ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შესულია ინდივიდუალური სარჩელების ერთი ნაწილი, ხოლო მეორე ნაწილის შეტანა მომავალ კვირაში იგეგმება. საზოგადოებრივი კამპანია „ეს შენ გეხებას“ ინიციატივის ფარგლებში, პროცესში ჩართულია როგორც მესამე სექტორი, ასევე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია.
Your browser doesn’t support HTML5
ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლები თვლიან, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა გაასაჩივროს ვეტოდაძლეული კანონი, რომელიც ფარული მიყურადების პროცესში პირადი ცხოვრების ხელყოფის რისკებს შეიცავს. სასამართლოს დამოუკიდებლად მიმართავს სახალხო დამცველიც.
ინდივიდუალური სარჩელების საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანა საზოგადოებრივი კამპანია „ეს შენ გეხებას“ ეგიდით მიმდინარეობს - სარჩელის ელექტრონული ფორმის შევსების საშუალება ჰქონდა საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც მიუღებლად მიიჩნევს მოსმენა-მიყურადების უფლებამოსილების დატოვებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელში.
მიღებული კანონით ძალაში დარჩა იგივე სისტემა, რაც ერთი წლის წინ არაკონსტიტუციურად ცნო საკონსტიტუციო სასამართლომლიკა საჯაია
სარჩელების ელექტრონული ფორმა რამდენიმე ასეულმა მოქალაქემ შეავსო. როგორც „ეს შენ გეხებას“ მონაწილე ორგანიზაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, საპარლამენტო მდივანმა, ლიკა საჯაიამ, უთხრა რადიო თავისუფლებას, რადგან საპარლამენტო უმრავლესობამ დაძლია პრეზიდენტის ვეტო და კანონი კვლავ შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან, გადაწყვეტილება ისევ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს:
„მიღებული კანონით ძალაში დარჩა იგივე სისტემა, რაც ერთი წლის წინ არაკონსტიტუციურად ცნო საკონსტიტუციო სასამართლომ. ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კვლავაც აქვს პირდაპირი და შეუზღუდავი წვდომა მოქალაქეთა კომუნიკაციაზე... ამიტომ, ჩვენ კვლავ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა მან კიდევ ერთხელ თქვას, რამდენად შესაბამისობაშია არსებული სისტემა საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის პირადი ცხოვრების დაცვის უფლებასთან. იმედი გვაქვს, რომ ეს საქმე მალე გადაწყდება... ამ შემთხვევაში ძალიან კარგია, თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს რაც შეიძლება მეტი პირი, რაც შეიძლება მეტი ორგანიზაცია, რაც შეიძლება მეტი კონსტიტუციური ორგანო - პრეზიდენტი და სახალხო დამცველი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მონაწილეობაც უნდა შეფასდეს დადებითად“.
„ეს შენ გეხებას“ მიერ შეთავაზებული შესაძლებლობა უკვე გამოიყენეს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა. 6 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე ათეული ინდივიდუალური სარჩელი შეიტანეს, მაგალითად, „რესპუბლიკური პარტიისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა. ისინი განმარტავდნენ, რომ
ისევ ისეთ უწყებას აქვს შესაძლებლობა მოუსმინოს ადამიანებს, რომელიც არის სუსის დაქვემდებარებაშითამარ კორძაია
კატეგორიულად დაუშვებელია ფარული მოსმენების შესახებ საკანონმდებლო პაკეტის არსებული სახით დატოვება და ფარული მიყურადების გასაღების მინდობა სუსის დაქვემდებარებაში მოქმედი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსთვის, რომლის ქმედებათა კანონიერების შემოწმება შეუძლებელია. „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია, მთავარ საფრთხეზე - პირადი ცხოვრების ხელყოფის საფრთხეზე - ლაპარაკობს:
„პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფა ვლინდება იმაში, რომ ისევ ისეთ უწყებას აქვს შესაძლებლობა მოუსმინოს ადამიანებს, რომელიც არის სუსის დაქვემდებარებაში... და საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ მსგავსი ტიპის სისტემის არსებობა არ შეიძლება, რადგანაც ეს არ არის კონსტიტუციური“.
პროცესებს მშვიდად ადევნებენ თვალყურს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები. ისინი თვლიან, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შარშანდელი გადაწყვეტილების შემდეგ განახლებული საკანონმდებლო პაკეტი, რომლის გასატანადაც საპარლამენტო უმრავლესობამ 22 მარტს დაძლია პრეზიდენტის მიერ 20 მარტს დადებული ვეტო, სავსებით შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, სოფო კილაძის, თქმით, თავდაპირველად საკითხავია, ცნობს თუ არა ახალ სარჩელებს დასაშვებად საკონსტიტუციო სასამართლო, თუმცა, მისი აზრით, არც ასეთ შემთხვევაში არსებობს შეშფოთების საფუძველი:
ვფიქრობთ, რომ ეს კანონი არის აბსოლუტურად კონსტიტუციური და დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებასსოფო კილაძე
„ძალიან ჩვეულებრივი, კანონიერი პროცედურებია და სასამართლოზეა დამოკიდებული, როგორ შეფასებას მისცემს ამ კონკრეტულ შემთხვევას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთეთ, ვფიქრობთ, რომ ეს კანონი არის აბსოლუტურად კონსტიტუციური და დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას“.
ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მიმართავს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტი, რომელსაც აშკარად არ აკმაყოფილებს „ფარულ მიყურადებასთან“ დაკავშირებული მოქმედი ნორმები. თუმცა ბევრისთვის ეს გარკვეულწილად არალოგიკური ქმედება იქნება მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო პაკეტის საბოლოო ვარიანტს, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მისი ვეტოს დაძლევის შემდეგ.
უკვე გადაწყვეტილია, რომ, თავისი დამოუკიდებელი კომპეტენციის ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს სახალხო დამცველიც. თუმცა, უჩა ნანუაშვილის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი უფრო შორსმიმავალი მიზნებითაც ხელმძღვანელობს:
„ვააქტიურებთ ჩვენს მუშაობას იმ მიმართულებით, რომ მომავალში ხელისუფლებას გარკვეული მოდელი შევთავაზოთ, თუ როგორ წარმოგვიდგენია, ზოგადად, ქვეყანაში უსაფრთხოების სისტემის ფუნქციონირება“.
რაც შეეხება მოქალაქეების ინდივიდუალურ სარჩელებს, საკონსტიტუციო სასამართლოში მათ გაგზავნას კამპანია „ეს შენ გეხება“ უზრუნველყოფს. წინასწარი ინფორმაციით, ეს მომავალ კვირაში მოხდება. ლიკა საჯაიას განმარტებით, იდენტური შინაარსის გამო ეს სარჩელები, სავარაუდოდ, გაერთიანდება და სასამართლო მათ ასეთი ფორმით განიხილავს. თუკი საკონსტიტუციო სასამართლომ საქმე დასაშვებად ცნო, გადაწყვეტილების მიღებისთვის ის 6-თვიან ვადაში უნდა ჩაეტიოს.