მოქალაქეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ზუგდიდში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა არ იყო სახალხო

ზუგდიდი

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების ნაწილი მიიჩნევს, რომ ზუგდიდში გამართულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვას მხოლოდ ფორმალურად ერქვა საყოველთაო-სახალხო განხილვა.

ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია „საუნჯეში“ აცხადებენ, რომ დარბაზში, სადაც შედგა შეხვედრა, მეტწილად საჯარო მოხელეები და მმართველი გუნდის მხარდამჭერები იყვნენ მობილიზებული, რის გამოც მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა დასწრება ვერ მოახერხა. ორგანიზაციის წარმომადგენელ ეგნატე შამუგიას თქმით, კითხვის დასმისას გარკვეული ბარიერები იყო შიგნით დარბაზშიც:

„ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ისეთ ფაქტებს, რომ მოქალაქეებისთვის შეეზღუდათ ის საშუალებები, რითაც შეძლებდნენ შეკითხვის დასმას. ამ შემთხვევაში ეს ეხება გამგეობის თუ საკრებულოს თანამშრომლებს, რომლებიც მედგრად იცავდნენ მიკროფონს“.

ეგნატე შამუგიას სიტყვებით, მიუხედავად ამისა, თავად შეკითხვის დასმა საკმაოდ გვიან, რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, მაინც მოახერხა. შეკითხვა, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პარალელურად, ეხებოდა თვითმმართველობებში მოსალოდნელ ცვლილებებს, კერძოდ, გაუუქმდება თუ არა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ზუგდიდს. ეგნატე შამუგიას გარდა, ეს შეკითხვა კიდევ რამდენიმე მოქალაქემ დასვა და შეხვედრის ერთ-ერთ აქტუალურ საკითხად იქცა. ამ კითხვების ავტორებს პირდაპირი პასუხი პარლამენტის თავმჯდომარისგან არ მიუღიათ. ირაკლი კობახიძის განმარტებით, მთავრობა ამზადებს წინადადებებს და მათ უნდა მოუსმინონ. სწორედ ამის შემდეგ ექნება მას საშუალება კითხვას კონკრეტულად უპასუხოს.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვას ზუგდიდში არ დასწრებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ოპოზიციური პარტიის ერთადერთმა წევრმა, რომელიც დარბაზში იმყოფებოდა, მაია კალანდიამ, შეხვედრას კარგად გათამაშებული სპექტაკლი უწოდა და პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის პოლიტიკური მდივნის, თეიმურაზ ბასილაიას, განცხადებით, „ქართული ოცნება“ დაემსგავსა კომუნისტურ პარტიას, რისი დადასტურებაც იყო საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე მხოლოდ საჯარო მოხელეებისა და აქტივისტების ყოფნა.

„არავითარი მოსმენა, არავითარი განხილვა ეს არ იყო. ეს იყო დემონსტრირება მათი ძალაუფლების, რითაც მათ დაამტკიცეს, რომ მოახდინეს ხელისუფლების სრული უზურპაცია. ცდილობენ საზოგადოებას თავს მოახვიონ მხოლოდ ის კანონები, რაც „ქართულ ოცნებას“ აწყობს“, - განაცხადა თეიმურაზ ბასილაიამ.

მოქალაქეთა ნაწილი, რომელიც განხილვის პროცესს დარბაზში ადგილის უქონლობის გამო ვერ დაესწრო, მის დასრულებას გარეთ ელოდებოდა. მათ შორის იყვნენ ისეთები, ვისაც, უმრავლესობის წევრებისთვის შეკითხვების დასმის პარალელურად, საკუთარი პრობლემების გაზიარება სურდა:

„ეკა ბესელიასთან მინდოდა შეხვედრა. სისხლის სამართლის საქმეა, დაზარალებული ვარ და ამაზე მინდოდა მისი ნახვა, მაგრამ ვინ შემიშვა“;

„ვერ შევედი, სად იყო ადგილი?!. შეკითხვებს იქ ადგილზე დავუსვამდი, საქმე გვიჩვენებდა, მაგრამ ვერ შევედი“;

„ათის ნახევრიდან ადგილზე ვიყავით საკმაო ჯგუფი, ვინც დაინტერესებული ვიყავით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით. ჩვენი მიზანი იყო მოგვესმინა როგორც პოზიციის, ასევე ოპოზიციის მხრიდან წარმოთქმული აზრები ცვლილებებთან დაკავშირებით, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ, რადგან ხელისუფლებამ შეძლო სიების მიხედვით რეგიონიდან ჩამოყვანილი საჯარო მოხელეების განთავსება“, - განაცხადეს მოქალაქეებმა, რომლებმაც ვერ მოახერხეს განხილვაში მონაწილეობის მიღება.

უკმაყოფილო მოქალაქეების ბრალდებებზე კომენტარი შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის სიტყვებით, რამდენიმე ასეული ადამიანი იმყოფებოდა დარბაზში და, ვინც რა უნდა თქვას, ყველა ხედავდა, რომ ყველანაირი აზრი იყო წარმოდგენილი.