პოლიტიკა ქალის საქმეა

საქართველოს პარლამენტმა შესაძლოა 2016 წლის არჩევნებამდე ცვლილებები შეიტანოს საარჩევნო კოდექსსა და კანონში გენდერული თანასწორობის შესახებ, რათა აღმოიფხვრას ის გენდერული დისბალანსი, რომელიც თავს იჩენს ადგილობრივ, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებში. ლაპარაკია სავალდებულო გენდერულ კვოტირებაზე, რომელმაც უნდა გაზარდოს ქალთა ჩართულობა სახელმწიფოს მმართველ სტრუქტურებში. როგორ არიან წარმოდგენილი ქალები ხელისუფლებაში და რას შეცვლის გენდერული კვოტის შემოღება?

საქართველოს მთავრობის ოცი წევრიდან მხოლოდ სამია ქალი, პარლამენტის 150 დეპუტატიდან კი ქალი ჩვიდმეტი, ანუ 11 პროცენტია, და ეს მაშინ, როცა მსოფლიოს მასშტაბით საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი 22 პროცენტი, ხოლო ევროპის მასშტაბით 25 პროცენტია. ამასთან, როგორც იურისტი თამარ გურჩიანი ამბობს, საქართველოს არც ერთ წინა მოწვევის პარლამენტში ქალთა წილი არ ყოფილა 10 პროცენტზე მაღალი. არადა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა 53 პროცენტი სწორედაც რომ ქალია.

„ქალები პარლამენტში იმიტომ კი არ უნდა იყვნენ, რომ პარლამენტი უნდა გაალამაზონ ან მამაკაცებმა წყალობა უნდა გაიღონ, არამედ იმიტომ, რომ ეს მათი უფლებაა, რაც ნიშნავს სახელმწიფო ვალდებულებას. ნებისმიერ ქვეყანაში იყო ასეთი პრაქტიკა და საქართველოც არ იყო გამონაკლისი: ქალები იჩაგრებოდნენ, ქალების როლი იყო მეორეხარისხოვანი სუბიექტის როლი და ეს როლი უნდა შეიცვალოს. ამას რომ ვაღიარებთ, აღარ გაგვიჭირდება იმის თქმა, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა ხელი შეუწყოს ქალების მონაწილეობას. რას ნიშნავს ეს მონაწილეობა? წარმოიდგინეთ, რომ ხარ მაგიდასთან, სადაც გადაწყვეტილების მიმღებები სხედან. აი, ამ მაგიდას უნდა მიუსხდნენ ქალები. ასეთი ფორმულა არსებობს: თუკი მაგიდასთან არ ზიხარ, მაშინ შენ ხარ მენიუში, მაშინ შენ ეწირები მსხვერპლად ამ გადაწყვეტილებებს“, უთხრა თამარ გურჩიანმა რადიო თავისუფლებას.

თამარ გურჩიანის თქმით, მთელ მსოფლიოში ქალთა 30-პროცენტიანი წარმომადგენლობა ითვლება ე.წ. „კრიტიკულ მასად“, რომელიც საშუალებას აძლევს ქალებს მოახდინონ სახელმწიფო პოლიტიკაზე საგრძნობი გავლენა, თუმცა, ცხადია, სამართლიანი იქნებოდა 50-იანი წარმომადგენლობა. „კავკასიური სახლის“ მიერ 2003 წელს გამოცემული გენდერულ ტერმინთა ლექსიკონის მიხედვით,

გაეროს 1990 წლის ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების რეკომენდაციის თანახმად, 30-პროცენტიანი კვოტირება განიხილება როგორც დირექტიული ხასიათის მინიმალური მოთხოვნა სახელმწიფო სტრუქტურების დემოკრატიზაციისათვის. თუმცა 2003 წელს საქართველოს პარლამენტში კვოტირების სისტემის დანერგვის ინიციატივამ ვერ პოვა მხარდაჭერა, მიუხედავად ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის თაობაზე კომიტეტის რამდენიმე რეკომენდაციისა, რომელიც საქართველოს მთავრობას ავალდებულებს სპეციალური დროებითი ღონისძიებების გატარებას. შესაბამისად, როგორც სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების იურისტი ნინო ჯანაშია ამბობს, ამჟამად საქართველოში არ მოქმედებს სავალდებულო გენდერული კვოტირების არანაირი ნორმა.

„მხოლოდ არსებობს წამახალისებელი ნორმა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონში, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი პარტიები პარტიული სიების ყოველ ათეულში წარმოადგენენ 30% ქალს, მაშინ ისინი მიიღებენ საბაზისო დაფინანსებაზე დანამატს 30%-ის ოდენობით. ეს არის წამახალისებელი ნორმა, რომელიც, პრაქტიკიდან გამომდინარე, აღმოჩნდა, რომ არ მოქმედებს. მხოლოდ ორმა პარტიამ დაიცვა ქალების 30%-იანი წარმომადგენლობა. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სრულიად არასაკმარისია იმისთვის, რომ გენდერული თანასწორობა უზრუნველყოფილი იყოს პარტიულ სიებში“, უთხრა ნინო ჯანაშიამ რადიო თავისუფლებას.

