კრემლის პრესმდივნი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება სამი რუსი მოქალაქის მიმართ სანქციების დაწესების თაობაზე და სენატის წინადადება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების შესახებ, არის იმ ნაბიჯების გაგრძელება, რომლებიც ხელოვნურად აკნინებს რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ იმ ფაქტის გამო, რომ სწორედ ბარაკ ობამას მეორე ვადით პრეზიდენტობის განმავლობაში მოხდა რუსეთისა და შეერთებული შტატების ორმხრივი ურთიერთობის უპრეცედენტო დეგრადაცია. დარწმუნებული ვართ, რომ ეს არ ემსახურება არც ჩვენს ინტერესებს, და არც ვაშინგტონისას, რის გამოც ვწუხვართ. ამავე დროს, ჯერაც არ დაგვიკარგავს იმედი, რომ მომავალში, ასე თუ ისე, მაინც მოვახერხებთ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი ურთიერთობა პოზიტიურ ტრაექტორიაზე გავიყვანოთ“, განაცხადა კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა.
2016 წლის ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის კიბერშეტევის შესახებ ისაუბრა პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა და დემოკრატმა სენატორმა ბერნი სანდერსმა: „მტკიცებულებები ცხადზე უცხადესია და უნდა გვესმოდეს, რომ უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსებს ეს პირველად არ ჩაუდენიათ. ვფიქრობ, ისინი მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც ეწევიან ამგვარ საქმიანობას. ამ გზით რუსები პრეზიდენტად არჩევაში დაეხმარნენ თავიანთ სასურველ კანდიდატს, ბატონ ტრამპს. ამავე დროს, ეს იყო ცდა, მნიშვნელოვანწილად, ძირი გამოეთხარათ ამერიკული დემოკრატიისთვის. ჩემი აზრით, აშკარაა მტკიცებულებები იმისა, რომ რუსეთმა მეტად საზიანო, მიუღებელი როლი შეასრულა და ჩვენ ეს უპასუხოდ არ უნდა დავტოვოთ. ბატონი ტრამპის პოზიცია, თითქოს ეს ყველაფერი სინამდვილეს არ შეესაბამებოდეს, ან მთლად ზუსტი არ იყოს, მისი განცხადებები, სადაზვერვო სამსახურებს არ ვენდობიო, კარგს ვერაფერს მოიტანს.“
9 იანვარს ვაშინგტონმა რუსეთის კიდევ რამდენიმე წარმომადგენელი დაამატა იმ პირთა სიას, რომელთაც ეკრძალებათ შეერთებულ შტატებში ჩასვლა. ამ პირებს შორის არიან რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ ბასტრიკინი და ორი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან 2006 წელს პუტინის კრიტიკოსის, ალექსანდრ ლიტვინენკოს მოწამვლაში. დღეისთვის ე.წ. „მაგნიტსკის სიაში“ რუსეთის 44 მოქალაქის გვარებია შეტანილი.