„ახალ ევროპაში“ დღეს გიამბობთ, რას ფიქრობენ თურქი ჟურნალისტები მათ ქვეყანაში პრესის თავისუფლების შეზღუდვასა და იმაზე, თუ როგორ „ქრთამავს“ ევროკავშირი, ლტოლვილთა კრიზისის გამო, მათ მთავრობას და არ აკრიტიკებს.
ევროკავშირი თვალს ხუჭავს, წაუყრუებს თურქეთში თავისუფალი პრესის ჩახშობასო, ფიქრობენ თურქეთის ჟურნალისტები და ამის მიზეზად ასახელებენ იმას, რომ ბრიუსელს არ სურს ლტოლვილების კრიზისში ანკარის მხარდაჭერა დაკარგოს. ბანუ გიუვენი, თურქეთის ტელეარხ „აი-ემ-სის“ წამყვანი, ამბობს, „სი-ენ-ენს“ ჰყავდა ჩვენი პრეზიდენტი მიწვეული და იმისგან, რაც ქრისტიან ამანპურმა უყო ერდოანს, ლამის სიამოვნება მივიღეო.
„საოცარი განცდა მომგვარა იმის ყურებამ, თუ როგორი თავაზიანი იყო ერდოანი ამ გადაცემაში. თურქეთში რომ დაესვა მისთვის ჟურნალისტს ასეთი შეკითხვები, ვერასოდეს შეძლებდა მისთვის ინტერვიუს ჩამორთმევას“, ამბობს გიუვენი, რომელიც ჯენ დიუნდარისა და ერდემ გიულის სასამართლო პროცესზე იყო მისული.
ამ ორ ცნობილ ჟურნალისტს სამუდამო პატიმრობა ემუქრება იმის გამო, რომ გამოამზეურეს თურქეთის კავშირი სირიაში იარაღის კონტრაბანდასთან. მედია თურქეთში წერდა, ამ ორი რეპორტიორის საქმე ყველაზე აშკარა მაგალითია პრესის თავისუფლების ჩახშობისა თურქეთშიო. დიუნდარმა, რომელიც ოპოზიციური „ჯუმჰურიეთის“ მთავარი რედაქტორია, და გიულმა, ანკარის ბიუროს ხელმძღვანელმა, მაისში გამოაქვეყნეს მასალა, სადაც ამტკიცებდნენ, რომ თურქეთის დაზვერვა ჰუმანიტარული ტვირთის საფარქვეშ სირიაში იარაღს გზავნიდა. ამ რეპორტაჟის ავტორების ვარაუდით, თურქეთი იარაღით ამარაგებდა რაზმებს, რომლებიც ექსტრემისტულ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ იყვნენ დაკავშირებული. ერდოანმა ეს ბრალდება უარყო და განაცხადა, ჰუმანიტარული ტვირთი სირიაში თურქომანებისთვის იყო გამიზნულიო. ერდოანმა ჟურნალისტები ჯაშუშობაში დაადანაშაულა. სასამართლომდე ისინი 92 დღის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული. უცნაური იყო ის, რომ დარბაზში არავინ შეუშვეს, ადვოკატების გარდა.
„სი-ენ-ენ-თან“ ინტერვიუში ამანპური ერდოანს მიმართავს, რატომ გამოუცხადეთ ომი პრესასო, ერდოანი კი ამტკიცეს, არა, რა ომიო! თურქეთის პრეზიდენტი განუმარტავს ამერიკელ ჟურნალისტს, ჩემს ქვეყანაში კანონი მოქმედებს და თუ პრესის წარმომადგენლები ჯაშუშობენ, ქვეყნის საიდუმლოს გაამხელენ და ეს კი სამართალწარმოების სახეს მიიღებს, ამას განაჩენი მოჰყვებაო.
გიუვენი იყო ერთ-ერთი იმ ასეულობით ადვოკატთან, ჟურნალისტთან, პარლამენტის წევრებსა და, უბრალოდ, მომხრეებთან ერთად, რომლებიც გარეთ იდგნენ და სასამართლო დარბაზში არ შეუშვეს. მისი თქმით, ერდოანის მთავრობის მრისხანება მაშინ იგრძნო, როცა თებერვალში, ამ ორი ჟურნალისტის საპატიმროდან გამოშვების შემდეგ, მათ ინტერვიუ ჩამოართვა. გიუვენის ტელეარხი სწრაფად მოხსნეს სატელიტ „თურქსატიდან“.
„ევროკავშირში უნდა იფიქრონ თურქეთში პრესის მდგომარეობაზე. ისინი აცხადებენ, რომ შეშფოთებული არიან. შეშფოთება ძალიან ცოტაა. ამის ახლა გამოცხადება ძალიან დაგვიანებულია“, ამბობს ტელეჟურნალისტი, რომელსაც მხარს უჭერს სერაფ დემირტაში, სტამბოლელი ადვოკატი, რომელიც ჩვენი რადიოს კორესპონდენტს ეუბნება ევროკავშირის წარმომადგენლებზე, თვალთმაქცობენო:
„ისინი ამბობენ, კი, თავისუფლება, თანასწორობა და სხვაო, მაგრამ, ამავე დროს, გვქრთამავენ, რათა ლტოლვილები თურქეთში დავიტოვოთ. ამ საქმეში გულწრფელები არ არიან“.
