უცხოეთის პრესის მიმოხილვა

გასულ კვირაში უცხოეთის გაზეთები რუსეთის პოლიტიკაზე, მოლდავეთის არჩევნებსა და „სამხრეთის ნაკადის“ გაზსადენზე წერდნენ.

დანიის გაზეთი „ილანდს პოსტენი“ უკრაინაში ახალი მთავრობის დამტკიცების თემას ეხება. „უკრაინის ელიტას უჭირს სახელმწიფო ინტერესები პირად სურვილებზე მაღლა დააყენოს. უკვე ექვსი კვირა გავიდა ისტორიული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა უფსკრულის პირას მოძრაობს, მხოლოდ ახლა დამტკიცდა ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობა. კვლავ არ არის ცხადი, როგორია პოლიტიკური ნება მტკივნეული რეფორმების გასატარებლად. ახალ მთავრობას უზარმაზარი ამოცანები აქვს გადასაჭრელი, მაგრამ რეფორმებს ალტერნატივა არა აქვს, თუ უკრაინას, როგორც სახელმწიფოს, გადარჩენა სურს“, წერს დანიის გაზეთი.

მოლდავეთში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სტაბილურობას მოელის შვედეთის „უპსალა ნია ტიდნინგი“. „მოლდავეთი, მეზობელი უკრაინის მსგავსად, ძლიერი ზეწოლის ქვეშაა, რუსეთსა და ევროპას შორის ერთ-ერთი აირჩიოს. როცა მოლდავეთმა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა, რუსეთის რეაქცია სავაჭრო ბოიკოტი იყო. ამ ფონზე კვლავ პროევროპული კოალიციის არჩევა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, თუმცა ეს ყველა პრობლემის მოგვარებას არ ნიშნავს. სეპარატისტული დნესტრისპირეთის არსებობა ფაქტია. იქ რუსეთის არმიაა განთავსებული. ეს კონფლიქტი რუსეთს შესაძლებლობას აძლევს ზეწოლა მოახდინოს მოლდავეთის მთავრობაზე. მით უფრო მნიშვნელოვანია ევროკავშირის აღიარება, რომ აქტიურად დაუჭიროს მხარი მოლდავეთის დაახლოებას ბრიუსელთან. მოსკოვი მოლდავეთს სავაჭრო ემბარგოს გაუქმებასა და გაზის დაბალ ფასს დაჰპირდა იმ შემთხვევაში, თუ პრორუსული მთავრობა ეყოლებოდა. ამიტომ უნდა დაეხმაროს ევროკავშირი მოლდავეთს, პირველ რიგში, იმ მხრივ, რომ რუსეთის მიერ დაწესებული სანქციების ზეგავლენა შეარბილოს“, თვლის შვედური გაზეთი.

შვეიცარიის „ნოიე ციურხერ ცაიტუნგი“ წერს: „ეჭვგარეშეა, რომ პატარა ქვეყნისთვის რუსეთთან კარგი ეკონომიკური ურთიერთობა მნიშვნელოვანია, მაგრამ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ბუფერულ ქვეყანას მეტი სჭირდება, კერძოდ კი, განახლების პოლიტიკური ხედვა. და ამ მხრივ, მოლდაველთა უმრავლესობისთვის დასავლეთი მიმზიდველი მოდელია“.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას, თავი ანებოს ბულგარეთის გავლით გაზსადენის მშენებლობას, თურქეთის გაზეთი „მილიეთი“ ეხმიანება: „ის რომ რუსეთის გაზსადენი ევროპაში ბულგარეთის გზით კი არა, თურქეთის გავლით შეიძლება აიგოს, რა თქმა უნდა, ახარებს ანკარას და ეს პოლიტიკური წარმატებაა. მოსკოვისთვის დაწესებული სანქციები დასავლეთს ქვასავით ფეხზე დაეცა. ანკარა ფრთხილად უნდა იყოს, დასავლეთთან ურთიერთობა არ გაუფუჭდეს“.

ავსტრიული გაზეთი „შტანდარტიც“ შეეხო გაზსადენის თემას. „ვლადიმირ პუტინმა პროექტი შეაჩერა. ეს იმის შედეგია, რომ დასავლეთის სანქციებმა ზემოქმედება დაიწყეს, მაგრამ ეს განმუხტვის სიგნალი ჯერ მაინც არ არის. კუთხეში მიმწყვდეულს უჭკუო რეაქცია ახასიათებს. რაც უფრო ახლოს შეიგრძნობენ ადამიანები რუსეთის ეკონომიკურ კრიზისს, მით უფრო მეტად დაადანაშაულებს პუტინი ამაში მტრულ ძალებს დასავლეთში“, წერს „შტანდარტი“.

ნიდერლანდის „ფოლკსხრანტი“ წერს, რომ მოსკოვის გადაწყვეტილებაზე, შეეჩერებინა გაზსადენის პროექტი, იმანაც იმანაც იმოქმედა, რომ დაფინანსება სულ უფრო გაჭირდა. სხვათა შორის, ეს დასავლეთის სანქციებმა მოიტანა. "თუ მარცხი პუტინს აიძულებს კურსი შეცვალოს, გამოჩნდება. ცხადი ისაა, რომ ეკონომიკისთვის არასახარბიელო ვითარებამ, რომლის წინაშეც მოსკოვია ახლა, შეუძლია ეჭვის გაძლიერებას შეუწყოს ხელი მმართველთა სიბრძნის მიმართ“.

გერმანიაში, შვაბიაში გამომავალი რეგიონალური გაზეთი „როიტლინგერ გენერალ ანცაიგერი“რუსეთის პრეზიდენტის 4 დეკემბრის მიმართვის თაობაზე წერს, პუტინმა საბრძოლო განწყობით დაამთავრა გამოსვლაო: ჩვენ გავიმარჯვებთო, უთქვამს პრეზიდენტს, თითქოს უკვე ომი იყოს. ეს ყველაფერი გვიჩვენებსო, წერს გაზეთი, რომ პუტინს მტკიცე გადაწყვეტილება აქვს მიღებული და ყველაფრის გამკეთებელია. სწორედ ამიტომ არ უნდა ჩაერთოს ამ თამაშში და კიდევ უფრო გაამწვავოს ვითარება. ახლა მოლაპარაკების უნარი და დიალოგისთვის მზადყოფნა უფრო გამოსადეგია - ცხადია, პუტინის წინაშე ქედის მოხრის გარეშე.