„თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელები“საზოგადოებრივ მაუწყებელს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივიან. საჩივარი მათ 19 ივნისს შეიტანეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განთავსებული რეკლამა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს და, კერძოდ, პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის პოპულარიზაციას შეეხება, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოზიციის გამომხატველია და ის უნდა მოიხსნას ეთერიდან. კონსტიტუციონალისტები აკრიტიკებენ სადავო სარეკლამო რგოლის შინაარსობრივ მხარესაც.
Your browser doesn’t support HTML5
ყურადღების ცენტრში მოექცა რეკლამა, რომელიც საზოგადოებას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შესახებ მეტის გაგებისკენ მოუწოდებს, მანამდე კი საკონსტიტუციო რეფორმის კონტექსტში განმარტავს, რომსაქართველოში, როგორც საპარლამენტო რესპუბლიკაში, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, პრეზიდენტი ხალხმა არ უნდა აირჩიოს:
„2013 წელს საქართველო საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა. ეს სისტემა ევროპის ქვეყნების უდიდეს უმრავლესობაში მოქმედებს. საპარლამენტო რესპუბლიკაში ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი პრემიერ-მინისტრია, ხოლო პრეზიდენტი არ ფლობს პოლიტიკურ ძალაუფლებას. ის არის ნეიტრალური არბირტი, არა პოლიტიკური, არამედ ზეპარტიული, საერთო ეროვნული ლიდერი. დახვეწილ საპარლამენტო სისტემაში პრეზიდენტი არ აირჩევა პირდაპირი წესით, რადგანაც იქ პრეზიდენტი არ მართავს ქვეყანას. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტს ირჩევს პარლამენტი ან სპეციალური კოლეგია. ამჟამად ხორციელდება საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის მიზანი საქართველოში ძლიერი, ევროპული ტიპის საპარლამენტო მმართველობის ჩამოყალიბებაა. გაიგე მეტი საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე“.
ბევრი საპარლამენტო რესპუბლიკა არსებობს, სადაც პრეზიდენტი აირჩევა პირდაპირი წესით და ამიტომ რეკლამის შინაარსთან დაკავშირებითაც კითხვის ნიშნები ჩნდება... ეს არის საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისკენ გადადგმული ნაბიჯი...კოტე ჩოკორია
ეს სარეკლამო რგოლი სარეკლამო ჭრის ფარგლებში არაერთი ტელეარხის ეთერშია განთავსებული. თუმცა, როგორც რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, თამარ კორძაიამ, უთხრა რადიო თავისუფლებას, საზოგადოებრივ მაუწყებელს განსაკუთრებული ვალდებულებები აქვს და ამიტომ მას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მოეთხოვება, მიუხედავად იმისა, რომ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მაუწყებელი პასუხს არ აგებს „წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსზე“. შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში პარტიების საჩივარი 19 ივნისს სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ შევიდა.
„თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელები“ ამ ეტაპზე არც კი დაინტერესებულან, თუ ვისი დაკვეთით განთავსდა ეს სარეკლამო რგოლი ეთერში, რადგან მათთვის ცხადია ერთი მთავარი რამ, რომ მისი განთავსება ძირითადად „ქართული ოცნების“ ინტერესებს ემსახურება. თამარ კორძაიას თქმით, ერთადერთი პოლიტიკური ძალა იყო სწორედ „ქართული ოცნება“, რომელიც ახალი კონსტიტუციის განხილვის პროცესში კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა პრეზიდენტის ხალხის მიერ პირდაპირი არჩევის წესს.
„მსგავსი ტიპის რეკლამას საზოგადოებრივი მაუწყებელი არ უნდა უშვებდეს, იმიტომ რომ: პირველი - ის სოციალური რეკლამის განმარტებას არ შეესაბამება თავისი შინაარსით და მეორე - ამ ტიპის რეკლამის გაშვებით, რომელიც ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესებზეა მორგებული, საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ არღვევს თავის ვალდებულებას - იყოს ნეიტრალური, მიუკერძოებელი და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი... ამ რეკლამის შინაარსი ცალსახად აჩვენებს იმას, რომ ეს არის ტენდენციური სოციალური რეკლამის სახით გაშვებული რგოლი“.
შესაძლოა, გარკვეულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ისარგებლონ ამით და სხვადასხვა ე.წ. მონათესავე არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით გაავრცელონ გარკვეული სოციალური რეკლამები, რომლებსაც ექნებათ გარკვეული პოლიტიკური კონტექსტი...სოსო გალუმაშვილი
ტელეეთერში განთავსებული რეკლამის შინაარსი ძირითადად მმართველი პოლიტიკური გუნდის პოზიციას რომ გამოხატავს, ეს ცხადია კონსტიტუციონალისტ კოტე ჩოკორაიასთვისაც. ის მიუღებლად მიიჩნევს ფაქტს, რომ სოციალურ კამპანიაში ერთი პარტიის ინტერესია ჩადებული და რადიო თავისუფლებასთან სარეკლამო რგოლის შინაარსობრივ მხარესაც აკრიტიკებს:
„ბევრი საპარლამენტო რესპუბლიკა არსებობს, სადაც პრეზიდენტი აირჩევა პირდაპირი წესით და ამიტომ რეკლამის შინაარსთან დაკავშირებითაც კითხვის ნიშნები ჩნდება... ეს არის საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისკენ გადადგმული ნაბიჯი... საზოგადოებაში არსებობს დამოკიდებულება პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევასთან დაკავშირებით და თითქოს მომზადება ხდება და საზოგადოების შეგუება იმასთან, რომ კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ პრეზიდენტი აირჩევა არაპირდაპირი გზით“.
მცდელობის მიუხედავად, რადიო თავისუფლებამ ჯერჯერობით ვერ მოახერხა გაერკვია, თუ კონკრეტულად რომელმა ორგანიზაციამ დაუკვეთა საზოგადოებრივ მაუწყებელს კონსტიტუციასთან დაკავშირებული სარეკლამო რგოლის განთავსება. თუმცა, როგორც მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას” (GEPRA) უფროსმა კონსულტანტმა სოსო გალუმაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, პრაქტიკის თანახმად, პოლიტიკურ ძალებს აქვთ ცდუნება ჩადონ პოლიტიკური მესიჯები სოციალურ რეკლამებში, საკანონმდებლო ხვრელები ამის საშუალებას იძლევა და პოლიტიკური ძალები ამას ხშირად გარეშე ორგანიზაციების დახმარებით აკეთებენ:
„შესაძლოა, გარკვეულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ისარგებლონ ამით და სხვადასხვა ე.წ. მონათესავე არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით გაავრცელონ გარკვეული სოციალური რეკლამები, რომლებსაც ექნებათ გარკვეული პოლიტიკური კონტექსტი“.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ჯერჯერობით კომენტარისგან თავს იკავებენ და, როგორც იქ რადიო თავისუფლებას განუცხადეს, კომენტარი გაკეთდება „თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელების“ საჩივრის შესწავლის შემდეგ.