პროფესიის დაუფლების მსურველთათვის რეგისტრაცია მიმდინარეობს

ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით პროფესიის დაუფლების მსურველთათვის რეგისტრაცია 10 აპრილს დაიწყო და 22-მდე გასტანს. საქართველოში პროფესიულ განათლებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს და სხვადასხვა მიმართულებით პროფესიის დაუფლების შესაძლებლობა მოქალაქეებს ქვეყნის ყველა რეგიონში აქვთ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით განხორციელდება რამდენიმე ახალი საგანმანათლებლო პროგრამა, მათ შორის, ელექტროობა, სარესტორნო საქმე, სასტუმრო მომსახურება, საგზაო მშენებლობა, კულინარია, მეხილეობა, რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობა და რკინიგზის მონიტორინგი, რომელთაც პარტნიორ დამსაქმებლებთან ერთად განახორციელებენ კოლეჯები.

გიორგი ჩხაიძე აბიტურიენტია, იგი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ემზადება და სურს უმაღლესი განათლება უნივერსიტეტში მიიღოს. გიორგი მიიჩნევს, რომ პროფესიული განათლების მიღება ახალგაზრდებს სხვადასხვა მიზეზით არ სურთ, მათ შორის იმის გამო, რომ პროფესიული ცოდნის გამოყენება ფიზიკურ შრომასთან ასოცირდება.

ახალგაზრდების ნაწილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ უნივერსიტეტში სწავლას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის ისიც, რომ ხშირად ოჯახის წევრები ითხოვენ ამას. რესპონდენტთა ნაწილი ამბობს ასევე, რომ ურჩევნია ისეთი პროფესია შეიძინოს, რომლითაც აუცილებლად დასაქმდება.

რადიო თავისუფლების რესპონდენტთა ნაწილი სკეპტიკურად აფასებს პროფესიული განათლების მიღების შემდეგ დასაქმების შესაძლებლობებს და ამბობს, რომ სამუშაო ადგილების სიმცირის გამოა პროფესიული განათლება არაპოპულარული.

როგორც სტატისტიკური მონაცემებით ირკვევა, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რიცხვი უმაღლესი განათლების მიმღებთა რაოდენობის თითქმის მეოთხედია. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში უმაღლესი განათლების მისაღებად 40 ათასამდე აბიტურიენტი აბარებს ეროვნულ გამოცდებს, 2014 წლის შემდეგ კი საჯარო პროფესიულ სასწავლებლებში განათლების მიღების მსურველთა რიცხვი 10 ათასს აღწევს. მსურველებს რეგისტრაციის გავლა პირადობის მოწმობით შეუძლიათ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში, შესაძლებელია ასევე ელექტრონულად დარეგისტრირება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პორტალზე.