დღეს დავუბრუნდებით პრაღის კვადრიენალეს - სცენოგრაფიის დარგში მოღვაწეებისათვის უაღრესად მნიშვნელოვან ფესტივალს, რომელსაც თავისი მნიშვნელობისა და ოთხწლიანი ციკლის გამო, ოლიმპიადას ადარებენ ხოლმე. ფესტივალს 18-28 ივნისს მასპინძლობს პრაღა. კვადრიენალეზე და მასში მონაწილე ქართველებზე ჩვენ დაწვრილებით ვისაუბრეთ გასულ კვირაში, როცა რადიო თავისუფლების სტუდიაში მოვიწვიეთ ამ ფესტივალზე საქართველოს ეროვნული პავილიონის კურატორი ნინო გუნია-კუზნეცოვა და კონცეფციის ავტორი, თანაკურატორი თამარ ბოკუჩავა. მათგან ბევრი რამ შევიტყვეთ - მათ შორის ის, რომ საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარმოდგენილ გამოფენას ეწოდება „ქალის ხმა“ და რომ, ეროვნული პავილიონის გარდა, საქართველო წარმოდგენილია სტუდენტური პავილიონით. ამასობაში, საშუალება მოგვეცა გავსაუბრებოდით საქართველოს დელეგაციის კიდევ სამ წევრს: პრაღის სტუდიაში გვესტუმრნენ სწორედ სტუდენტური პავილიონის კურატორი ქეთი შავგულიძე, თეატრის მხატვარი ნინო ჩიტაიშვილი და საქართველოს კულტურის მინისტრის მრჩეველი, მხატვარი გიორგი გეგეჭკორი. პირველი შეკითხვით მივმართეთ ქეთი შავგულიძეს - ვთხოვეთ ესაუბრა პრაღის კვადრიენალეზე სტუდენტური პავილიონის სპეციფიკის შესახებ.
Your browser doesn’t support HTML5