ლარის კურსის ვარდნას ქვეყანაში ჯერ პროდუქტების, ხოლო შემდეგ საწვავის გაძვირება მოჰყვა – სწორედ ეს ფაქტი მოჰყავთ ახალციხის ავტოსადგურში საქალაქთაშორისო მიკროავტობუსის მძღოლებს მგზავრობის გაძვირების მიზეზად. რატომ გახდა მგზავრობის ღირებულება თბილისამდე ათი ლარი და რა პროგნოზებს აკეთებენ ფინანსისტები?
Your browser doesn’t support HTML5
გაზრდილი ფასები ახალციხეში
- ახალციხე-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ფასი სამი ლარით გაიზარდა.
- სამცხეში განსაკუთრებით გაძვირებულია ხილ-ბოსტნეული.
- ადგილობრივები პროდუქტის კიდევ უფრო გაძვირებას ელიან.
ლარის კურსის ვარდნა პროდუქტის ფასებზე უკვე აისახა. სამცხეში განსაკუთრებით გაძვირებულია ხილ-ბოსტნეული. ახალციხის ბაზრის – ალფა-მარკეტის - მოვაჭრეები ამბობენ, რომ სხვა პროდუქტების ფასის მომატების გამო, სოფლის მოსახლეობამ მოწეული მოსავლის ფასი ასწია და, შესაბამისად, სოფლის ნაწარმის აღება მოვაჭრეებს უკვე მომატებული ფასით უწევთ. რაც შეეხება სურსათის მაღაზიებს, ლარის კურსის ვარდნის გამო იმპორტირებული პროდუქცია აქაც გაძვირდა, მყიდველი კი შემცირდა.
ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ და საწვავზე ფასის მომატებამ მგზავრობაც გააძვირა. ახალციხე-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ფასი სამი ლარით გაიზარდა. უკვე ერთი კვირაა, მგზავრები 7 ლარის ნაცვლად დედაქალაქში ჩასასვლელად ათ ლარს იხდიან.
მგზავრობა ბევრი მიზეზის გამო გაძვირდა, თუმცა, მძღოლების მტკიცებით, მიღებული გადაწყვეტილება, საბოლოოდ, ლარის კურსის გაუფასურებამ და საწვავის გაძვირებამ განაპირობა. სამარშრუტო ტაქსის მძღოლები ახალ ტარიფს მინიმალურად მიიჩნევენ და არ გამორიცხავენ, რომ მომავალში მგზავრობის ფასმა კიდევ უფრო მოიმატოს.
მგზავრობის ფასის მატების მიზეზებზე შპს "ჯეოტივის“ დირექტორი ლაპარაკობს. ნუგზარ მამუკაშვილი იმ გამოწვევებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მძღოლებს დღის განმავლობაში ხვდებათ.
საკვები პროდუქტები და მედიკამენტები – მოქალაქეები ყველაზე მტკივნეულად აუცილებელი საჭიროებების გაძვირებას განიცდიან. წარსულის გათვალისწინებით, ადგილობრივები ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან ერთად პროდუქტის კიდევ უფრო გაძვირებას ელიან. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში იმპორტირებული პროდუქტის გაძვირებას პროგნოზირებს. როინ თათეშვილი ფიქრობს, რომ წინასაარჩევნოდ დახარჯულმა თანხამ ლარის კურსის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია.
"ქვეყანაში რეალური ეკონომიკა არ არსებობს; შესაბამისად, უახლოეს მომავალში კურსის დასტაბილურებას არ უნდა ველოდოთ", – განმარტავს ფინანსისტი და ეჭვობს, რომ წლის ბოლომდე სავარაუდო ცვლილების გამო, შესაძლოა, ლარი კიდევ უფრო გაუფასურდეს. ფინანსისტ კობა სანდროშვილის აზრით, ქვეყანაში არსებული ვითარება არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის ბრალია.
ეკონომისტები და ფინანსისტები ახლო მომავალში საიმედო პროგნოზს ვერ აკეთებენ. კობა სანდროშვილი ფიქრობს, რომ წლის ბოლომდე გარკვეული ცვლილებები მოხდება და ლარი კიდევ გაუფასურდება, როინ თათეშვილი კი იმედოვნებს, რომ მომავალი წლიდან ეროვნული ვალუტა გამყარებას დაიწყებს, რადგან ცვლილებები ქვეყნის ეკონომიკის პრობლემებთან არ არის დაკავშირებული.