მას შემდეგ, რაც ექსტრემისტულმა ჯგუფმა, „ისლამურმა სახელმწიფომ“, ბრიტანელი ჰუმანიტარული მუშაკი დევიდ ჰაინსი მოკლა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა კვირას ამ ექსტრემისტული გაერთიანების „განადგურების“ პირობა დადო. ჟურნალისტები წერდნენ, დასავლეთმა თავი უნდა აარიდოს პროვოცირებულის როლში ყოფნას და ნაჩქარევი ნაბიჯებით სამაგიეროს გადახდასო. ბრიტანეთში გამომავალი მემარცხენე-ლიბერალური გამოცემა „გარდიანი“ 14 სექტემბრის ნომერში დადებითად გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ მყისიერი სამხედრო საპასუხო დარტყმა არ იქნება: „ბატონი ჰაინსის შემაძრწუნებელი მკვლელობის მიუხედავად, ამ ეტაპზე ბრიტანეთის მხრიდან ცალმხრივი სამხედრო პასუხი მხოლოდ ის არ იქნებოდა, რაც „ისლამურ სახელმწიფოს“ სურს. ამასთან ერთად, ეს იქნებოდა თავზეხელაღებულად ნაადრევი ქმედება, ჩამოყალიბების პროცესში არსებული იმ სტრატეგიის კონტექსტში, რომელზეც გასულ კვირაში პრეზიდენტმა ობამამ ისაუბრა. ეს ნეგატიური თვალსაზრისით გააძლიერებდა ძველ იმპერიულ სტერეოტიპს. გაერთიანებულ სამეფოს აქვს მატერიალური შესაძლებლობა პასუხი გასცეს ამგვარ თავზარდამცემ საერთაშორისო მოვლენას, მაგრამ, ამავე დროს, მას მორალური და პოლიტიკური შესაძლებლობაც ესაჭიროება“.
ამ კვირაში პრესა აქტიურად გამოეხმაურა შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატების გამარჯვებას და შემდეგ პარტიის ლიდერის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ მოლაპარაკებას გამართავს როგორც მემარცხენე, ისე კონსერვატიულ პარტიებთან. თუმცა სტეფან ლოვიენმა გადაჭრით უარყო კოალიციის პერსპექტივა მემარჯვენე-პოპულისტ შვედეთის დემოკრატებთან, რომლებმაც კვირას ჩატარებულ არჩევნებში ხმების 12.9 პროცენტი მოიპოვეს და ორჯერ და მეტჯერ გააუმჯობესეს ხმათა თავიანთი წილი. ჟურნალისტები წერდნენ, რომ ზომიერი პოზიციებით გამორჩეული პარტიები გაერთიანებული ძალებით უნდა დაუპირისპირდნენ მემარჯვენე პოპულისტების აღზევებას, და აცხადებდნენ, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის მთავარი გამოწვევა მზარდი სოციალური უთანასწორობა იქნება. შვედეთში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის „გოტებორგს პოსტენი“ 15 სექტემბრის ნომერში წერდა: „მსოფლიოს ბევრ წერტილში არსებული მღელვარების გამო, [ბოლო წლებში] შედარებით გახშირდა შვედეთში იმიგრაცია. ამავე დროს, არ არის საკმარისი საცხოვრებელი სახლები ან სამუშაო ადგილები. ყოველივე ამის შედეგად, ადამიანები მარგინალიზაციას განიცდიან და დიდი ქალაქების შემოგარენში ჩნდება ანკლავები, რომლებიც დანარჩენი საზოგადოებისგან იზოლირებულნი არიან. ეს მოსახლეობის უმრავლესობაში უკმაყოფილებას ზრდის და შვედეთის დემოკრატების მსგავსი ქსენოფობი ძალების პოზიციებს აძლიერებს. ... თუ გვსურს ეს ტენდენცია შევაბრუნოთ, სხვა პარტიებმა გადამწყვეტი, ერთიანი ნაბიჯები უნდა გადადგან ინტეგრაციის გასაუმჯობესებლად და ისეთი საზოგადოების შესაქმნელად, სადაც ყველანი „ჩვენ“ ვიქნებით, ანუ შვედეთი, რომლის ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობაც ყველას მიეცემა. ასეთ საზოგადოებაში „შვედეთის დემოკრატებს“ არ ექნება წარმატების შანსი“.
სამშაბათს უკრაინისა და ევროკავშირის პარლამენტებმა მოახდინეს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება, თუმცა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მისი ნაწილი ძალაში 2015 წლის ბოლომდე არ შევა. ამასთან, უკრაინის პარლამენტმა აღმოსავლეთ უკრაინისთვის უფრო მეტი ავტონომიის მინიჭების შესახებ მიიღო კანონი. ჟურნალისტები აკრიტიკებდნენ რუსეთთან მიმართებით დაშვებულ კომპრომისებს და წერდნენ ბევრ წინაღობაზე, რომლებიც უკრაინას დასავლეთისკენ გზაზე ხვდება. ავსტრიაში გამომავალ მემარცხენე-ლიბერალურ გამოცემა „სტანდარდში“ ცნობილი ისტორიკოსი, ტიმოთი გარტონ ეში, 16 სექტემბერს წერდა: „ახლა, როცა ევროპისა და უკრაინის პარლამენტებმა ერთდროულად მოახდინეს ევროკავშირ-უკრაინის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება, ევროკავშირი უკრაინას უნდა დაეხმაროს გამართულ სახელმწიფოდ ქცევაში. უკრაინის საზოგადოების რუსულენოვან ნაწილზე გავლენის მოხდენის თვალსაზრისით, ევროკავშირის ყველაზე ეფექტიანი ნაბიჯი იქნებოდა უკრაინელთა უმრავლესობისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება. პოსტკომუნისტური აღმოსავლეთ ევროპის მთელი გამოცდილება მოწმობს, რომ ყველაზე სწრაფად სწორედ ეს ნაბიჯი ცვლის შეხედულებებს, თუმცა ეს, ცხადია, ძალიან დიდი სათხოვარია იმიგრაციული პროცესებით დაღლილი დასავლეთ ევროპისთვის. ამგვარი მნიშვნელოვანი წამახალისებელი ზომების სანაცვლოდ, უკრაინელები სერიოზულად უნდა მოეკიდონ თავიანთი სახელმწიფოს რეფორმირებას. ეს, უწინარესად, ნიშნავს იმ გროტესკულ კორუფციასთან ბრძოლას, რომელიც ასეა მოდებული პოსტსაბჭოთა უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებას. ეს უნდა შეიცვალოს“.