ბიულენთ ქენესი, ინგლისურრენოვანი „ტუდეის ზამანის“ დამაარსებელი, დანიელა ჩესლოს უამბობს, როგორ შეუვარდა რედაქციაში ასეულობით პოლიციელი 4 მარტს, ღამით, როცა ჯერ კიდევ მუშაობდა, როგორ განდევნეს წყლის ჭავლით და ცრემლმდენი გაზით მისი მომხრეები. ქენესს ერდოანის შეურაცხყოფისთვის ტვიტერში 21-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, შემდეგ განაჩენი შეუჩერეს:
„ჩემს საქმეს ვეღარ ვაკეთებდი, რადგან ყოველდღე, ყოველკვირა პოლიციაში ან პროკურატურაში ვიყავი და ჩვენებას ვაძლევდი“.
მსოფლიოს ყველა დიდი სახელმწიფო ამარაგებს იარაღით ბევრ ქვეყანას, რეგიონებს, სადაც ომია, და ჩვენც შეგვიძლია ამის გაკეთება. ამასთან, თურქეთის დაზვერვის სამსახური სულაც არაა მოვალე გაამხილოს ეს...სონერ ავჩიოღლუ
იელემ იანარდაღოღლუ, სტამბოლის ქადირ ჰასის უნივერსიტეტში ახალი მედიის ფაკულტეტის დეკანი, ამბობს, რომ თურქეთის მთავრობას და პრესას ურთიერთობა გაუმწვავდათ „გეზი პარკში“ გამოსვლების შემდეგ, 2013 წლის მაისში. მაშინ პოლიციამ ათასობით ქუჩაში გასული თურქის წინააღმდეგ გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი, ათასობით ადამიანი დაშავდა. იანარდაღოღლუ ამბობს, რომ მთავრობამ მობილურ ტელეფონებს გადაუკეტა ფიჭური მონაცემების მოპოვების გზები, რითაც დემონსტრანტებს აღარ ჰქონდათ საშუალება ხმა მიეწვდინათ უცხოეთის მედიისა და სოციალური ქსელებისთვის. ტვიტერით გავრცელებული ცნობით, თურქეთში სასამართლოს 450 გადაწყვეტილება არსებობს საინტერნეტო საიტებიდან მასალების მოხსნის შესახებ, რაც მთელ მსოფლიოში მსგავსი გადაწყვეტილებების 93 პროცენტს შეადგენს.
თურქეთში არიან ისეთებიც, ვინც ერდოანის პოლიტიკას ამართლებს. 55 წლის ფოტოგრაფი სონერ ავჩიოღლუ სტამბოლის იმ უბანში ცხოვრობს, სადაც ერდოანი გაიზარდა. ქასიმფაშელი ფოტოგრაფის აზრით, დიუნდარის და გიულის სასამართლო უნდა შემდგარიყო:
„მსოფლიოს ყველა დიდი სახელმწიფო ამარაგებს იარაღით ბევრ ქვეყანას, რეგიონებს, სადაც ომია, და ჩვენც შეგვიძლია ამის გაკეთება. ამასთან, თურქეთის დაზვერვის სამსახური სულაც არაა მოვალე გაამხილოს ეს“, ამბობს ავჩიოღლუ. მისი თქმით, დიუნდარის რეპორტაჟებმა თურქეთის მტრებს სალაპარაკო მისცა: რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში, ვიტალი ჩურკინმა, განაცხადა, თურქეთის ფონდებმა თითქმის ორი მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება მიაწოდეს „ისლამურ სახელმწიფოს“ თურქეთის დაზვერვის საშუალებითო.
ერდოანის მკაცრი ხაზი პრესის მიმართ გერმანიასაც მისწვდა. მან მოითხოვა, „ნორდდოიჩე რუნდფუნკმა“ მოხსნას სატირული ფილმი, რომელიც ერდოანს დასცინის, როგორც „ბოსფორის ბოსს“. რედაქტორმა ანდრეას ლანგემ განაცხადა, ეს არ მოხდება, ამ ფილმს არ მოვხსნითო. იანარდაღოღლუ ამბობს, ფილმი ძალიან კარგია, ბევრი ვიცინე, მაგრამ თავისებური უხერხულობის გრძნობაც მქონდაო. და კიდევ ერთი, თურქეთის მთავრობამ მიუღებლად მიიჩნია გერმანელი სატირიკოსის იან ბიომერმანის სატირული ლექსი, რომელშიც ის თურქეთის პრეზიდენტს დასცინის და მის დასჯას ითხოვს. ამ ლექსის თაობაზე საუბარი ჰქონდათ კანცლერ ანგელა მერკელს და თვით ერდოანს. პროგრამა საზოგადოებრივი მეორე არხის, „ცეტ-დე-ეფის“, ეთერით გადაიცა. მაინცის პროკურატურა იკვლევს, იყო თუ არა ეს უცხო სახელმწიფო ორგანოს შეურაცხყოფა. გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, სიტყვის თავისუფლება და მხატვრული გამოხატვა არ არის განხილვის თემაო.