„პოლიტპატიმართა“ გეგმები

ვახტანგ მაისაია

ამნისტიის შედეგად გათავისუფლებული პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მქონე პირთა ნაწილი აპირებს სასამართლოში უჩივლოს ხელისუფლებას და მატერიალური თუ სხვა სახის ზარალის ანაზღაურება მოითხოვოს. ამასთან, ვითარებაში მეტი სიცხადის შეტანის მიზნით, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მთელ რიგ საქმეებს უნდა მოეხსნას გრიფი „საიდუმლო“. რას აპირებენ პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირები და რას ცვლის მათი გათავისუფლება?

ვახტანგ მაისაია, რომელიც ჯაშუშობისა და სახელმწიფო ღალატის ბრალდებით 2009 წლის 5 მაისს დააპატიმრეს, სამართლიანობის აღსადგენად ჰააგის სამხედრო ტრიბუნალს მიმართავს. მისი თქმით, პასუხი უნდა გაეცეს ყველა ბრალდებას, რათა მოხდეს მისი როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური რეაბილიტაცია:

„ერთ-ერთი მუხლი, რომელიც მომიყენეს, არის ომის პერიოდში ჯაშუშობა, რომელიც თავისუფლად ჯდება ჰააგის ტრიბუნალის კრიტერიუმებში, ანუ მე, როგორც მოწმე, უნდა დავიკითხო ჰააგის ტრიბუნალის მიერ. ეს საქმე, სხვათა შორის, იხილებოდა. ჰააგის სამხედრო ტრიბუნალის პროკურორი მოითხოვდა ჩემს დაკითხვას მოწმის სტატუსით... ამიტომ იყო სააკაშვილი გამწარებული და მისი მძაფრი რეაქციაც ამით იყო გამოწვეული. ყოველივე აქედან გამომდინარე, მზად ვარ წარვდგე ტრიბუნალის წინაშე და მივცე ჩვენებები“.

ვახტანგ მაისაიას თქმით, ყოფილი ხელისუფლება მას საერთაშორისო კონტაქტებისა და სამოქალაქო პოზიციის გამო ებრძოდა:

„სააკაშვილმა ერთ-ერთ თათბირზე განაცხადა, რომ მაისაია არყევდა მის რეჟიმსა და იმიჯს - ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მოხდა ჩემი დაპატიმრება. ხელს უშლიდა ჩემი საერთაშორისო კონტაქტები, მათ შორის, კონტაქტი ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, რომ არ მისულიყო რეალური ინფორმაცია იმაზე, რაც საქართველოში ხდებოდა. მეორე ფაქტორი უკავშირდება ჩემს სამოქალაქო პოზიციას, რომელიც გამოიხატებოდა ჩემს დამოკიდებულებაში რეჟიმის მიმართ“.

პატიმრობიდან გათავისუფლებული ვახტანგ მაისაია იმ ადამიანების დასჯას მოითხოვს, ვინც მის დევნაში იღებდა მანაწილეობას. მაისაიას მსგავსად, სრული რეაბილიტაციისათვის ბრძოლას აპირებენ პოლიტიკური დევნილის სტატუსით გათავისუფლებული სხვა პირები, მათ შორის, ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძეც.
ეს დადგენილება არის პრაქტიკულად დადასტურება იმისა, რომ ამ კონკრეტულ ადამიანებს პოლიტიკური დევნის მოტივით ჰქონდათ უკანონო პატიმრობა მისჯილი ...
ლია მუხაშავრია

„მოვითხოვ კომპენსაციას ერთი მარტივი მიზეზის გამო: ვიდრე დამაპატიმრებდნენ, ვვარჯიშობდი, რათა წავსულიყავი უკრაინის ან კვიპროსის ერთ-ერთ გუნდში. დამიჭირეს არაფრის გამო, მოვცდი ამდენი წელი და, რა თქმა უნდა, ახლა კომპენსაციას მოვითხოვ“, უთხრა გიორგი დემეტრაძემ რადიო თავისუფლებას.