კვირის ბოლოს ევროპული პრესის ყურადღების ცენტრში შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი მოექცა. ჟურნალისტების ნაწილი წერდა, რეფერენდუმში დამოუკიდებლობის მომხრეთა გამარჯვება შოტლანდიელებს და დანარჩენ ევროპას უფრო მეტ არასტაბილურობას მოუტანსო, სხვები კი დადებითად აფასებდნენ რეფერენდუმის მიღმა მიმდინარე დემოკრატიულ პროცესს. ირლანდიაში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის „აირიშ ეგზამინერი“ 17 სექტემბრის ნომერში წერდა: „ემოციებით ნაკარნახევი ნებისმიერი მოძრაობის მსგავსად, შოტლანდიელი ნაციონალისტები ჯიუტად აცხადებენ, რომ შოტლანდიას ბუნებრივი რესურსების საკმარისი სიმდიდრე აქვს მათი ამბიციების რეალიზაციისთვის, რომ ისინი შეძლებენ ვალუტად გირვანქა სტერლინგის შენარჩუნებას და რომ დამოუკიდებელ შოტლანდიას ევროკავშირი სიხარულით მიიღებს თავის რიგებში, თუმცა ამ განცხადებათა საფუძველი უცნობია. ამდენად, თუკი მეგობრულად განწყობილ მეზობელს შეთავაზების უფლება აქვს ჩვენ მიერ ნასწავლი ძალიან მწარე გაკვეთილის, შოტლანდიელები უნდა დაფიქრდნენ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ, ჩვენნაირ სუსტ პოზიციაში რომ ყოფილიყვნენ იმ ღამით, როცა კოლაფსის პირას მისული ჩვენი ბანკების გადარჩენა გახდა საჭირო [2010 წლის 28 ნოემბერს]. რა იქნებოდა მათთვის უკეთესი: ჩვენნაირად, უცხოთა ძვირად ღირებულ სიკეთეზე დაყრდნობა, თუ კავშირი, რომელმაც, მთელი მისი ნაკლოვანებების მიუხედავად, დროის გამოცდას გაუძლო?“
პარასკევს ცნობილი გახდა, რომ შოტლანდიელებმა გაერთიანებული სამეფოსგან გამოყოფას უფრო მკაფიოდ უთხრეს უარი, ვიდრე ნავარაუდევი იყო. 55 პროცენტზე მეტმა უპასუხა “არა” შეკითხვას, უნდა გახდეს თუ არა შოტლანდია დამოუკიდებელი ქვეყანა. ჟურნალისტები წერდნენ, რომ, ამის მიუხედავად, გაერთიანებული სამეფო ახალი დასაწყისის წინაშეა და, ამავე დროს, ლონდონს აქებდნენ შოტლანდიელ სეპარატისტებთან ურთიერთობაში გამოვლენილი ღიაობისთვის. პორტუგალიაში გამომავალი ლიბერალურ-კონსერვატიული გამოცემა “დიარიო და ნოტიციასი” 19 სექტემბრის ნომერში წერდა, ორივე მხარე ნამდვილი ჯენტლმენივით მოიქცაო: “ცივილიზებული ფორმა, რომლითაც ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა პოლიტიკურმა პროექტმა თავისი საფუძვლების ეჭვქვეშ დაყენება დაუშვა, ნამდვილად ქების ღირსია. ძალიან ძლიერი ნაციონალისტური ბანაკის მიუხედავად, წინასწარვე გარკვევით ითქვა, რომ “არას” მომხრეთა გამარჯვების შემთხვევაში, ახალი რეფერენდუმი, სულ მცირე, ერთი თაობის ცხოვრების განმავლობაში აღარ გაიმართებოდა. ... გაერთიანებული სამეფო შოტლანდიელებს ბევრ რამეს უმადლის. მათმა გამომგონებლებმა წვლილი შეიტანეს ინდუსტრიულ რევოლუციაში, მათმა სამხედროებმა ბრიტანეთის იმპერიის მშენებლობას გაუწიეს დახმარება. შოტლანდიელებს, სანაცვლოდ, კარგად ეპყრობოდნენ. მათი ცხოვრების სტანდარტი მაღალია და კამერონამდე ორი პრემიერ-მინისტრი [ბრაუნი და ბლერი] შოტლანდიელი იყო. ... ყველას, ვინც რეფერენდუმის პროცესს თვალი ადევნა, შეუძლია მნიშვნელოვანი დასკვნები გააკეთოს და ასეც უნდა მოხდეს”.