა მოხდეს ძვირად ღირებული ავტომობილების, ფეშენებელური ოფისების, მივლინებების, დანამატებისა და პრემიების შემცირების ხარჯზე.

„ინდივიდუალურად კი შესაძლებელია თითოეული დაწესებულების დონეზე გავიაროთ და ამასთან დაკავშირებით რაღაც კონკრეტული ღონისძიებები მივიღოთ და არა მასიურად გამოვაცხადოთ და მოწმენდილ ცაზე კონკურსით დანიშნული ხალხი არ გავუშვათ სამსახურიდან ქუჩაში და არ დავამძიმოთ ისედაც მძიმე ფონი. ზოგან უკვე დაიწყო ეს პროცესი, მაგალითად, ინფრასტრუქტურის სამინისტროში უკვე გაფრთხილებულია ყველა თანამშრომელი. მოგვივიდა ინფორმაცია, რომ ოზურგეთის გამგეობაშიც გააფრთხილეს თანამშრომლები და უთხრეს, რომ მოსალოდნელია შტატების შემცირება“, უთხრა რადიო თავისუფლებას ნუგზარ ჭინჭარაულმა.

მისი თქმით, საგულისხმოა ისიც, რომ ასეთი მასშტაბის საშტატო ოპტიმიზაციის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს, რადგან ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული სამთავრობო ხარჯების 50-მილიონიანი კლება (წინა წელთან შედარებით) არანაირად არ მოითხოვს ხარჯების 10 პროცენტით შემცირებას:

„ამ დოზით და ამ დონით შემცირების აუცილებლობა არ არის. ბიუჯეტის პარამეტრები გვეუბნება, რომ შემცირების მოცულობა არის 50 მილიონი ლარი, ანუ გამოდის 3,5 პროცენტი. ეს იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია ეკონომია გავაკეთოთ არა ადამიანების განთავისუფლების ხარჯზე, არამედ იმ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების ხარჯზე, რომლის რესურსი არსებობს“.

პროფკავშირები გამოსავლის სახით შესაძლებლად მიიჩნევს, ასევე, ხელფასების დროებით შემცირებას სამართლიანობის კრიტერიუმების მკაცრი დაცვით. პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის, თქმით, ყველაზე ცუდი ის არის, რომ დამსაქმებელი დასაქმებულის ბედს წყვეტს დიალოგის გარეშე.

ირაკლი პეტრიაშვილი

„არ ყოფილა დიალოგი და კონსულტაცია, გამოვიდნენ პირდაპირ და თქვეს, ასე უნდა იყოს. მე მგონი, საქართველოს მოსახლეობამ, დაახლოებით, 25 წლის წინ თქვა უარი, როცა მის ნათელსა და ბედნიერ მომავალზე გადაწყვეტილებას იღებდა სამი-ოთხი კაცი მოსკოვში. დემოკრატიული პროცესები ნიშნავს იმას, რომ ამ პროცესის მონაწილე პირები იყვნენ ჩართული და კონსენსუსისა და კონსულტაციების გზით იქნეს მიღებული გადაწყვეტილებები. ეს პროცესი ქმნის სერიოზულ რისკებსა და საფრთხეებს. ამ საჯარო მოხელეების პროფესიულ გაზრდასა და მომზადებაში ჩვენი ფულია გადახდილი და ამ ხალხის გაშვება ქუჩაში ამის გამოც არის პრობლემა, რომ არაფერი ვთქვათ ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ ფონზე“, უთხრა ირაკლი პეტრიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ კი მიაჩნიათ, რომ ყველა ცალკეულ შემთხვევაში საჭიროა შტატების შემცირების არგუმენტირებული დასაბუთება. ასოციაციის წარმომადგენელ ნინო ცუხიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია შემცირება არ განხორციელდეს ქაოსურად, ერთიანი მიდგომის გარეშე. შესაბამისად, საშურია იყოს მჭიდრო კოორდინაცია საჯარო სამსახურის ბიუროსთან. და კიდევ:

„მოხდეს შტატების შემცირება ფუნქციებთან კავშირში და არა კონკრეტული პირების შემცირება. ამით თავიდან ავიცილებთ პოლიტიკური ან სხვა ნიშნით დისკრიმინაციის შესაძლებლობას. ასევე არავინ არ უნდა მოსთხოვოს თანამშრომლებს განცხადების დაწერა სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით“.

ნინო ცუხიშვილი შეახსენებს მთავრობის წევრებს, რომ პირადი განცხადების დაწერის იძულება სისხლის სამართლის დანაშაულია. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და გაერთიანებული პროფკავშირები მოუწოდებენ მთავრობას, უარი თქვას შტატების დაუსაბუთებელ ოპტიმიზაციაზე, შემცირების შემთხვევაში კი დაცული იქნეს საჯაროობა და გამჭვირვალობა, რათა დაინტერესებული მხარეებისთვის წინასწარ იქნეს ცნობილი რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის გეგმა. პროფკავშირებში იმედოვნებენ, რომ საქმე სასამართლომდე და საპროტესტო აქციებამდე არ მივა.