საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის თარიღის მოახლოებასთან ერთად, წელსაც გაჩნდა კითხვა, მოუსმენს თუ არა საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრი. მთავრობის ახალმა მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა 18 იანვარს ჟურნალისტებს კითხვაზე, დაესწრება თუ არა პრემიერი მარგველაშვილის გამოსვლას, უპასუხა, რომ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა აღარ უნდა იქცეს მითქმა-მოთქმის საგნად, პოლიტიკოსებმა კი პიროვნული ურთიერთობები უკანა პლანზე უნდა გადასწიონ. პრეზიდენტი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე მოხსენებით საგაზაფხულო სესიების გახსნის შემდეგ გამოვა.
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მედიასთან არ დაუზუსტებია, მივა თუ არა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტში, თუმცა მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დროა იკლოს პოლიტიკურმა ტემპერატურამ და სახელმწიფო ინსტიტუციების ურთიერთობა პიროვნულ ურთიერთობებზე არ იყოს დამყარებული:
„ეს საკითხი აღარ უნდა იყოს დღის მთავარი მოვლენა და მითქმა-მოთქმის საგანი. საქართველოში არსებობს ინსტიტუციები და მათ უნდა იმოქმედონ ისე, როგორც ინსტიტუციებს შეეფერება, პიროვნული ურთიერთობები კი ამ პროცესში გვერდზე უნდა გადავდოთ. ვფიქრობ, ეს საჭიროა სიტუაციის დასამშვიდებლად და, ზოგადად, პოლიტიკური ტემპერატურის დასაწევად. ჯობს კონცენტრირება გაცილებით მნიშვნელოვან საკითხებზე მოვახდინოთ“.
აუცილებელი არ არის პრეზიდენტისა და პრემიერის ან პარლამენტის ინსტიტუტებს შორის სრული ჰარმონია იყოს, პირიქით, მათ შორის შესაძლოა იყოს კამათი სხვადასხვა საერთო-ეროვნულ საკითხებზე და არა იმაზე, თუ ვის ვინ ან რა მოსწონს ან არ მოსწონს პიროვნულად...კორნელი კაკაჩია
საქართველოს პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს წლის შემაჯამებელ ანგარიშს, როგორც წესი, თებერვალში წარუდგენს ხოლმე. შარშან ამ თარიღმა მარტში გადაინაცვლა. მაშინდელი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის მოსასმენად პარლამენტში არ მისულა. როგორი იქნება პრეზიდენტისა და ახალი პრემიერის თანამშრომლობა და არსებობს თუ არა მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა? კვირიკაშვილმა თავისი პასუხით ნაწილობრივ ამ ორ შეკითხვასაც უპასუხა.
როგორც პოლიტოლოგები განმარტავენ, კონსოლიდირებული დემოკრატიის ქვეყნებში, სადაც სასამართლო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებები ერთმანეთისგან გამიჯნულია, მათ შორის ბალანსის შესანარჩუნებლად მუდმივად არსებობს ერთგვარი კონფრონტაცია, თუმცა, როგორც პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია განმარტავს, ეს დაპირისპირება იდეებისა არასოდეს უნდა გადასცდეს ინსტიტუციურ ჩარჩოებს - მათ შორის ბალანსი ქმნის მეტ-ნაკლებად დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელ ფუნდამენტს. რა გვაქვს ამ დროს საქართველოში? კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ საქართველოში ამ ურთიერთობამ ზედმეტად ხილული პიროვნული დაპირისპირების ხასიათი შეიძინა:
„სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ისევ ჩვენს პოლიტიკურ კულტურას უკავშირდება, რომელიც ინსტიტუციებს შორის არსებულ კონფრონტაციას კი არა, პიროვნულ დაპირისპირებას ეყრდნობა, რაც, საბოლოო ჯამში, ძლიერი ინსტიტუციების ჩამოყალიბებას უშლის ხელს. აუცილებელი არ არის პრეზიდენტისა და პრემიერის ან პარლამენტის ინსტიტუტებს შორის სრული ჰარმონია იყოს, პირიქით, მათ შორის შესაძლოა იყოს კამათი სხვადასხვა საერთო-ეროვნულ საკითხებზე და არა იმაზე, თუ ვის ვინ ან რა მოსწონს ან არ მოსწონს პიროვნულად“.
დაპირისპირების მიზეზები შეიძლება ვეძებოთ, ერთი მხრივ, საკონსტიტუციო ცვლილებებში (ძლიერი პრემიერი - სუსტი პრეზიდენტი) და, მეორე მხრივ, თავად „ქართული ოცნების“, როგორც პოლიტიკური ძალის, შიგნით მიმდინარე პროცესებში, გვეუბნება კორნელი კაკაჩია:
„ვგულისხმობ იმას, რომ პრეზიდენტმა, რომელიც იყო „ქართული ოცნების“ სახე, გარკვეულწილად დისტანცია დაიჭირა მმართველი გუნდისგან, რამაც გარკვეული ფრუსტრირებაც კი გამოიწვია აღმასრულებელი ხელისუფლების და, ზოგადად, „ქართული ოცნებისა“. ეს პროცესი პიროვნულ ჯიბრში ჩადგომაში გადაიზარდა, რამაც ყველაზე მეტად, ვფიქრობ, მაინც აღმასრულებელი ხელისუფლება დააზარალა“.
კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, რომ საკანონმდებლო ორგანოს წინაშე წლიური მოხსენებით წარდგომა პრეზიდენტის კონსტიტუციური ვალდებულებაა, ხოლო მისი გამოსვლის ფორმატს პარლამენტი ირჩევს - მაგალითად, წყვეტს, მოჰყვეს თუ არა პრეზიდენტის გამოსვლას დებატები. რაც შეეხება ამ დროს მთავრობის ვალდებულებას:
„მთავრობას არა აქვს პირდაპირი ვალდებულება დაესწროს პრეზიდენტის გამოსვლას, თუმცა ნორმალური კონსტიტუციური ურთიერთობის პრაქტიკა სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის მოითხოვს ურთიერთპატივისცემას, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთ მნიშვნელოვან მომენტებში ორმხრივი ვალდებულებები არსებობს, ისევე როგორც, მაგალითად, პრემიერის გამოსვლის დროს პარლამენტის წინაშე, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტიც უნდა დაესწროს. მოკლედ, ეს კონსტიტუციური ეთიკის საკითხია“.
ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ, მიუხედავად არარსებული საკანონმდებლო ვალდებულებისა პრეზიდენტი და პრემიერი დაესწრონ ერთმანეთის გამოსვლებს, ეს დაუსწრებლობა მაინც ჰგავს ერთგვარ დემარშს, რაც, თავის მხრივ, მეტყველებს იმაზე, რომ ამ ურთიერთობაში რაღაც წესრიგში ვერ არის. განხილვის საგანი ეს უფროა, ამბობს ვახუშტი მენაბდე.
პარლამენტში პრეზიდენტის წლევანდელი გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის, შარშან კი, როგორც უკვე ითქვა, წლიური მოხსენებით გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე მარტის ბოლოს გამოვიდა.