განვლილი წლის განმავლობაშიც გრძელდებოდა ის, რაც მთელი ათწლეულია ხდება მსოფლიოში: მდგომარეობის გაუარესება ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ. ამ სამწუხარო ტენდენციას ასახავს, მაგალითად, უფლებადამცველ ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშები, მათ შორის, ანგარიში, რომელიც 4 აპრილს გამოქვეყნდა: „სახელმწიფოები გარდამავალ პერიოდში 2017“.
Your browser doesn’t support HTML5
ანგარიში ასახავს ვითარებას 29 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში და გვთავაზობს დასკვნას, რომ განვლილ წელს 29 ქვეყნიდან 18-ში გაუარესდა მდგომარეობა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ. საბედნიეროდ, ეს ტენდენცია არ შეხებია საქართველოს, თუმცა „ფრიდომ ჰაუსი“ საქართველოში ვერც წინსვლას ხედავს.
საქართველო, დემოკრატიის განვითარების კუთხით, მე-17 ადგილზეა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთისა და ევრაზიის 29 ქვეყანას შორის.
საქართველო, დემოკრატიის განვითარების კუთხით, მე-17 ადგილზეა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთისა და ევრაზიის 29 ქვეყანას შორის. პირველი ადგილი ეკუთვნის ესტონეთს, ბოლო - უზბეკეთს ანგარიშში „სახელმწიფოები გარდამავალ პერიოდში 2017“. „ფრიდომ ჰაუსი“ 4,61 ქულით აფასებს საქართველოში დემოკრატიის განვითარების დონეს - ზუსტად ისევე, როგორც შარშან. ქულა განისაზღვრება რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით: ესენია დემოკრატიული მმართველობა, საარჩევნო პროცესი, სამოქალაქო საზოგადოება, მედიისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ადგილობრივი მმართველობის ხარისხი, კორუფცია. საუკეთესო შეფასებაა 1, ყველაზე ცუდი კი - 7 ქულა.
თავისი 4.61 ქულით, საქართველო რჩება „გარდამავალი, ანუ ჰიბრიდული, რეჟიმების“ ჯგუფში.
ვაშინგტონში, სადაც „ფრიდომ ჰაუსის“ სათავო ოფისია განთავსებული, დავურეკეთ პროექტის „ სახელმწიფოები გარდამავალ პერიოდში“ დირექტორს, ნეიტ შენკანს.
„საქართველოს რაფ შეეხება, მისი ქულა არ შეცვლილა ამ ანგარიშში ასახულ წელს - 2016 წლის იანვრიდან 31 დეკემბრამდე. ამავე დროს უნდა ითქვას, რომ 2016 წელი საქართველოში მნიშვნელოვანი მოვლენებით გამოირჩეოდა საპარლამენტო არჩევნებისა და მისი, მართლაც, გასაოცარი შედეგების გამო. „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა, რასაც მოჰყვება გარკვეული პოლიტიკური შედეგები, რომლებმაც, შესაძლოა, საქართველოს ტრაექტორია შეცვალოს. ინტერესით მოველით, რას აპირებს „ქართული ოცნების“ ეს გიგანტური უმრავლესობა, როგორ აპირებს ქვეყნის მართვას“, - ამბობს ნეიტ შენკანი.
4 აპრილს გამოქვეყნებული ანგარიში „სახელმწიფოები გარდამავალ პერიოდში“ არ შეიცავს კონკრეტული ქვეყნებისადმი მიძღვნილ ქვეთავებს, ე.წ. პროფილებს. ნეიტ შენკანი განმარტავს, რომ ტექსტები მზადდება და დაახლოებით ერთ თვეში გამოქვეყნდება. მაგრამ, როგორც ითქვა, ცნობილია 29 ქვეყნისათვის მიჩენილი ქულები და, შესაბამისად, რომელი ქვეყანა რომელ ჯგუფს მიეკუთვნება „ფრიდომ ჰაუსის“ ამ ანგარიშში.
„კონსოლიდირებულ დემოკრატიებად“ ითვლებიან, მაგალითად, ესტონეთი, ლატვია პოლონეთი, ჩეხეთი, „ნახევრად კონსოლიდირებულ დემოკრატიებად“ - უნგრეთი, რუმინეთი, სერბია. მათ მოჰყვება ჯგუფი, სახელწოდებით „გარდამავალი, ანუ ჰიბრიდული, რეჟიმები“, რომლებსაც მიეკუთვნება საქართველო - ისევე როგორც წინა წლებში. ამავე ჯგუფში შედიან ალბანეთი, მაკედონია, ბოსნია ჰერცეგოვინა, უკრაინა, მოლდავეთი და კოსოვო.
