პრემიერ-მინისტრმა მწვავედ დატუქსა ექსპერტები

ბიძინა ივანიშვილი

25 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილმა თავის ბიზნესცენტრში უმასპინძლა საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ 12 ექსპერტს: რამაზ საყვარელიძეს, კახი კახიშვილს, თენგიზ ფხალაძეს, მამუკა არეშიძეს, ზაზა ფირალიშვილს, ალექსანდრე რონდელს, ვაჟა ბერიძეს, ხათუნა ლაგაზიძეს, სერგი კაპანაძეს, თორნიკე შარაშენიძეს, ზაალ ანჯაფარიძეს და ვახტანგ ძაბირაძეს. უპრეცედენტო ფორმატის ოთხსაათიანი შეხვედრის ცალკეული ფრაგმენტები საკმაოდ მწვავე კამათით გამოირჩეოდა.

თავიდანვე გაეცა პასუხი შეკითხვას, თუ რატომ მიიწვია ექსპერტები საკუთარ ბიზნესცენტრში პრემიერ-მინისტრმა. მან თქვა, რომ საზოგადოება ”ექსპერტების გამონათქვამებით ცხოვრობს”, ექსპერტებს დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე და ამიტომ მათ პასუხი უნდა აგონ თითოეული სიტყვის ობიექტურობაზე. ”რეალობიდან გამოდით”, - შეხვედრის მსვლელობისას არაერთხელ მოუწოდა ბიძინა ივანიშვილმა ექსპერტებს და ასევე თავიდანვე გააფრთხილა ისინი, რომ მოუწევდათ განმარტებების მიცემა სხვადასხვა დროს გაკეთებულ შეფასებებზე, რაც პრემიერ-მინისტრს ციტატების სახით ჰქონდა მომარაგებული.

შეხვედრა უჩვეულო ფორმატის რომ იქნებოდა, ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა თავიდანვე ამცნო მაყურებელს, მაგრამ პროცესების განვითარებამ ბევრისთვის ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. დაიწყო მეტად მწვავე კამათი და ექსპერტების ნაწილს მოუწია თავის მართლებაც პრემიერ-მინისტრის მხრიდან არაობიექტურობაში დადანაშაულების საპასუხოდ. ციტატების წაკითხვა პრემიერ-მინისტრმა ექსპერტ მამუკა არეშიძისგან დაიწყო:

”ივანიშვილი წასვლით თავს არიდებს პასუხისმგებლობას ქვეყნის გამოკვეთილ ორიენტაციაზე (აბა, ესეც მითხარით, რას ვარიდებ თავს და როგორ ვარიდებ...). ქვეყანაში არ ჩანს სტრატეგიული გათვლა. პრემიერი არაინფორმირებულია, გარემოცვის მიერ მოტყუების შედეგად, საკუთარი ცხოვრების წესის გამო. ქაოსია ქვეყანაში, მალული ქაოსია და როგორც წავა ივანიშვილი, ეს ქაოსი რეალურ ქაოსში გადაიზრდება (ახლა, ასეთ რამეს რომ თესავთ მაყურებელში... ექსპერტი რომ გამოდის და ამას ლაპარაკობს)”.
ძალიან ხშირად ინტერვიუში მწვავე ფრაზა მითქვამს და არა მხოლოდ თქვენ, არამედ სხვა ხელისუფლების დროსაც, სწორედ იმიტომ, რომ ის ფრაზა მისულიყო ხელისუფლებამდე...
რამაზ საყვარელიძე

ეს არის მამუკა არეშიძის იმ კომენტარების მხოლოდ ნაწილი, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა წაიკითხა და რასაც ის ყოვლად უსაფუძვლოდ მიიჩნევს. არა ყველაფერს, ცხადია, მაგრამ რაღაც-რაღაცებს მამუკა არეშიძე, როგორც ჩანს, ჟურნალისტებსაც აბრალებს. თუმცა ეს ნაკლებად დამაჯერებელია ბიძინა ივანიშვილისთვის:

მამუკა არეშიძე: ჟურნალისტმა დაწერა ასე...
ბიძინა ივანიშვილი: ჟურნალისტს დავაბრალოთ?
მამუკა არეშიძე: რასაკვირველია...
ბიძინა ივანიშვილი: მაშინ რატომ არ აგებინე პასუხი?
მამუკა არეშიძე: არ ვიცი ახლა, მე არ წამიკითხავს...
ბიძინა ივანიშვილი: თქვენი ნათქვამი არ წაგიკითხავთ!? ახლა, ეს არასერიოზულია...
მამუკა არეშიძე: ბატონო ბიძინა, მე სხვა რამეს გეუბნებით... ნაწილი (”ქართული ოცნებიდან”) სიმბიოზშია ”ნაციონალურ მოძრაობასთან” ბიზნესწილებთან დაკავშირებით...
ბიძინა ივანიშვილი: უნდა თქვა მაგალითი, ეგრე სად არის...

