ვინ მოუსმენს პრეზიდენტს

გიორგი მარგველაშვილი

ჯერ კიდევ უცნობია, დაესწრება თუ არა საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლას, რომელიც 31 მარტისთვის დაიგეგმა. საკანონმდებლო ორგანოში 24 მარტს მივიდა მიმართვა, რომლითაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეპუტატებს სთხოვს ღონისძიებაზე მოიწვიონ მთავრობის წევრები, სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები, ასევე ოფიციალური და საპატიო სტუმრები, რომლებიც, ტრადიციულად, ესწრებოდნენ ხოლმე საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას.​

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პარლამენტის წინაშე წლის შემაჯამებელი მოხსენებით 31 მარტს პირველ საათზე წარდგება. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძის პარლამენტის მისამართით ხელმოწერილ მიმართვაში წერია, რომ „პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე“. სწორედ ამიტომ, აცხადებს კვერენჩხილაძე, მნიშვნელოვანია, რამდენად წარმომადგენლობითი იქნება ეს შეხვედრა:

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ღონისძიებას დაესწრონ როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები თუ დიპლომატიური კორპუსი“.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მთავრობა ვალდებული არ არის დაესწროს პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას საკანონმდებლო ორგანოში, განმარტავს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი. მოუსმენენ თუ არა მარგველაშვილს მინისტრები, ეს მათ სურვილზეა დამოკიდებული, თუმცა მთავრობის პარლამენტში მისვლა-არმისვლის საკითხი ბოლო ორი დღეა პოლიტიკურ წრეებში მსჯელობის საგანია. თავად მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მოსასმენად მისვლის შესახებ გადაწყვეტილება „ბევრ რამეზეა“ დამოკიდებული, კერძოდ, მათი დღის განრიგზე, უცხოეთში დაგეგმილ მივლინებებზე და ა.შ.

ყველაფერი მარტივადაა - პარლამენტი იწვევს პრეზიდენტს. ჩვენ დავხვდებით იმ ფორმატში, რაზეც შევთანხმდით, ეს ინფორმაცია კი ყველა უწყებას აქვს...
დავით საგანელიძე

24 მარტს სწორედ ასეთ კომენტარებს აკეთებდნენ მედიასთან სხვადასხვა სამინისტროს ხელმძღვანელები. მაგალითად, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ საკუთარ გრაფიკს გადახედავს და მთავრობა ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებს. ზუსტი პასუხი არც განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძეს აქვს, ამასვე აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო:

„ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მივალთ თუ არა პარლამენტში, გვეცლება თუ არა.. ჩამოვყალიბდებით და საბოლოო გადაწყვეტილებას ერთად მივიღებთ“.

„ჯერ ვერ გეტყვით, არ დამიზუსტებია, თუმცა, ვფიქრობ, საინტერესო იქნება მისი მოსმენა. პირადად მე საზღვარგარეთ მივლინება მაქვს დაგეგმილი და უნდა დავაზუსტო, თარიღები ხომ არ ემთხვევა“.

„დავესწრები თუ არა? ეს უახლოეს დღეებში განისაზღვრება შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით“.

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც კონსტიტუციით უფლება აქვს დაესწროს პრეზიდენტის გამოსვლას, თუმცა ეს ყველას ინდივიდუალურად გადასაწყვეტი საკითხია.

„ყველასათვის ცნობილია, რომ პრეზიდენტი პარლამენტს 31 მარტს ესტუმრება, პარლამენტმა მეტი რა ინფორმაცია უნდა გასცეს? ყველაფერი მარტივადაა - პარლამენტი იწვევს პრეზიდენტს. ჩვენ დავხვდებით იმ ფორმატში, რაზეც შევთანხმდით, ეს ინფორმაცია კი ყველა უწყებას აქვს“.

პრეზიდენტის მოსვლას პარლამენტში არ ესწრება მთავრობა, რომლის მმართველობაც, ვიცით, რომ მალე დასრულდება. საქართველოში ასეთი რამ არ მომხდარა, რომ პრეზიდენტის გამოსვლას არ ესწრებოდეს პრემიერი. მინისტრები, გუბერნატორები და ყველა თანამდებობის პირი უნდა მოვიდეს და დაესწროს...
გიორგი ვაშაძე

ასეთია უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის შეფასება.მთავრობის წევრებს თავადაც უნდა აინტერესებდეთ, რაზე საუბრობს ქვეყნის პრეზიდენტი, მიიჩნევს „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ აბაშიძე:

„რა თქმა უნდა, მთავრობის წევრები უნდა დაესწრონ! აუცილებლად უნდა დაესწრონ პრეზიდენტის გამოსვლას, რომ მოისმინონ, თუ რას საუბრობს პრეზიდენტი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ, საშინაო, საგარეო თუ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე“.

საპარლამენტო უმცირესობაში კი მიიჩნევენ, რომ თუ მთავრობა პრეზიდენტს არ მოუსმენს, ეს კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს არსებულ დაპირისპირებას. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე, აცხადებს, რომ მსგავსი პრეცედენტი, რომ პრეზიდენტის გამოსვლას არ დასწრებოდეს მთავრობა, აქამდე საქართველოში არ ყოფილა:

„პრეზიდენტის მოსვლას პარლამენტში არ ესწრება მთავრობა, რომლის მმართველობაც, ვიცით, რომ მალე დასრულდება. საქართველოში ასეთი რამ არ მომხდარა, რომ პრეზიდენტის გამოსვლას არ ესწრებოდეს პრემიერი. მინისტრები, გუბერნატორები და ყველა თანამდებობის პირი უნდა მოვიდეს და დაესწროს. აბა, რატომ ვიხილავთ და ვუსმენთ საერთოდ?“.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, რომ კანონი მთავრობას არ ავალდებულებს მივიდეს პარლამენტში პრეზიდენტის მოსასმენად, რადგან პრეზიდენტი, ახალი კონსტიტუციით, არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი. თუმცა, ამავე დროს, კონსტიტუციით, პრეზიდენტი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირია. ამ ფაქტორის გათვალისწინებით კი, თითქოს კითხვაც არ უნდა ჩნდებოდეს, უნდა მოუსმინონ თუ არა მას აღმასრულებელი ხელისუფლების პირველმა პირებმა. თავად ძაბირაძე მიიჩნევს, რომ 31 მარტს მთავრობა უნდა მივიდეს პარლამენტში, თუმცა იქვე შენიშნავს, რომ ხელისუფლების ნაბიჯები უნდა შეფასდეს არა პირადი ემოციების გათვალისწინებით, არამედ იმით, ემორჩილება თუ არა ის კანონს. ვახტანგ ძაბირაძის დასკვნაც აქედან გამომდინარეობს:

„თუ რამე არ მოგვწონს, მაშინ კანონი უნდა შევცვალოთ - ზოგადად, აქამდე უნდა მივიდეთ, რომ ამ საკითხზე დავა დასრულდეს. მე, მაგალითად, სწორად ჩავთვლიდი იმას, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება მისულიყო ამ ღონისძიებაზე, მაგრამ როგორც კი პრეზიდენტი დაასრულებდა თავის გამოსვლას, დებატებში მონაწილეობა აღარ მიეღო. ჩემი აზრით, ეს იქნებოდა ყველაზე კარგი გამოსავალი“.