ეს არის რეჟიმები, რომლებიც არც ნახევრად კონსოლიდირებულ დემოკრატიას მიეკუთვნება და არც ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმებს.ნეიტ შენკანი
„ეს არის რეჟიმები, რომლებიც, ჩვენი შეფასებით, არც ნახევრად კონსოლიდირებულ დემოკრატიას მიეკუთვნება და არც ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმებს. ისინი ერთგვარი ნარევია - სხვადასხვა ტიპის რეჟიმების მახასიათებლებს ატარებს. მათში არსებობს გარკვეული პოლიტიკური კონკურენცია, პოლიტიკური პლურალიზმი, პლურალიზმი მედიის სფეროში, სამოქალაქო საზოგადოებაში, მაგრამ, ამავე დროს, არსებობს შეზღუდვები, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პროცესის გარკვეული მანიპულაცია“ - ასე განმარტავს ნეიტ შენკანი „გარდამავალ, ანუ ჰიბრიდულ, რეჟიმებს“, რომელთაც საქართველოსაც მიაკუთვნებენ. მეზობელი სომხეთი „ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად“ ითვლება, მეზობელი აზერბაიჯანი და რუსეთი „კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმები“ არიან, ისევე როგორც შუა აზიის ქვეყნების უმრავლესობა.
პირველად მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ შეუდგა პოსტკომუნისტურ ქვეყნებზე საგანგებო წლიური ანგარიშების მომზადებას, - ეს კი 1995 წლიდან ხდება, - „კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმების“ რიცხვი მეტია, ვიდრე „კონსოლიდირებული დემოკრატიების“.
8:7 - ასეთია 2016 წლის სამწუხარო ანგარიში ავტორიტარული რეჟიმების სასარგებლოდ.
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დამოკრატიის მაჩვენებლები ყველაზე მკვეთრად არის გაუარესებული 2008 წლის შემდეგ. მაშინ უკუსვლას, უწინარეს ყოვლისა, გლობალურ საფინანსო კრიზისს უკავშირებდნენ, ახლა მიზეზს პოპულიზმის აღზევებაშიც ხედავენ.
პოპულისტების გამარჯვებებს გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებში პირდაპირი გავლენა არ მოუხდენიათ ჩვენს რეგიონზე.ნეიტ შენკანი
„პოპულიზმის ყალბი დაპირება“ - ასე უწოდა „ფრიდომ ჰაუსმა“ 4 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშს „სახელმწიფოები გარდამავალ პერიოდში 2017“. პროექტის დირექტორს, ნეიტ შენკანს, ვკითხეთ, რა კავშირი აქვს დასავლეთში პოპულისტების წარმატებებს - მათ შორის,„ბრექსიტის“ მხარდაჭერას და აშშ-ის საპრეზიდხენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას - დემოკრატიის დასუსტებასთან, რომელიც პოსტკომუნისტურ სივრცეში შეინიშნება.
„პოპულისტების გამარჯვებებს გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებში პირდაპირი გავლენა არ მოუხდენიათ ჩვენს რეგიონზე. რამდენიმე ქვეყანაში, რომელსაც ჩვენი ანგარიში ეხება, უკვე რამდენიმე წელია ჰყავთ პოპულისტი მთავრობები - მაგალითად, უნგრეთში, პოლონეთში - და ამ ქვეყნებში დაღმასვლა აღინიშნება. მაგრამ დასავლეთში პოპულისტების გამარჯვების გავლენა ჩვენს რეგიონზე იმით აისახება, რომ წაახალისებს პოპულიზმს, ქმნის სივრცეს პოპულისტი ლიდერებისათვის - მაგალითად, უნგრეთის შემთხვევაში, სადაც იერიში მიაქვთ ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებაზე, მაგალითად, ამჟამად ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტზე ბუდაპეშტში“, - განმარტავს „ფრიდომ ჰაუსის“ პროექტის დირექტორი. ის შიშობს, რომ პოპულიზმი სულ უფრო მჭიდროდ უკავშირდება ეთნიკურ ნაციონალიზმს და საფრთხეს უქმნის მშვიდობას ევროპაში.
და იმისათვის, რომ პოპულიზმი, ლოზუნგივით,შინაარსს მოკლებული ცარიელი ტერმინივით არ ჟღერდეს, აქვე განმარტება, რომელსაც ფრიდომ ჰაუსი გვთავაზობს: პოპულიზმის არსია თითქოსდა მონოლითური „ერის“ დაპირისპირება კორუმპირებულ „ელიტებსა“ და გარეშე მტრებთან და მოთხოვნა, რომ ქარიზმატული ლიდერი აღიჭურვოს ძალაუფლებით ერის ნების გასაჟღერებლად.