ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, მათ შეიმუშავეს პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი. კერძოდ, პრემია გაიცემა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე მათ მიერ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის ან განსაკუთრებით რთული დავალების შესრულებისთვის:
„აქ თითქოს არის მოსაზრება, რომ პრემიების გაცემა ხდება თითქოს პიროვნული, თუნდაც სუბიექტური გარემოებებიდან გამომდინარე. ეს განმარტება, ფაქტობრივად, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს ყველაფერი გამოვრიცხოთ. კონკრეტულად ჩამოთვლილია, თუ რა დროს, რა დამსახურებისთვის შეიძლება ჩვენ ვიმსჯელოთ პრემიების გაცემაზე. საჯარო მოხელეობა უნდა იყოს იმის სურვილი, რომ მე უკეთ ვიმუშავებ, მე უკეთ გავაკეთებ, მე უფრო კეთილსინდისიერი ვიქნები“.
იურიდიული კომისიის თავმჯდომარის თქმით, პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს თანამდებობის პირის სარგოს. მანვე განმარტა, რომ ხშირ შემთხვევაში გაცემული პრემიები დიდი მოცულობით აღემატებოდა სახელფასო ანაზღაურებას, ეს წესი კი ამ საკითხის დარეგულირებას უზრუნველყოფს.
„პრემიის გაცემა შეიძლება განხორციელდეს კვარტალში ერთხელ. ეს სავალდებულო ფორმით არ არის, რა თქმა უნდა, გადმოცემული. თუ გვაქვს შესაძლებლობა და ეს მონაცემები, რომ ზედმიწევნით, კეთილსინდისიერად, მაღალი ხარისხით ასრულებს თავის საქმიანობას, ამ შემთხვევაში შესაძლებელია. უქმე დღეებშიც არის საშუალება გასამრჯელოს გაცემის, მაგრამ აქაც ზღვარი არის დადგენილი - არაუმეტეს წელიწადში სამჯერ“, - განაცხადა ნუგზარ სარიამ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორ არჩილ თოდუას განცხადებით, მათი ორგანიზაცია უკვე დიდი ხანია მოითხოვს პრემიების საკითხის დარეგულირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. მისი თქმით, აუცილებელია პრემიები კონკრეტულ საჯარო მოხელეზე ინდივიდუალური დამსახურების მიხედვით გაიცეს და არა ერთიანი სისტემის საფუძველზე. არჩილ თოდუას განცხადებით, კარგი იქნება, თუ პრემიების გაცემასთან ერთად ამ დადგენილებაში შემუშავდება სქემა საჯარო მოხელის დაწინაურების შესახებ:
„თუკი მერი, საკრებულოს აპარატის უფროსი, საკრებულოს თავმჯდომარე კონკრეტული თანამდებობის პირის საქმიანობას აფასებს დადებითად წელიწადში ოთხჯერ, რატომ არ შეიძლება დაწინაურდეს?“
ნუგზარ სარიას თქმით, პრემია გაიცემა ინდივიდუალური აქტით და, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, დასაბუთების საფუძველზე.
საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიას განცხადებით, მოხდება აღნიშნული დოკუმენტის განხილვა და მასში შევა ცალკეული ცვლილებებიც:
„ინიციატორი იყო ქალაქ ზუგდიდის მერია, როცა შემოვიდა ეს დებულება. აქვე იქნება გათვალისწინებული პრემირების სისტემა არა მარტო მერიის თანამშრომლებისთვის, არამედ საკრებულოს თანამდებობის პირებისთვისაც. ეს დოკუმენტი ჯერჯერობით სამუშაო რეჟიმს გაივლის“.
საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ბათლომე შელიამ აღნიშნა, რომ ისინი აუცილებლად ჩაერთვებიან პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის შემუშავების პროცესში.