პიგმეების მუსიკა

კამერუნი

ეს აფრიკული პოლიფონიაა. უფრო ზუსტად, ცენტრალური აფრიკის ჯუნგლების მუსიკა. შემსრულებლები კი, ტროპიკული ტყეების მკვიდრნი არიან, რომელთაც კონგოში - მბუტის, კამერუნში - ეფეს, ხოლო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ბააკას ხალხად მოიხსენიებენ. სამივე პიგმეების სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებია.

ბააკას ხალხი ამბობს, რომ მელოდია ძილში ჩაესმით. ტყის სული ესიზმრებათ, რომელიც მათ უმღერის. გამოღვიძებულნი სიზმარში მოსმენილს იმეორებენ და თუ სხვებიც აჰყვებიან, ის ტომის რეპერტუარის ნაწილი ხდება.

პიგმეების მიერ სიმღერის შესრულების ფორმა უცნაურია. თითოეული საკუთარ პარტიას ისე ასრულებს, თითქოს მარტოა და გარშემო არავინ ეგულება. საერთო ჯამში, ყველა ინდივიდუალურად და, ამავე დროს, ერთდროულად იმპროვიზირებს. საინტერესოა ისიც, რომ უნისონში მღერას გაურბიან. ეს სასიმღერო კანონის უხეშ დარღვევად ითვლება და, თუ მსგავსი რამ ხდება, შეცდომას ასწორებენ და მათი ხმების გზებიც იყოფა. ამგვარი კოლექტიური ბალაგანი ტომის წევრებში ერთობისა და ბუნებასთან ჰარმონიის განცდას აძლიერებს, საოცრად შთამბეჭდავ აკუსტიკურ ეფექტს ქმნის და, შესაძლოა, გურული კრიმანჭულიც კი მოგაგონოს.

ხსენებული მრავალხმიანობის წევრობა დიდ ოსტატობას მოითხოვს, რადგან მომღერალს მრავალშრიანი მელოდიის განვითარების რამდენიმე ვარიანტი უნდა ჰქონდეს. შესაბამისად, ვოკალურ ხელოვნებას ბავშვობიდანვე, საუბართან ერთად ეუფლებიან და იმპროვიზაციულ უნარებს ავითარებენ.

საკრავებს იშვიათ შემთხვევაში იყენებენ. პიგმეების მონადირული ცხოვრების წესი მუდმივ გადაადგილებას მოითხოვს. შესაბამისად, ინსტრუმენტების გადატანა ზედმეტი ტვირთია. ვოკალური ხაზის რიტმულ აკომპანემენტს ტაშით, პატარა დოლებითა და ხის ჯოხების დახმარებით ახდენენ. საინტერესოა ისიც, რომ სიმღერებში ერთდროულად ჟღერს რიტმები და მელოდიები, თითოეული ბგერა ორი ან სამი მერვედი გრძლიობის ნოტს შეიცავს. ეს კი ურთულეს პოლირიტმიას წარმოქმნის.

ბააკას ხალხისა და პიგმეების სხვა ჯგუფების ვოკალურ კულტურაზე, როგორც უნიკალურ მუსიკალურ ფენომენზე, მრავალი კვლევა ჩატარებულა. სხვადასხვა დროს ცენტრალური აფრიკის ტყეებში არაერთი ეთნომუსიკოლოგი ჩასულა და ჯუნგლებშივე ჩუწერია ადგილობრივთა შემოქმედება. თუმცა ამჯერად ერთ პროექტს გამოვარჩევდი, რომელიც 1992 წელს ორმა ბრიტანელმა მუსიკოსმა - მარტინ კრედიკმა და სიუ ჰარტმა - განახორციელა. ისინი კამერუნში მცხოვრებ ბააკას ხალხს ესტუმრნენ, ევროპული პოპმუსიკა ასმენინეს, აკუსტიკური გიტარები აჩუქეს და დაკვრა შეასწავლეს. უცხო საკრავების პიგმეურ პოლიფონიაში შემოტანამ მეტად საინტერესო შედეგი გამოიღო.

2000 წელს კი ბააკას ხალხმა საკუთარი ბენდი ჩამოაყალიბა. ზემოხსენებული ბრიტანელი მუსიკოსების მიერ ნაჩუქარ გიტარებზე დაკვრა შეისწავლეს და თავად შეუდგნენ ევროპული და პიგმეური მუსიკის სინთეზს. "Baka Gbine" - ასე დაარქვეს საკუთარ ჯგუფს, რომელმაც მალევე გაითქვა სახელი. კამერუნის მასშტაბით კონცერტების გამართვა დაიწყეს, ფესტივალები და რამდენიმე ალბომიც გამოსცეს.