პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული კონსულტაციების პროცესში, რაც უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შერჩევას უკავშირდება, 15 იანვარს მესამე სექტორი ჩაერთო. 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები პრეზიდენტ მარგველაშვილთან სასაუბროდ წინასწარ შემუშავებული რეკომენდაციებით მივიდნენ. რას ურჩევენ არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტს და რა საფრთხეებს ხედავენ ისინი?
პრეზიდენტთან კონსულტაციების პროცესში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ კოალიციას „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“, ფიქრობენ, რომ უზენაესი სასამართლოს ღირსეული თავმჯდომარე სრულიად აპოლიტიკური და მიუკერძოებელი პროფესიონალი უნდა იყოს. სწორედ ამის შესახებ ლაპარაკობს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური:
„ადამიანი, რომელიც წარმოდგენილი იქნება კანდიდატად, არ უნდა ატარებდეს რომელიმე პოლიტიკური გუნდის ინტერესებს, ის უნდა ატარებდეს საზოგადოების ინტერესებს და ასე ჩვენ მივიღებთ მიუკერძოებელ სასამართლო სისტემას“.
იმისათვის, რომ პროცესი გამჭვირვალედ, ობიექტურად და პოლიტიკური ზეგავლენების გარეშე წარიმართოს, მე-3 სექტორი საგანგებო საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდის. პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ეს ინფორმაცია მედიას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა მიაწოდა:
„შესაძლოა შეიქმნას საკონსულტაციო ორგანო, ვთქვათ, მრჩეველთა საბჭო, რომელიც შეისწავლის კანდიდატების წარსულ საქმიანობას, შეაფასებს ამ კანდიდატების კრიტერიუმებთან შესაბამისობას და პრეზიდენტს მიმართავს რეკომენდაციებით კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით“.
არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივაზე პრეზიდენტს ჯერ არც კი უთქვამს და არც არა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე აუცილებლად იფიქრებს. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც პრეზიდენტის ახალი მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების სფეროში კახა კოჟორიძე ამბობს, აზრთა გაცვლა-გამოცვლის პროცესი გაგრძელდება:
„მიუხედავად იმისა, შეიქმნება თუ არა საკონსულტაციო საბჭო, პრეზიდენტმა დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ არის პირველი და ბოლო შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან ამ საკითხზე. ის ნებისმიერ შემთხვევაში გააგრძელებს შეხვედრებს სხვებთანაც“.
მართალია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევა და პარლამენტისთვის წარდგენა, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და პრეზიდენტი არ არის ვალდებული წინასწარ ვინმეს შეუთანხმოს, თუ რას და როგორ აპირებს ის, მაგრამ დემოკრატიის პრინციპების გათვალისწინებით, 13 იანვარს პრეზიდენტმა შესთავაზა ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ ჩაერთოს კონსულტაციებში. მიმართვა შეეხებოდა პარლამენტსაც და საპარლამენტო უმრავლესობამ ეს შეთავაზება თითქოს მოიწონა კიდეც, მაგრამ ჯერჯერობით არავინ იცის, შედგება თუ არა და როდის შედგება ასეთი შეხვედრა. კონსულტაციებში ჩართვაზე თანხმობა განაცხადეს თავისუფალმა დემოკრატებმა, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთავაზება არ მიიღო.
უზენაესი სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა 2015 წლის თებერვლის ბოლო დღეებში იწურება და პრეზიდენტმა პარლამენტს ახალი კანდიდატურა მანამდე უნდა წარუდგინოს. თუკი პრეზიდენტის მიერ წარდგენილ პირველ კანდიდატს არ დაამტკიცებს პარლამენტი, კანონი არაფერს ამბობს მეორე კანდიდატის წარდგენა-განხილვა-დამტკიცების ზუსტ ვადებზე და არასამთავრობო ორგანიზაციებიც საფრთხეს სწორედ ამ ჭრილში ხედავენ. როგორც პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის კიდევ ერთმა მონაწილემ, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა ზვიად დევდარიანმა, უთხრა რადიო თავისუფლებას, პროცესის გაჭიანურებით შესაძლოა „კრიზისული ვითარებაც“ შეიქმნას, პროცესი კი, შესაძლოა, პოლიტიკური ინტერესების მიზეზით გაჭიანურდეს, ვინაიდან გარკვეულ ძალებს შეიძლება ხელს არ აძლევდეთ პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული კანდიდატის არჩევა:
„რატომ?... ვთქვათ, „ნაციონალურ მოძრაობას“ იმიტომ, რომ პრაქტიკულად სტატუს-კვო შენარჩუნდეს, ხოლო „ქართულ ოცნებას“ იმიტომ, რომ ზოგადად ასეთ რეჟიმშია პრეზიდენტთან - კიდევ ერთი კანდიდატი შეიძლება ჩაუგდოს პრეზიდენტს და თავისი ძალა აჩვენოს. მეტ-ნაკლებად შესაძლოა თავისუფალ დემოკრატებს არ ჰქონდეთ ასეთი გამოკვეთილი ინტერესი. ორ მსხვილ მოთამაშეს – მმართველ გუნდს და მსხვილ საპარლამენტო ოპოზიციას შესაძლოა არც აწყობდეს ახალი კანდიდატის შერჩევა. ეს დამაფიქრებელია და, ვფიქრობ, პრეზიდენტისთვისაც დამაფიქრებელი უნდა იყოს“.
კოალიციაში „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტის პასუხს დაელოდებიან. თუკი საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება, ისინი კონსულტაციებს ამ საბჭოს ფორმატში გააგრძელებენ, ხოლო თუკი არ შეიქმნება, მაშინ კონსულტაციები სხვა ფორმით გაგრძელდება.