ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 17 ივლისი

მიმოხილვას დავიწყებთ ”რეზონანსით”, რომელიც დღეს აქვეყნებს სტატიას პარლამენტის ქუთაისში გადასვლასთან დაკავშირებით - სავარაუდოდ, ეს პროცესი თვის ბოლომდე დასრულდებაო, წერს გაზეთი. ”რეზონანსი” ამატებს: ”პარლამენტის ტექნიკური პერსონალის, აპარატებისა და სხვა განყოფილებების გადაყვანის პროცესი უკვე დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ პარლამენტის თანამშრომლებს შორის გავრცელდა და, როგორც ისინი ამბობენ, უთხრეს, რომ აპარატები ქუთაისში ერთ კვირაში უნდა გადავიდეს და ამ პერიოდში საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ - ვინ წავა და ვინ არა. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, აპარატის რამდენიმე თანამშრომელი ცუდად გახდაო.” ”რეზონანსი” კითხულობს, ასე რატომ ჩქარობს ხელისუფლება პარლამენტის საბოლოოდ გადაყვანას, მით უმეტეს, შენობა ბოლომდე დამთავრებულიც კი არ არისო, და პასუხობს: ამის ერთი ვარიანტი შეიძლება ის იყოს, რომ პარლამენტის შენობა უკვე გაიყიდა და მისი დაცლაა საჭირო. მაგრამ ეკონომიკის სამინისტროში შენობის გაყიდვას კატეგორიულად უარყოფენო.

დღევანდელი პრესა აქტიურად აშუქებს „ენდიაის“ კვლევის შედეგებს, სადაც პოლიტიკური პარტიების რეიტინგებზეა ლაპარაკი. სხვადასხვა გაზეთები განსხვავებული კუთხით უყურებენ შედეგებს. ”ახალი თაობა”, მაგალითად, სტატიას ასე ასათაურებს: ”ნაციონალების რეიტინგი დაეცა”. ”24 საათის” პუბლიკაციის სათაური კი არის: ”ლიდერი - ”ნაციონალური მოძრაობა”, მეორე ადგილი - ”ქართული ოცნება”. ისე, ყველა გაზეთი აღნიშნავს იმასაც, რომ მოსახლეობის და ექსპერტების ნაწილი კვლევის შედეგებს არ ენდობა. ”ახალ თაობას” უთხრა ყოფილმა სახალხო დამცველმა ნანა დევდარიანმა: "ენდიაის კვლევების სანდოობა იცით, რომელ ნაწილში მოწმდება ძალიან კარგად? სადაც გიორგი თარგამაძეს 50% აქვს რეიტინგი და ბიძინა ივანიშვილს 46%. უკვე ყველაფერი ნათქამია ამით. აღარაფერს ვამბობ წინა ჩამონათვალზე - სამეულში პატრიარქთან ერთად სააკაშვილი და უგულავა არიანო.”

”ალია” კი ქობულეთში ტურისტული სეზონის შესაძლო ჩავარდნაზე ლაპარაკობს. გაზეთი აჭარის ტელევიზიის ყოფილ ხელმძღვანელს თამაზ ბაკურიძეს გაესაუბრა, რომელმაც თქვა, ” ქობულეთში ზღვის სანაპირო სამუშაოები უნდა დამთავრებულიყო 15 ივლისს. ფაქტია, რომ სამუშაოების 40% შეუსრულებელია. სეზონი უკვე დაიწყო. იმის გამო, რომ ადამიანები ვერ მიდიან სანაპიროზე, გაჩერებულია ყველა ტიპის სასტუმროო.”. ის ამატებს: ”ჩემი ინფორმაციით, სააკაშვილმა მშენებლები დატუქსა, თუკი თვის ბოლომდე სამუშაოები არ დამთავრდება, ბევრი აღმოჩნდება ციხეშიო, - აი, ეს ფაქტი დამალეს. სხვათა შორის, თურქები არ მუშაობენ სააკაშვილის გრაფიკითო”. ამ ინტერვიუს ”ალიაში” წაიკითხავთ.