მამუკა არეშიძე შეეცადა მაგალითები და კონკრეტული გვარებიც დაესახელებინა, მაგრამ პრემიერ-მინისტრისთვის მისი მონათხრობი არადამაჯერებლად გამოიყურებოდა და მათ შორის საკმაოდ მწვავე კამათი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. მის გარდა, პრემიერ-მინისტრის ბრალდება არაობიექტურ შეფასებებთან დაკავშირებით შეეხო ასევე, მაგალითად, სოსო ცისკარიშვილსა და გიორგი ხუციშვილს, თუმცა ისინი შეხვედრას არ ესწრებოდნენ. სამაგიეროდ, მწვავე კამათი გაიმართა შეხვედრაში მონაწილე რამაზ საყვარელიძესთან. საყვარელიძეს პრემიერ-მინისტრი ჩაეძია, საიდან იცი, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა რომ კლებულობსო, რაზეც ექსპერტმა ნახევრად ხუმრობით უპასუხა, რომ ის ძაღლის სეირნობისას შემხვედრი ადამიანების მოსაზრებების მიხედვით მსჯელობს. ასეთი მიდგომა არ აკმაყოფილებს პრემიერ-მინისტრს:

რამაზ საყვარელიძე: ძალიან ხშირად ინტერვიუში მწვავე ფრაზა მითქვამს და არა მხოლოდ თქვენ, არამედ სხვა ხელისუფლების დროსაც, სწორედ იმიტომ, რომ ის ფრაზა მისულიყო ხელისუფლებამდე...
ბიძინა ივანიშვილი: არა, არა, რამაზ, შენ მე პირადად მხვდები, რასაც გინდა, იმას მეუბნები...
რამაზ საყვარელიძე: ვერ შეგხვდით... არ გახსოვთ, ბოლო ორი შეხვედრა...
ბიძინა ივანიშვილი: არა, არა... რაც თქვი ახლა, დაასაბუთე.
2-3 წელი ვთქვი მე. 2 წელიწადი და 2 თვე გადის უკვე. რა არ გაწყობთ?! სად გინახავთ პოლიტიკოსი ასეთი თანმიმდევრული?! აბა, მაგალითი მოიყვანეთ სადმე ისტორიაში...
ბიძინა ივანიშვილი

იმის გამო, რომ საკუთარი გვარი, როგორც თავად ამბობს, ” ბრალდებულთა სიაში” მოისმინა, სიტყვა ექსპერტმა ვაჟა ბერიძემაც ითხოვა და ამას ასევე საკმაოდ მწვავე კამათი მოჰყვა. პრემიერ-მინისტრი ვაჟა ბერიძეს ბევრ რამეში არ ეთანხმება, მაგრამ განსაკუთრებული აქცენტი პოსტიდან წასვლის თემაზე გაკეთდა:

ბიძინა ივანიშვილი: იმას როდესაც ამბობთ, რომ არათანმიმდევრული ვარ და არ ვასრულებ დავალებებს, რომ მივდივარ ხელისუფლებიდან და განცხადებები გავაკეთე. ბატონო ვაჟა, კეთილი ინებეთ, თუკი თქვენ ექსპერტობაზე გაქვთ პრეტენზია, თქვენ უნდა წაგეკითხათ და გაგეგოთ ჩემი პირველი ინტერვიუც, მეორეც, მესამეც...
ვაჟა ბერიძე: პირველიც წავიკითხე და მეორეც წავიკითხე...
ბიძინა ივანიშვილი: მეტი თანმიმდევრულობა რა გინდათ?! პირველსავეში ვამბობდი, რომ წავალ ამ დროს და რა არ მოგწონთ?!
ვაჟა ბერიძე: რამდენიმე წლის შემდეგო...
ბიძინა ივანიშვილი: 2-3 წელი ვთქვი მე. 2 წელიწადი და 2 თვე გადის უკვე. რა არ გაწყობთ?! სად გინახავთ პოლიტიკოსი ასეთი თანმიმდევრული?! აბა, მაგალითი მოიყვანეთ სადმე ისტორიაში.

წასვლა-არწასვლის თემაზე პრემიერ-მინისტრს, მართალია, გაცილებით ნაკლები მასშტაბის, მაგრამ გარკვეული კამათი ალექსანდრე რონდელთანაც მოუწია. ექსპერტი თვლის, რომ პოსტიდან წასვლა თავისთავად ურიგო პრეცედენტი არ იქნება, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი მაინც შეინარჩუნებს ზეგავლენას მთავრობაზე. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ის არაფორმალურ მმართველად არ იქცევა და თუკი ზეგავლენა ექნება, ეს კარგიც კი იქნება. შეიძლებაო, - ივარაუდა ალექსანდრე რონდელმაც.

მართალია, შეხვედრაზე დისკუსია ბევრ მნიშვნელოვან თემას, მაგალითად, ოკუპირებულ ტერიტორიებს, რუსეთთან სამომავლო ურთიერთობებს, მთავრობის მუშაობასა და ეკონომიკის განვითარებასაც შეეხო, მაგრამ ახალი თითქმის არაფერი თქმულა და, ამასთან, პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ აღნიშნა, რომ შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ექსპერტთათვის იმის რჩევა, რომ სამომავლოდ მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ კომენტარების გაკეთებისას და გამონათქვამები ”გაფილტრონ”. ბევრს მოეჩვენა, რომ ეს პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ მკაცრად, კატეგორიულად და ალაგ-ალაგ სრულიად მიუღებელი სახით გააკეთა. თუმცა ფაქტია, რომ შეხვედრის დასრულებისას მისი ტონი შერბილდა და შეიძლება ითქვას, რომ პრემიერ-მინისტრი და ექსპერტები მეგობრულად დაშორდნენ ერთმანეთს.