სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში

ლარის კურსის ცვალებადობამ ბოლო თვის განმავლობაში გააჩინა კითხვები საქართველოში ფასწარმოქმნის პრინციპებსა და ინფლაციურ პროცესებთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის წინ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2014 წლის ნოემბერში, გასულ წელთან შედარებით, ინფლაციის მაჩვენებელი, სულ, 2,8 პროცენტით იყო გაზრდილი. ითქვა ისიც, რომ ამაში ძირითადი წვლილი საკვებისა და ალკოჰოლური სასმელების ფასის ზრდამ შეიტანა, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაიაფებამ მსოფლიო ბაზარზე კი გარკვეულწილად დააზღვია ინფლაციური პროცესები საქართველოში.

სტატისტიკის სამსახურის მიერ ამ დღეებში გამოქვეყნებული ინფორმაცია პასუხს იძლევა კითხვაზე, როგორ აისახა მსოფლიო პროცესები და ლარის კურსის რყევა უშუალოდ საქართველოში წარმოებული პროდუქციის ფასებზე.

საინტერესოა, რომ, ამ სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2014 წლის ნოემბერში, 2014 წლის ოქტომბერთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი შემცირდა 0,8 პროცენტით. გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ინდექსი გაიზარდა 3,8 პროცენტით და, 2005 წლის საშუალოსთან შედარებით, - 65,1 პროცენტით. ანუ ეს ნიშნავს, რომ ნავთობის და საპოხი მასალების შედარებითმა გაიაფებამ ოქტომბერ-ნოემბერში მკვეთრი ფასთა ზრდისგან ქართული წარმოების პროდუქციაც დააზღვია. თუმცა, თუ 2005 წელს შევადარებთ, აღმოვაჩენთ, რომ ბოლო ათი წლის მანძილზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის ფასები 65,1 პროცენტით გაიზარდა, ანუ ცხოვრება გაძვირდა.

თუ მიმდინარე წელს ოქტომბრისა და ნოემბრის ფასთა წარმოქმნის მიზეზებს გადავხედავთ, აღმოჩნდება, რომ 2014 წლის ნოემბერში, 2014 წლის ოქტომბერთან შედარებით, ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ მიმართულებებზე: დამამუშავებელ მრეწველობაში ფასები შემცირდა 0,7 პროცენტით; ფასების მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა ქიმიურ წარმოებაზე (-7,1 პროცენტი) და საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოებაზე (-1,0 პროცენტი); ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილების მიმართულებითაც ფასები შემცირდა 0,9 პროცენტით. მაგრამ თუ იმავე ფასებს 12-თვიან პერიოდში განვიხილავთ (ანუ გასულ წელს შევადარებთ), აღმოჩნდება, რომ დამამუშავებელ მრეწველობაში ფასები გაიზარდა 5,6 პროცენტით. აღნიშნულ პერიოდში ფასები გაიზარდა საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოებაზე (9,9 პროცენტი) და მეტალურგიულ მრეწველობასა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოებაზე (5,9 პროცენტი); სამთომოპოვებით მრეწველობაში კი ფასები შემცირდა 13,5 პროცენტით.

შესაბამისად, ეს სტატისტიკა მოწმობს, რომ სასმელებსა და თამბაქოზე აქციზის ზრდის შემთხვევაში, საქართველოში წარმოებული პროდუქციის ფასების ინდექსი მომავალ წელს კიდევ უფრო გაიზრდება. ამასთან, თუ იმასაც დავაკვირდებით, რომ ფასების ზრდაში საკვებ პროდუქტს კვლავ დიდი წვლილი უკავია, იმის ახსნაც შეიძლება, რატომ იგრძნო რიგითმა მომხმარებელმა ზრდა საკუთარ თავზე უფრო ნათლად და რატომ ვერ აღიქვა ზოგიერთი პროდუქციის გაიაფება, მით უმეტეს, როცა, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მნიშვნელოვანი გაიაფების მიუხედავად, ტრანსპორტის მომსახურებაზე ოფიციალურად დადგენილი ფასები საქართველოში არ შეცვლილა - მეტიც, ზოგიერთმა სცადა, ლარის კურსის ცვლილების ფონზე, ტარიფიც კი გაეზარდა.

დღეს მსოფლიო ბაზარზე, რუსეთისათვის დაწესებული სანქციების ფონზე, მართლაც საკმაოდ სპეციფიკური სიტუაციაა, რომელიც აისახება და მომავალშიც მოახდენს ზეგავლენას საქართველოში როგორც ვალუტის კურსზე, ასევე ფასწარმოქმნასთან დაკავშირებულ ვითარებაზე. ბოლო თვეების მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო მსოფლიო ეკონომიკის ნაწილია და ამიტომ საზოგადოებისთვის, უფრო მეტად კი თავად ბიზნესისა და ეკონომისტებისთვის, მსოფლიო ეკონომიკაში არსებული სიტუაციის ცოდნა და ანალიზის უნარი საკმაოდ მნიშვნელოვანი გახლავთ.