მოგეხსენებათ, რომ ნიუ-იორკის „ლინკოლნ-ცენტრის“ მუსიკალური პროგრამებისა და ჯაზ-ორკესტრის თავკაცი, თანამედროვე ამერიკული მუსიკის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, პულიცერის პრემიის ლაურეატი და 9 გრემის მფლობელი მესაყვირე უინტონ მარსალისი ბრძანდება - ის კაცი გახლავთ, რომელიც ურყევად დგას კლასიკური აკუსტიკური ჯაზური ფორმის სადარაჯოზე, რის გამოც ხშირად რეტროგრადად მოიხსენიებენ და მუსიკის არქაულ ფორმებში გამოკეტილ არტისტად მიიჩნევენ. მართლაც, ჯაზის ისტორიის უბადლო მცოდნე უინტონ მარსალისი გასული საუკუნის დასაწყისის ყაიდაზე უკრავს, ოღონდ არა კოპირებული, გადამღერებული ხელწერით, არამედ ახალორლეანულ სტილისტიკას თანამედროვე ელფერს აძლევს, ბოპისა თუ ქულჯაზის ელემენტებით ამდიდრებს და ყველაზე უკეთ ახერხებს აწმყოს წარსულთან დაკავშირებას. ჰოდა, ამას წინათ ახალი პროექტი დააანონსა, რომელიც ჯაზის ტრადიციულ ფორმებზე ექსპერიმენტის კიდევ ერთ მაგალითს წარმოადგენს. საუბარია ნოემბრის ბოლოს „ლინკოლნ-ცენტრში“ დაგეგმილ კონცერტზე, სადაც უინტონ მარსალისის ბიგ-ბენდი პაკისტანელი მუსიკოსების ჯაზურ ანსამბლს (Sachal Jazz Ensemble) უმასპინძლებს. ამერიკელებისა და პაკისტანელების პირველი შეხვედრა შარშან მარსიაკის ჯაზურ ფესტივალზე შედგა.
დამეთანხმებით, რომ „პაკისტანური ჯაზი“ უცნაურად ჟღერს, რომ არაფერი ვთქვა მის ხელმძღვანელზე – პაკისტანური ჯაზის სულისჩამდგმელზე – მაჯიდ იზატზე, რომელსაც არანაკლებ უჩვეულო ბიოგრაფია აქვს. ის 1950 წელს პენჯაბის პროვინციის დედაქალაქ ლაჰორში, შეძლებულ ოჯახში დაიბადა. მამამისი ცნობილი კინოპროდიუსერი და ჯაზური მუსიკის დიდი მოტრფიალე იყო. პატარაც მშობლის ფირფიტების უდიდეს კოლექციას დაეწაფა, სადაც დიზი გილესპის, დიუკ ელინგტონისა და ელა ფიცჯერალდის სამყაროში მოხვდა. თუმცა ჯაზის უკურნებელი სენი საბოლოოდ 1958 წელს შეეყარა, როცა მის მშობლიურ ქალაქს დეივ ბრუბეკის კვარტეტი ესტუმრა. როგორც თავად იხსენებს, კონცერტზე მოსმენილმა ელინგტონის „ლიბერიულმა სიუიტამ“ განსაზღვრა კიდეც მისი მომავალი. მუსიკას არ გაჰყოლია, სამაგიეროდ, რაღაც ხანს საუდის არაბეთის ნავთობმრეწველობის მინისტრის მრჩევლად იმუშავა, ხოლო მოგვიანებით, უმსხვილესი საერთაშორისო საინვესტიციო ფონდს მართავდა. ერთ მშვენიერ დღეს კი წარმატებულმა ბიზნესმენმა ყველა საქმე მიატოვა და მუსიკის მსახურების გადაწყვეტილება მიიღო. რამდენიმე მილიონი დოლარი ლაჰორში ხმის ჩამწერი სტუდიის გახსნას მოახმარა, რომელიც ლონდონური „ები როუდის“ სპეციალისტების მეშვეობით აიწყო და მოწინავე ბრენდების კლასიკური თუ ულტრათანამედროვე ხმის ჩამწერი აპარატურით აღიჭურვა. იმხანად პაკისტანს გენერალი ზია ულ-ჰაკი მართავდა, რომლის საყოველთაო ისლამიზაციის პოლიტიკის პირობებში ქვეყანა რელიგურ ექსტრემიზმს მოეცვა, ზოგადად მუსიკა არაისლამურ ხელოვნების ფორმად, ხოლო დასავლური საერთოდ ღვთისგმობად გამოცხადებულიყო. ჰოდა, ლონდონში მცხოვრებმა მაჯიდმა ულუკმაპუროდ დარჩენილ საუკეთესო პაკისტანელ არტისტებს მოუყარა თავი და ზემოხსენებული ანსამბლიც ჩამოაყალიბა, რომელსაც დღემდე პატრონობს და მსოფლიოს წამყვან ფესტივალებზე დაატარებს.
2011 წლიდან მოყოლებული, მაჯიტ იზატის პროდიუსერობით, პაკისტანურმა ანსამბლმა რამდენიმე ალბომიც ჩაწერა. ბოლო მათგანი - „Jazz and All That“ - სტივი უანდერის, ჯონ ლენონის, პოლ მაკარტნის, ჰენრი მანჩინის, პეტ მეთენისა და სხვა გამოჩინებულთა ნაწარმოებების მეტად საინტერესო ინტერპრეტაციებისაგან შედგება. თუმცა ამჯერად სადებიუტო ალბომზე შევჩერდები, სადაც ცნობილი ჯაზური სტანდარტების იმპროვიზაციული ვერსიებია წარმოდგენილი. მათგან პოლ დესმონდის Take Five-ს გამოვყოფდი, რომელმაც პაკისტანელებს პირველი მსოფლიო აღიარება მოუტანა, თავად დეივ ბრუბეკმა კი მას მისთვის ნაცნობ ვარიანტებს შორის ყველაზე საინტერესო და უჩვეულო ვერსია უწოდა.