ამასთან, როგორც ირკვევა, პარტიულ სიებსა და, ზოგადად, ხელისუფლებაში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მომხრეა საზოგადოების მნიშვნელვანი ნაწილი. საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 2014 წლის ოქტომბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს ამომრჩეველთა 70%-ზე მეტს სურს, რომ უფრო მეტი ქალი იხილოს პოლიტიკაში, ხოლო პარლამენტში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით სავალდებული კვოტების შემოღებას სრულად ემხრობა გამოკითხულთა 45 %, ნაწილობრივ კი - 25 %. ამგვარი ტენდენციის არსებობას ადასტურებს რადიო თავისუფლების მიერ თბილისის ქუჩებში ჩატარებული მცირე გამოკითხვაც:

ნათელა, 53 წლის: „სასურველია, რომ ქალები პოლიტიკაში უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე არიან. პრინციპში, არ იქნება ურიგო, თუკი პარლამენტში შესაბამისი კვოტები გამოიყოფა“.

კახაბერი, 46 წლის: „ვფიქრობ, რომ ქალები პოლიტიკაში არიან ჰუმანურობის მომტანნი, უფრო საზრიანები. მეტი აქვთ ინტუიცია და ხვდებიან, რა და როგორ გააკეთონ. ჭკვიანებიც არიან და საზრიანებიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, მამაკაცებზე მეტადაც“.

ნინო, 61 წლის: „დარწმუნებული ვარ, რომ ქალი პოლიტიკოსები იმუშავებენ და იზრუნებენ ქალების ცხოვრების გაუმჯობესებისათვის. როგორი ძნელია ქალის ცხოვრება, ამას კაცები ვერ აღიქვამენ“.

თუმცა ქალთა ჩართულობისა და მონაწილეობის დაკანონებისთვის სახელმწიფო ბევრს არაფერს აკეთებს. ალბათ, ამის გამოა, რომ გენდერული ბალანსი მიიღწევა მხოლოდ ხელისუფლების იერარქიის დაბალ დონეზე და ისიც ბუნებრივად და არა სახელმწიფო ინსტიტუტების ძალისხმევით. ქეთი მახარაშვილი, მენეჯერი გაეროს პროგრამისა "საქართველოში გენდერული თანასწორობისთვის", განმარტავს:

„იერარქიულ, ვერტიკალურ ჭრილში რომ ვაკვირდებით, ვხედავთ, რომ ქალების რაოდენობა მით უფრო მცირდება, რაც უფრო ზემოთ ავდივართ, ანუ გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე ქალების რაოდენობა საგრძნობლად ნაკლებია, ვიდრე კაცებისა. შესაბამისად, რეალურად ჩანს, რომ მოსახლეობის 54% არ არის ჩართული არც დემოკრატიულ პროცესებში და არც ეკონომიკურ პროცესებში. ძალიან ბევრ სფეროში ქალის პოტენციალი არის დაკარგული და ამას ნელ-ნელა სახელმწიფოც ხვდება და აღიარებს, რომ, მაგალითად, ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი იყოს ჩართული ამ პროცესში“.

ამ პროცესს აქტიური მხარდამჭერები ჰყავს ხელისუფლებაშიც. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ინსტიტუციური კულტურის შესაცვლელად ემხრობა კვოტების შემოღებას:

„კანონით დადგინდეს, რამდენი ქალი უნდა იყოს პარლამენტში და რამდენი პარტიულ სიაში. ზოგ ქვეყანაში ეს პრაქტიკის დონეზე რეგულირდება და არავინ არღვევს ამ პრაქტიკას, მაგრამ ჩვენ ეს პრაქტიკა არ გვაქვს და არც გვქონია არასდროს და, ვფიქრობ, დროებითი ზომის სახით, კანონით უნდა იქნეს ამგვარი კვოტები შემოტანილი“.

ცხადია, კანონში ცვლილებების შეტანას სჭირდება მმართველი პარტიისა და პარლამენტში წარმოდგენილი სხვა პოლიტიკური ძალების მხარდაჭერა. პარლამენტის ვიცე-სპიკერი და გენდერული საბჭოს ხელმძღვანელი მანანა კობახიძე კი ამბობს, რომ საკითხთან დაკავშირებით ერთსულოვნება არც პარლამენტშია და არც საპარლამენტო უმრავლესობაში. ნიშანდობლივია ისიც, რომ ერთის გარდა არც ერთმა პარტიამ, მათ შორის, არც მმართველმა კოალიციამ უკანასკნელ არჩევნებში არ ისარგებლა ნებაყოფლობითი ფინანსურად წამახალისებელი კვოტირებით:

„ესეც მანიშნებელია იმისა, თუ რამდენად არის ხელისუფლება მზად, ანუ ჩანს, რომ მუშაობაა საჭირო. საკითხს სჭირდება მეტი აქტუალიზაცია, ლობირება და პოლიტიკოსების დარწმუნება, რომ ეს არის კარგი, საჭირო და დროებითი ღონისძიება“.

