ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პერსპექტივა და 20 ივნისის მოლოდინი

სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ბერლინიდან მიღებულ მესიჯებს თბილისი იმედისმომცემად მიიჩნევს, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე თავს იკავებენ კონკრეტული თარიღებისა თუ ვადების პროგნოზირებისგან. მართალია, გერმანია პროცესის შეფერხებას არა უშუალოდ საქართველოს, არამედ უვიზო მიმოსვლის „სწრაფი შეჩერების მექანიზმს“ უკავშირებს, მაგრამ ანალიტიკოსების ერთი ნაწილი თვლის, რომ პროცესი შესაძლოა უფრო შედეგიანად და შეუფერხებლად წარმართულიყო, საქართველოს ხელისუფლებას მეტი წინდახედულება რომ გამოეჩინა. ანალიტიკოსთა ეს ნაწილი არამოგებიანად მიიჩნევს საქართველოსა და უკრაინის ერთმანეთთან დაკავშირებასაც (სავიზო ლიბერალიზაციის ჭრილში).

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მთავარია ის, რომ გერმანიამ ღიად დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა სავიზო ლიბერალიზაციის პროცესში და ასევე ღიად განაცხადა, რომ ეს საკითხი სწრაფად გადაწყდება მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტი უვიზო მიმოსვლის „სწრაფი შეჩერების მექანიზმს“ დაამტკიცებს.

ამ შინაარსის განცხადებები მართლაც გააკეთა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 15 ივნისს ბერლინში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან, შეხვედრის შემდეგ, მაგრამ მას არ უთქვამს სავარაუდოდ როდის არის ეს მოსალოდნელი. შესაბამისად, ვადების დაკონკრეტებისგან ახლა თავს იკავებენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთა რიგებიდანაც უწინ უფრო თამამად ისმოდა ზაფხულთან დაკავშირებული პროგნოზი, ბრიუსელიდან თუ სტრასბურგიდან წამოსულ გარკვეულ მესიჯებზე დაყრდნობით.

„შეიძლება იყოს სექტემბერი, შეიძლება იყოს ოქტომბერი ... თუმცა მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ წლის ბოლომდე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები შეძლებენ უვიზოდ მიმოსვლას“ – ეს გახლავთ ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის სიტყვები, რომლებიც ვადებთან დაკავშირებით საკმაოდ ფართო არეალს ხატავს.

ბოლო დღეების ვიზიტების განხილვების შედეგად, პარლამენტი და მისი შესაბამისი კომიტეტი გეგმავენ დააჩქარონ ეს პროცესი იმისთვის, რომ უკვე ზაფხულის პერიოდში პარლამენტში ეს პროცედურები შესაბამისად დასრულდეს...
დავით ბაქრაძე

ხოლო სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ თავის კომენტარში მიანიშნა, რომ ამ თემაზე საერთოდ არ უნდა ვილაპარაკოთ:

„არც აქამდე და მომავალშიც სასურველია, რომ თარიღებთან დაკავშირებით არ ვისაუბროთ – განსაკუთრებით იმ საკითხებზე, რომლებიც პირადად ჩვენზე და მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული... მთავარია, რომ გვქონდეს ზუსტი და სწორი აღქმა იმ პროცესისა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაფერი გაკეთდა, ამ საკითხთან დაკავშირებით სრული მხარდაჭერა გვაქვს და ეს, არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, უკავშირდება გარკვეული დამატებითი დაზღვევის, ანუ „შეჩერების მექანიზმის“, ამოქმედებას“.

თუმცა სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ თავად მიუთითებდა სავარაუდო ვადებზე, ევროპარლამენტის პრეზიდენტის მარტინ შულცის სიტყვებზე დაყრდნობით.

„პრეზიდენტ შულცის განცხადებით, ევროპარლამენტში განსაკუთრებული ერთიანობაა საქართველოს მიმართ ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ბოლო დღეების ვიზიტების განხილვების შედეგად, პარლამენტი და მისი შესაბამისი კომიტეტი გეგმავენ დააჩქარონ ეს პროცესი იმისთვის, რომ უკვე ზაფხულის პერიოდში პარლამენტში ეს პროცედურები შესაბამისად დასრულდეს“, – აღნიშნავდა დავით ბაქრაძე 7 ივნისს სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტის მარტინ შულცის შეხვედრის შემდეგ.

ანალიტიკოსების ერთი ნაწილის აზრით, ჯერ ისევ არის თეორიული შანსი, რომ, საკითხის დაჩქარების შემთხვევაში, პროცედურები ზაფხულშივე დასრულდეს, ვიდრე 8 ივლისიდან ევროპარლამენტის არდადეგები დაიწყება. ამ ეტაპზე ყველაზე მთავარი და აუცილებელია, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭების საკითხს 20 ივნისს მხარი დაუჭირონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა. ანალიტიკოსების ერთ ნაწილს შედეგის მიღების იმედი აქვს იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სხდომას წაუძღვება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი, რომელიც არის ასევე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო ევროკომისია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დასრულებას. 15 ივნისს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმაც საგანგებოდ აღნიშნა, რომ, ევროკომისიის დასკვნით, საქართველომ დაიმსახურა სავიზო ლიბერალიზაცია და გერმანია არ შეეწინააღმდეგება ევროკომისიას.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

პროცესის მისამართით მხარდაჭერა გამოხატა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმაც 16 ივნისს, როცა ის ბერლინში საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე "ხაზი გაესვა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას და ამ პროცესში გერმანიის მხარდამჭერ როლს“. ასევე ოფიციალური ინფორმაციით, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ „გერმანიის საგარეო უწყება მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და აღიარებს ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს“.

სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მიმართ ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი სახელმწიფოს, გერმანიის, ლიდერის ანგელა მერკელის დამაიმედებელი მესიჯები სათანადოდ დააფასა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენელმა შორენა ლორთქიფანიძემ, თუმცა, როგორც ანალიტიკოსმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მეტ დაფიქრებას მოითხოვს საქართველოსა და უკრაინის საკითხების ერთმანეთთან დაკავშირების თემა, რომელიც აშკარად გამოიკვეთა ანგელა მერკელის 15 ივნისის შეფასებებში. ამ ჭრილში, უცხოურ მედიაში გავრცელებულ ცნობებზე დაყრდნობით, ანალიტიკოსი პროცესის გაჭიანურებას არ გამორიცხავს:

„უკრაინა პოლიტიკური საკითხია, კრიზისული საკითხია და აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობას ჰქონდეს რისკის შემცირების გეგმა და რაღაცნაირად ამ სიტუაციიდან გამოვიდეთ ისე, რომ ჩვენ დროულად მივიღოთ სავიზო ლიბერალიზაცია და მაინცდამაინც უკრაინასთან არ ვიყოთ მიბმული... თუმცა, ამავე დროს, ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინის მიმართ. ანუ ეს არის ის ბეწვის ხიდი, რომელზეც ახლა ჩვენი დიპლომატია და საქართველოს ურთიერთობები გადის“.

შორენა ლორთქიფანიძე ფიქრობს ასევე, რომ წინ „ცხელი ზაფხულია“ და საქართველოს ხელისუფლებას მაქსიმალურად აქტიური მუშაობა მოეთხოვება სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასაგვირგვინებლად. ამასთან, ანალიტიკოსის აზრით, უფრო ნაკლები კითხვის ნიშნები გაჩნდებოდა, საქართველოს ხელისუფლებას მეტი წინდახედულება რომ გამოეჩინა და უკეთ გაეთვალა თუნდაც საქართველოსა და უკრაინის საკითხების ერთმანეთთან დაკავშირების პერსპექტივა.

MAP-ის შემთხვევაშიც შევასრულეთ პრაქტიკულად ყველაფერი, რაც შეიძლებოდა, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება ვერ მიიღო ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის – გერმანიამ...
თორნიკე შარაშენიძე

სავიზო ლიბერალიზაციის პროცესში საქართველოს ხელისუფლებას მეტი ყურადღება და მეტი ძალისხმევა რომ მოეთხოვებოდა, ამაზე სხვა ანალიტიკოსებიც ლაპარაკობენ თბილისის იმ განცხადებების კონტექსტში, რომ საქართველომ შეასრულა ყველა ნაკისრი ვალდებულება და ეს ევროკომისიამაც დაადასტურა 2015 წლის 18 დეკემბერს გამოქვეყნებულ მეოთხე ანგარიშში.

როგორც, მაგალითად, პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე ვარაუდობს, ხელისუფლებამ სათანადოდ არ გაითვალისწინა, რომ, ტექნიკური სამუშაოს შესრულების გარდა, სავიზო ლიბერალიზაციის პროცესში არანაკლებ მნიშვნელოვანია ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკური გადაწყვეტილება და რომ ამ მხრივ არანაკლები მუშაობაა საჭირო. თორნიკე შარაშენიძე ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმასთან (MAP) დაკავშირებულ ისტორიასაც იხსენებს:

„MAP-ის შემთხვევაშიც შევასრულეთ პრაქტიკულად ყველაფერი, რაც შეიძლებოდა, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება ვერ მიიღო ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის – გერმანიამ... იგივე ხდება აქაც, მაგრამ, ბუნებრივია, უვიზო რეჟიმი უფრო ადვილი მისაღებია, ვიდრე MAP-ი. ამიტომ აქ თუ ვიმუშავებთ სწორად, რა თქმა უნდა, ეს მიღწევადია“.

განსჯისა და კამათის თანხლებით, სავიზო ლიბერალიზაციის პროცესი გრძელდება და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ახლა ბევრი რამ 20 ივნისის შეხვედრაზეა დამოკიდებული. ევროკავშირის საბჭოს ფორმატში დაგეგმილ ამ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, უპირველეს ყოვლისა, სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. თუკი გადაწყვეტილება დადებითი იქნება, პროცესი ევროპარლამენტში გადაინაცვლებს პლენარულ სხდომაზე დასამტკიცებლად. თუკი წინასწარი შეფასებებით ვიმსჯელებთ და იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ევროპარლამენტის პლენარული სხდომა (არდადეგების გამო) 8 ივლისიდან 12 სექტემბრამდე აღარ გაიმართება, სავიზო ლიბერალიზაციის საკითხს ევროპარლამენტი, სავარაუდოდ, სექტემბერში უყრის კენჭს.