უცხოეთის პრესის მიმოხილვა. 2014 წლის 28 ივნისი

მიმდინარე კვირაში უცხოეთის პრესაში რამდენიმე წერილი გამოქვეყნდა საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის მიერ 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებების გაფორმების შესახებ. გერმანიაში გამომავალი კონსერვატიული ორიენტაციის ყოველდღიური „ველტი“ 27 ივნისს წერდა: „რუსეთმა ამ სამივე სახელმწიფოს უკვე წაართვა ტერიტორიები, ასე რომ, დასავლეთს არაფერი გაუკეთებია ადგილზე შექმნილი ვითარების შესახებ სერიოზული კითხვების დასმის თვალსაზრით. ... ჩვენ კვლავაც გვმართავს შეხედულება, რომ მოსკოვის „პროვოცირება“ არ უნდა მოხდეს კიდევ უფრო აგრესიული აქტების ჩასადენად. მაგრამ თავს ნუ მოვიტყუებთ: პუტინი თავის ექსპანსიონისტურ ლოგიკას არ შეცვლის, თუკი დასავლეთი იყოყმანებს და მას ამ ლოგიკის შედეგებს არ აგრძნობინებს. ... ხოლო უკრაინა და სხვა ახალი პარტნიორი ქვეყნები ვერ შეძლებენ სარგებელი ნახონ ასოცირების თუნდაც ყველაზე მომგებიანი პერსპექტივებისგან, თუკი დასავლეთი უუნარო აღმოჩნდება შეაჩეროს ავტოკრატიული რუსეთის მიერ გატარებული დესტაბილიზაციის პოლიტიკა“.

ასევე გერმანიაში გამომავალი მემარცხენე ორიენტაციის „ტაგეს ცაიტუნგი“ 26 ივნისის ნომერში წერდა, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დიდი იმედი არ უნდა დაამყაროს ბრიუსელზეო. „ამ ეტაპზე ისე ჩანს, რომ პოროშენკოს მიერ შემუშავებული სამშვიდობო გეგმა ჩავარდება და ეჭვგარეშეა, რომ სწორედ ამ სცენარის გამო ჩქარობს პოროშენკო ასე ძალიან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დარჩენილი ნაწილის გაფორმებას. უკრაინის ხელისუფლება აშკარად იმედოვნებს, რომ ამით ბრიუსელისგან უფრო დიდ მხარდაჭერას მოიპოვებს. ... მაგრამ ეს იმედები შეიძლება გაცრუვდეს. მცირე მასშტაბის სანქციები და მუქარები ვერ მალავს იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის ბევრი ქვეყანა საერთოდ არ არის დაინტერესებული რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებით. ეს კიევმა უნდა იცოდეს. მოსკოვმა უკვე იცის“.

რუმინეთში გამომავალი ყოველკვირეული გაზეთი „რევისტა დოეზესჩი დოი“ 23 ივნისის ნომერში წერდა, მოლდავეთმა რუსეთის მხრიდან ზეწოლას უნდა გაუძლოსო. „რუსეთი მოლდავეთს ეუბნება, რომ [ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების] გაფორმებას უარყოფითი შედეგები ექნება ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირებისთვის. იმის გათვალისწინებითაც, რომ მოლდავეთმა ბოლო წლებში ორიენტაცია უფრო ევროკავშირისკენ აიღო, ენერგიის თვალსაზრისით მაინც რუსეთზე რჩება დამოკიდებული. ... ამ შემოდგომაზე დანიშნული საპარლამენტო არჩევნები იქნება მორიგი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც შეუძლია მოლდავეთი კიდევ ერთხელ დააბრუნოს რუსეთის გავლენის სფეროში. საიმისოდ, რომ არ მოხდეს არჩევნების შემდეგ პრორუსულად განწყობილი კოალიციის ფორმირება, ამჟამად ხელისუფლებაში მყოფმა პარტიებმა ძალები უნდა გააერთიანონ ან, სულ მცირე, თავი უნდა შეიკავონ კამპანიის მსვლელობაში ერთმანეთზე თავდასხმებისგან (რაც საკმაოდ რთული იქნება, რადგან მათ შორის შუღლი ძლიერია)“.

კიდევ ერთი საკითხი, რომლის შესახებაც ამ კვირაში წერდა დასავლეთის პრესა, საფრანგეთის ეროვნული ფრონტისა და ჰოლანდიის თავისუფლების პარტიის მიერ ულტრამემარჯვენე კოალიციის შექმნის წარუმატებელი მცდელობა იყო ევროპის პარლამენტში. სლოვაკეთში გამომავალი ლიბერალური ყოველდღიური გამოცემა „სმე“ 25 ივნისს წერდა: „ულტრამემარჯვენე პარტიებს შორის პრაგმატიკოსებს - მაგალითად, ბრიტანეთის „დამოუკიდებლობის პარტიას“ ან საფრანგეთის „ეროვნულ ფრონტს“, ვისაც იმ ძლიერი ელიტის წევრობა სურს, რომელსაც გამუდმებით აკრიტიკებენ - თავი ისე მოაქვთ, თითქოს გმობენ რასიზმს და ანტისემიტიზმს. ისინი დისტანცირებას ახდენენ ღიად რასისტებისგან, რადგან ეს უკანასკნელნი მათ ხელს უშლიან თავიანთ ქვეყნებში მთავრობებისთვის მისაღებ პარტნიორებად ქცევის მიზანს მიაღწიონ. ... თავის მხრივ, აღმოსავლელ რადიკალებს ძალიან გაუჭირდებათ ისეთ პოლიტიკოსებთან გაერთიანება, რომლებიც აღმოსავლელ ევროპელებს წარმოაჩენენ არასრულფასოვან ურდოებად, მხოლოდ დასავლეთ ევროპის სოციალური დაცვის სისტემის ბოროტად გამოყენების სურვილი რომ ამოძრავებთ. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ექსტრემისტულ პარტიებს ავტორიტარული ლიდერები ჰყავთ, რომლებიც აზრთა მცირე სხვადასხვაობასაც კი ვერ იტანენ. ასეთ ხალხს სხვებთან თანამშრომლობა უჭირს ხოლმე“.