პოლიტიკური დევნილის სტატუსის მქონე 200-მდე პირიდან ნაწილი მატერიალური კომპენსაციის მისაღებად იბრძოლებს, ნაწილი კი სასამართლოს მხოლოდ გამართლების მიზნით მიმართავს. ამასთან, ადვოკატ ლია მუხაშავრიას თქმით, პარლამენტის მიერ მიღებულმა დადგენილებამ პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭების შესახებ ერთიორად გაზარდა სასამართლო პროცესის მოგების ალბათობა:

„ეს დადგენილება არის პრაქტიკულად დადასტურება იმისა, რომ ამ კონკრეტულ ადამიანებს პოლიტიკური დევნის მოტივით ჰქონდათ უკანონო პატიმრობა მისჯილი და მათ აღარ სჭირდებათ დამატებითი მტკიცება იმისი, რომ უკანონოდ იყვნენ მსჯავრდებულები, ამიტომ ეს არის უფრო დასაბუთებული პოზიცია - სასამართლოში მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება სრულად (როგორც მატერიალურის, ასევე მორალურის), რადგან იყვნენ უკანონო პატიმრები“.

პარლამენტი ასევე აპირებს მთელ რიგ საქმეებზე გრიფი „სადუმლოს“ მოხსნას, რათა, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, ყოფილ პატიმრებსა და მთლიანად საზოგადოებას საშუალება მიეცეს შეიტყონ ის, თუ ვინ და როგორ სჩადიოდა უკანონობას:
190 ადამიანის პოლიტიკურ პატიმრად დეკლარირება პარლამენტის მიერ, რაც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და არა სამართლებრივი, საქართველოს აყენებს ტრაგიკომიკურ ვითარებაში ...
გიორგი კანდელაკი

„წარსული პრაქტიკა ადასტურებს, რომ „საიდუმლო“ ენიჭებოდა იმ საქმეებს, რომლებშიც მტკიცებულებები არ ჰქონდათ და ამით ზღუდავდნენ საქმეში მესამე პირების დაშვებას. პატიმარი ციხეში იჯდა და ამბავს ვერ გამოიტანდა, ადვოკატს გავრცელების უფლება არ ჰქონდა, ხოლო პროკურორი თავისთავად ამ ინფორმაციას არ გაავრცელებდა. ამის გამო ბევრ საქმეს მოეხსნება გრიფი „საიდუმლო“, თუმცა ეს ინდივიდუალურ რეჟიმში მოხდება“.

თუმცა ამ საკითხში ხელისუფლებას არ ეთანხმება საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც ქვეყნისთვის საზიანოდ მიიჩნევს როგორც პარლამენტის დადგენილებას პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მინიჭების შესახებ, ასევე ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრების ინდივიდუალურად გათავისუფლებას. საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, გადაწყვეტილება საზიანოა როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი კუთხით:

„190 ადამიანის პოლიტიკურ პატიმრად დეკლარირება პარლამენტის მიერ, რაც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და არა სამართლებრივი, საქართველოს აყენებს ტრაგიკომიკურ ვითარებაში, რადგანაც პოლტპატიმრების რაოდენობა ბელორუსში არის 4, ჩრდილოეთ კორეაში - 11 და ა.შ. მით უმეტეს მაშინ, როცა არც ერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია და, პირველ რიგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციაში (#1801) საქართველოს შესახებ არც ერთ პოლიტპატიმარზე არ არის საუბარი და უცებ გაჩნდა 190! ანუ ამ ხალხის პოლიტპატიმრებად მოხსენიება არის ინტერპრეტაციის საკითხი“.

გიორგი კანდელაკის თქმით, ხელისუფლების გადაწყვეტილება შინაარსობრივადაც მოკლებულია საფუძველს, რადგანაც პოლიტპატიმრის სტატუსი მიენიჭათ ისეთ ადამიანებს, რომლებიც არასოდეს ყოფილან ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში. გიორგი კანდელაკი ასევე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ადგილი აქვს ამნისტიის ერთგვარ ინდივიდუალიზაციას, ანუ შემთხვევას, როცა ამნისტია ვრცელდება არა სისხლის სამართლის მუხლებზე, არამედ პიროვნებებზე, რითაც იცვლება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და, შესაბამისად, ირღვევა კონსტიტუცია.