რესტავრატორები ორი კვირაა ვარძიის უნიკალური კედლის მხატვრობას ჭვარტლის მხოლოდ ზედა ფენისგან წმენდენ. ვარძიის ტაძრის კედლების გასუფთავებაზე რესტავრატორების შვიდკაციანი ჯგუფი მუშაობს.
Your browser doesn’t support HTML5
სპეციალისტები გაჭვარტლულ მხატვრობას მიკროსკოპით ათვალიერებენ, ფოტოდოკუმენტაციას ადგენენ და შემდეგი ეტაპისთვის გაწმენდის ტექნოლოგიას არჩევენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ გადაუდებელ გაწმენდით სამუშაოებს მოხატულობის მდგომარეობა და მშრალი ტექნიკით შესრულებული მხატვრობა ართულებს.
ვარძიის კედლის მხატვრობის მდგომარეობის შესწავლაში, ქართველ რესტავრატორებთან ერთად, უცხოელი სპეციალისტებიც ჩაერთვნენ. ლონდონის კურტოს ინსტიტუტის კედლის მხატვრობის ექსპერტი ამარილი რავა ნიმუშებს ლაბორატორიული კვლევებისთვის იღებს.
გაწმენდითი სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტთან ერთად მოინახულა. ეპარქიის მმართველი მიტროპოლიტი თეოდორე განმარტავს, რომ მომხდარში პასუხისმგებლობა ყველაზე თანაბრად ნაწილდება.
პირველი ეტაპი - გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოები - ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ანთიძე ვარაუდობს, რომ შემდეგი - კონსერვაციის - ეტაპი მომავალი წლიდან დაიწყება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უცხოელი სპეციალისტების დასკვნას ელოდება. რესტავრატორები ამბობენ, რომ კედლის მხატვრობის გაწმენდა და რესტავრაცია ხანგრძლივი პროცესი იქნება.