თუმცა, პოლიტიკური ელიტის პოზიციის გარდა, ქალთა ჩართულობის გაზრდას ასევე აფერხებს კულტურული ფონიც. ფილოსოფოს ლელა გაფრინდაშვილის თქმით, გარდა იმისა, რომ ხელშესახები წინაღობის და აკრძალვის არარსებობის გამო, საქართველოს საშუალო მოქალაქე ირონიით უყურებს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის პრობლემას, მნიშვნელოვანია საკითხისადმი ქალების დამოკიდებულებაც.

„მთავარი მიზეზი, რის გამოც ევროპაში მოხდა ამ სისტემის - როგორც შიდაპარტიული კვოტირების, ასევე საპარლამენტო კვოტების - გამოყენება, მდგომარეობს იმაში, რომ ქალები, ზოგადად, კულტურათა უმრავლესობაში არ ისწრაფვიან მაინცდამაინც პოლიტიკაში მოსასვლელად. რაღაც ეტაპამდე მათ ურჩევნიათ, რომ მოემსახურონ პოლიტიკას, პოლიტიკურ წყალს, როგორც მასკულინურ წყალს. ამ წყალში შეცურონ, ოღონდ არა საკუთარი სახელისა და წარმატებისთვის, არამედ თავიანთი მამაკაცებისთვის“, უთხრა რადიო თავისუფლებას ლელა გაფრინდაშვილმა, რომლის თქმით, კვოტირება უბიძგებს ქალებს თავისი სახელით მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ საქმიანობაში და გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები არა როგორც მომსახურე პერსონალმა პოლიტიკურ პროცესში, არამედ როგორც მთავარმა წარმმართველმა ძალამ. ლელა გაფრინდაშვილის თქმით, კვოტირების ხელოვნური ზომით ამგვარი ტრანსფორმაცია უკვე მოხდა ჩრდილოეთ ევროპაში და სასურველია საქართველოც ამავე გზას დაადგეს:

„გაზომილია არა მარტო ამ ქვეყნებში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებშიც ქალების პოლიტიკური მონაწილეობის კორელაცია კეთილდღეობის ხარისხთან და აღმოჩნდა, რომ ქალების პოლიტიკური მონაწილეობა პირდაპირ არის დაკავშირებული და მკაცრ კორელაციაშია ამ ქვეყნებში მოქალაქეთა კეთილდღეობასთან“.

ქალთა პოლიტიკური საქმიანობის გაძლიერების საკითხზე მომუშავე ჯგუფის ძალისხმევით სავალდებულო გენდერული კვოტის შემოღების იდეამ კანონპროექტის სახე შეიძინა. ამ ჯგუფის წევრია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების იურისტი ნინო ჯანაშია, რომელიც იმედოვნებს, რომ პარლამენტი კანონპროექტის სახით წარდგენილი რეკომენდაციების დიდ ნაწილს გაითვალისწინებს:

„რაზეც ყველა ჩამოვყალიბდით ჯგუფში და შევთანხმდით, არის ის, რომ პარტიულ სიაში ყოველი მეორე უნდა იყოს ქალი, ანუ 50% უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი და სანქცია, თუკი პარტია არ დაიცავს აღნიშნულ ნორმას, უნდა იყოს არა ფინანსური, არამედ სიის დარეგისტრირებაზე უარი ცესკოს მიერ. გარდა ამისა, ჯგუფის მნიშვნელოვანი ნაწილი იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ პარტიების მიერ წარდგენილ მაჟორიტარულ კანდიდატებს შორისაც კი უნდა იყოს გენდერული ბალანსი დაცული“.

იურისტი თამარ გურჩიანიც დარწმუნებულია, რომ გენდერული კვოტირების იდეა პარლამენტმა კანონად უნდა აქციოს. „არსებული გარემოებისა და განსაკუთრებით ქალთა წინააღმდეგ აგორებული სისასტიკის ტალღის გათვალისწინებით, საზოგადოებას სხვა გამოსავალი და არჩევანი არა აქვს“, მიაჩნია თამარ გურჩიანს.

„ყველა ჩვენგანი, მათ შორის, პოლიტიკოსიც უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ქალების პოლიტიკური უფლებების, პოლიტიკური ძალაუფლების დროა! თუმცა, რა თქმა უნდა, ისეთი მიამიტები არ ვართ, ვიფიქროთ, რომ ყველა 150 დეპუტატი - მათ შორის, თუნდაც ქალი - გენდერულად მგრძნობიარეა, მაგრამ ჩვენ არ მოვეშვებით მანამ, ვიდრე არ გააკეთებენ ამას. ისინი ვალდებულები არიან! თუ ჩვენ დაველოდებით იმას, სანამ მოვა ძალიან განათლებული და მგრძნობიარე დეპუტატთა კორპუსი, მაშინ ეს დროს არასოდეს არ დადგება. ამიტომ ქალების ბრძოლასა და ძალისხმევაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული“, უთხრა თამარ გურჩიანმა რადიო თავისუფლებას.