დღეიდან საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან ძალაში შედის შეზღუდვები, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურების, სახელმწიფო მოხელეებისა და თანამდებობის პირების მიმართ არის დაწესებული. ამოქმედდება „საარჩევნო კოდექსით“ გათვალისწინებული ყველა ის აკრძალვა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების კუთხით არსებობს.
Your browser doesn’t support HTML5
ოქტომბრის მესამე შაბათი, ანუ 21 ოქტომბერი. საქართველოს მოქალაქეებს თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი ხმის დაფიქსირება სწორედ ამ დღეს მოუწევთ. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თვითმმართველობის არჩევნების თარიღი არჩევნებამდე ზუსტად ორი თვით ადრე, 22 აგვისტოს დაასახელა: „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის, თვითმმართველი თემის მორიგი არჩევნები დაინიშნება 2017 წლის 21 ოქტომბერს. საზოგადოება და პოლიტიკური ძალები ამის თაობაზე იყვნენ ინფორმირებულნი ორი თვით ადრე და ახლა ეს უკვე არის კონკრეტული დოკუმენტი“.
საქართველოს ესაჭიროება გარემო, რომელიც არის გადაწყვეტილების მიმღები, ინკლუზიური, კარგად დაგეგმილი და ზოგად კონსენსუსზე აწყობილი. ჩვენ აი, ამ კონტექსტით შევდივართ წინასაარჩევნო პერიოდში. ადგილობრივი არჩევნები მნიშვნელოვანია....ლორა თორნტონი
მაგრამ, სანამ გიორგი მარგველაშვილი თვითმმართველობის არჩევნების ზუსტ თარიღს აუწყებდა საზოგადოებას, მანამდე არაერთი თვის განმავლობაში, დისკუსიისა და კამათის საგნად იქცა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, უფრო ზუსტად კი მასში შესატანი ცვლილებები. ცვლილებებს ივლისის მიწურულისკენ პრეზიდენტმა ვეტოც დაადო, თუმცა პარლამენტმა, უკვე ტრადიციულად, გიორგი მარგველაშვილის ვეტო ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაძლია. რაც შეეხება ვეტოდაძლეულ ცვლილებებს, მათი მიხედვით, საქართველოში თვითმმართთველი ქალაქების რაოდენობა 12-დან ხუთამდე შემცირდა. შვიდ თვითმმართველ ქალაქს – თელავს, ოზურგეთს, ზუგდიდს, გორს, ამბროლაურს, მცხეთასა და ახალციხეს ჩამოერთვა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი და ისინი მიუერთდა შესაბამის მუნიციპალიტეტებს. პრეზიდენტის მოსაზრებით, ამგვარი ცვლილების შედეგად, თვითმმართველობა კიდევ უფრო მეტად დასცილდება ხალხს, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაციაში დომინანტურ ადგილს დაიკავებს მმართველი პარტია, რაც დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.
უნდა ითქვას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებები, ისევე როგორც საკონსტიტუციო ცვლილებები და ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, ხშირად ხვდება საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებისა თუ მოხსენებების დღის წესრიგში. ერთ-ერთი ასეთი სპეციალური ანგარიში ეკუთვნის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციას, რომლის წევრებიც საქართველოს ივლისის შუა რიცხვებში სტუმრობდნენ. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს დირექტორმა, ლორა თორნტონმა მაშინ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დაასახელა არჩევნების დღესთან ახლო გარემოში მიმდინარე სამი უმნიშვნელოვანესი რეფორმა, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებები და მოახლოებული არჩევნები: „საქართველოს ესაჭიროება გარემო, რომელიც არის გადაწყვეტილების მიმღები, ინკლუზიური, კარგად დაგეგმილი და ზოგად კონსენსუსზე აწყობილი. ჩვენ აი, ამ კონტექსტით შევდივართ წინასაარჩევნო პერიოდში. ადგილობრივი არჩევნები მნიშვნელოვანია. სწორედ ადგილობრივი მმართველობაა ის რგოლი, რომელიც ამყარებს კონტაქტს მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის. ეს არის კანდიდატებისა და პოლიტიკური პარტიებისათვის საუკეთესო საშუალება, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაკეთდეს აქცენტი“.
ნინო ხითარიშვილი, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ წარმომადგენელი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ, ჯერჯერობით, პოლიტიკური პარტიები არ გადასულან აქტიურ წინასაარჩევნო ფაზაში, თუმცა, იმასაც ამატებს, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ოფიციალურად უკვე გამოაცხადა არჩევნების თარიღი, პროცესი ამ მიმართულებით შეიცვლება და აქცენტი დედაქალაქიდან რეგიონებშიც გადაინაცვლებს: „ჯერჯერობით, აქცენტი მაინც თბილისზეა, თუმცა, სხვა მუნიციპალიტეტებში ოპოზიციური პარტიების მიერ უკვე სახელდება კანდიდატები, ეს იქნება მერობის კანდიდატები თუ საკრებულოსთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. მმართველ პარტიას, ჯერჯერობით, არ დაუწყია თავისი კანდიდატების დასახელება“.
ნინო ხითარიშვილის თქმით, „სამართლიანი არჩევნები“ ყველა მუნიციპალიტეტში აკვირდება წინასაარჩევნო პროცესს. მისივე ინფორმაციით, ამ დროისათვის მნიშვნელოვანი დარღვევები არ გამოვლენილა.
რაც შეეხება დარღვევებსა და აკრძალვებს, საარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან, ანუ 22 აგვისტოდან ძალაში შევიდა აკრძალვები, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის, თანამდებობრივი და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების შეზღუდვასთან დაკავშირებით მოქმედებს. „საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება.