ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი გრძელდება, უკრაინაში „წინასწარმეტყველებს“ ღორი

ევროპის ჩემპიონატის ექვსი მატჩიდან ოთხი გამოიცნო ღორმა, სახელად ფუნტიკმა, რომელიც ამ დღეებში კიევში, კრეშჩატიკზე მოქმედ, ეგრეთ წოდებულ, ფანზონაში ბინადრობს. ჩემპიონატი დაწყებული არ იყო, რომ ფუნტიკს პირველი გამოცდა უნდა ჩაებარებინა. მას თავიდან ორი თეფში დაუდგეს, მისი უსაყვარლესი საჭმლით, სიმინდის ჩხირებით სავსე. ერთზე პოლონეთის დროშა იყო მიმაგრებული, მეორეზე საბერძნეთისა. კიევის ფანზონაში უამრავი ხალხი იყო მისული ამ სცენის სანახავად. ჯერ იყო და ფუნტიკმა არასგზით არ გამოიღვიძა და, ამდენი ხალხის ხმაურის მიუხედავად, მხართეძოზე ეგდო და ფშვინავდა. ბოლოს, ფანზონის საგანგებოდ მასზე მიმაგრებული თანამშრომელი იძულებული გახდა ფუნტიკი გაეღვიძებინა. გამოღვიძებულმა პოლონეთისდროშიან თეფშში ჩაჰყო დინგი და, ამდენად, პირველი თამაშის ანგარიში ვერ იწინასწარმეტყველა, მაგრამ მეორე თამაშის შედეგი ფუნტიკმა „გამოიცნო“. რუსეთის და ჩეხეთის რესპუბლიკის მატჩში, მისი ვარაუდით, ჩეხებს უნდა წაეგოთ და ასეც მოხდა. კიევის ფანზონის დირექტორი ოლეჰ კატკოვი კვირას, როცა საღამოს თამაშები ჯერ დაწყებული არ იყო, ფუნტიკის მიერ „გამოცნობილ“ სხვა მატჩების შედეგებზეც ლაპარაკობდა:

ეს ყველაფერი დამთხვევაა. მე ბუნებით მათემატიკოსი ვარ, მატერიალისტი. ამის დაჯერება ჩემთვის ძნელია ...

„მაგარია ეს ჩვენი ღორი! იმ დღეს სწორად გამოიცნო დანიის და გერმანიის გამარჯვება. ასე რომ, შეგვიძლია ვენდოთ. „ცე“ ჯგუფის პირველ ორ თამაშში, მისი წინასწარმეტყველებით, ესპანეთი და ხორვატია გაიმარჯვებენ.“

ფუნტიკმა, როგორც გითხარით, ექვსი მატჩიდან ოთხის შედეგი გამოიცნო. მან არასწორად იწინასწარმეტყველა ესპანეთ-იტალიისა და პოლონეთ-საბერძნეთის თამაშები. ცხადია, რომ - ღორი იქნება თუ ქრცვინი, სპილო თუ რვაფეხა - ყველა ამ ცხოველის წინასწარმეტყველება გართობისთვისაა და მას სერიოზულად არავინ უყურებს. ეს უკრაინელი გულშემატკივარიც ასევე ფიქრობს, თუმცა, ჩანს, სხვაგვარი მოსაზრებაც მოუსმენია:

„ეს ყველაფერი დამთხვევაა. მე ბუნებით მათემატიკოსი ვარ, მატერიალისტი. ამის დაჯერება ჩემთვის ძნელია.“

ფუნტიკთან ერთად წლევანდელი ჩემპიონატის თამაშების შედეგების წინასწარ გამოცნობაში არიან ჩართული ხარკოვში ქრცვინი, სახელად ფრედი, და კიტა, სპილო, ვარშავაში. ცხოველების მიერ საფეხბურთო მატჩების წინასწარმეტყველებაში ყველაზე წარმატებული იყო რვაფეხა, სახელად პაული. მან 2010 წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე, გერმანიაში, მასპინძელი გუნდის ყველა თამაშის შედეგი „გამოიცნო“ და ფინალში ნიდერლანდზე ესპანეთის გამარჯვებაც წინასწარ „იცოდა“.