”ქართული ოცნება” კონტროლის პალატის ბრალდებას უარყოფს

ნათია მოგელაძე

კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის განცხადებით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებს კანონის შესაბამისად, საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნების” შემოწმებისას მათ თვალთმაქცური გარიგების ნიშნები აღმოაჩინეს. პასუხად ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კონტროლის პალატა უკანონოდ ცდილობს მათი კუთვნილი ქონების მითვისებას და უახლოეს დღეეში აპირებენ სასამართლოს მიმართონ. პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაციები და იურისტები ამბობენ, რომ კანონი, რომელიც კონტროლის პალატას პოლიტიკური ორგანიზაციების შემოწმების საშუალებას აძლევს, ბუნდოვანია და განმარტებებს საჭიროებს.

”ვთვლით, რომ სახეზეა მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების ნიშნები”, აცხადებს ნათია მოგელაძე, კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი, და იმასაც განმარტავს, თუ რატომ მიიღო კონტროლის პალატამ აღნიშნული დასკვნა საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნების” ფინანსური საქმიანობის შემოწმების შედეგად.
კონტროლის პალატას აქვს უკანონო მცდელობა ხელყოს საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნების” საკუთრება...


”ქართულმა ოცნებამ” ორი მილიონი ლარი თითქოსდა ავეჯის დასამზადებლად გადაურიცხა შპს ”ელიტა ბურჯს”, თუმცა ამ უკანასკნელმა რამდენიმე დღეში 100 000 ლარი უკან გადაურიცხა მოძრაობა ”ქართულ ოცნებას”, სამ დღეში კი შპს ”ელიტა ბურჯმა”, გარდა ამ 100 000 ლარისა, ”ქართულ ოცნებას” კიდევ ერთი მილიონი ლარი დაუბრუნა ანგარიშზე. ვთვლით, რომ სახეზეა მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების ნიშნები, რადგან ორივე ორგანიზაცია რეალურად ეკუთვნის ერთსა და იმავე ფიზიკურ პირს, მოძრაობა ”ქართული ოცნების” გამგეობის თავმჯდომარეს - ბიძინა ივანიშვილს და, შესაბამისად, თავად არის დამკვეთიც, შემსყიდველიც და შემსრულებელიც. კანონით გათვალისწინებული სანქციების გამოყენების თავიდან ასაცილებლად, ვთავაზობთ ”ქართულ ოცნებას” მილიონ ასი ათასი ლარი უკან დაუბრუნონ შპს ”ელიტა ბურჯს”, - აცხადებს ნათია მოგელაძე.

და თუკი ”ქართული ოცნება” არ დააბრუნებს მილიონ 100 ათას ლარს შპს ”ელიტა ბურჯის” ანგარიშზე, მაშინ, ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, ამგვარი გარიგების საფუძველზე გაცემული და მიღებული ქონება მოექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში.

”კონტროლის პალატას აქვს უკანონო მცდელობა ხელყოს საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნების” საკუთრება”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ”ქართული ოცნების” ადვოკატი ზაქარია ქუცნაშვილი, რომელიც მიუთითებს, რომ საკუთრების უკანონოდ ჩამორთმევისა და მკაცრი ფინანსური სანქციების თავიდან ასაცილებლად ისინი იძულებულნი არიან შეასრულონ კონტროლის პალატის მოთხოვნა, თუმცა, მისივე თქმით, ორგანიზაცია უახლოეს დღეებში გეგმავს სასამართლოს მიმართოს, რათა აღკვეთონ კონტროლის პალატის ჩვეულებად ქცეული თვითნებური და უკანონო მოქმედებები მოძრაობის წინააღმდეგ:

ზაქარია ქუცნაშვილი


”თვალთმაქცური გარიგების არანაირი ნიშანი არ არის, მაგრამ რაკი კანონი ამბობს, რომ კონტროლის პალატას ამ შემთხვევაში უფლება აქვს ჩვენი საკუთრება წაიღოს, ამის გამო ჩვენ იძულებულნი ვართ დავაბრუნოთ ეს თანხა უკან. უკვე მეორე შემთხვევას აქვს ადგილი, როცა კონტროლის პალატა გადის თავისი უფლებამოსილების ფარგლებიდან - პირველი, იმიტომ რომ უკანონოდ მოგვანიჭა მონიტორინგის სუბიექტის სტატუსი და, მეორე, იმიტომ რომ ის გარიგება, რომელი გარიგებაც ჯდება კანონის ყველა მოთხოვნის ფარგლებში, მიიჩნია თვალთმაქცობად”, - ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგის განხორციელება კონტროლის პალატას „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში გასული წლის ბოლოს შეტანილი და დამტკიცებული ცვლილებების შესაბამისად დაევალა. ამავე კანონის შესაბამისად, პოლიტიკური პარტიებისთვის დაწესებული შეზღუდვები და ანგარიშვალდებულება კონტროლის პალატის წინაშე ასევე ვრცელდება იმ იურიდიულ პირზე, რომელიც ”პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პარტიასთან, სხვაგვარად, იმყოფება პარტიის კონტროლის ქვეშ ან აქვს განცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები.”

კანონის სწორედ ამგვარ განმარტებას აპროტესტებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და იურისტები, რომლებიც მიუთითებენ, რომ მსგავსი განმარტება საკმაოდ ბუნდოვანია და ისინი განმარტებების მეტ დაკონკრეტებას მოითხოვენ, რადგან, მათი ვარაუდით, ისეთი ზოგადი ტერმინები, როგორიც არის ”პირდაპირ და არაპირდაპირ დაკავშირებული პირები” და ა.შ., კანონის ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა, რაც, მათი ვარაუდით, წარმატებით შეიძლება გამოიყენოს კონტროლის პალატამ.
ჩვენი უპირველესი რეკომენდაციაა, რომ კონტროლის პალატამ კონკრეტულად გაწეროს, თუ როგორ იღებს ის გადაწყვეტილებას მიანიჭოს ორგანიზაციას მონიტორინგის სუბიექტის სტატუსი...


ეკა გიგაური, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში მიუთითებს, რომ არასამთავრობო სექტორი დღემდე ვერ გაერკვია იმ მექანიზმში, თუ როგორ ანიჭებს კონტროლის პალატა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული პირების სტატუსს:

”ჩვენი უპირველესი რეკომენდაციაა, რომ კონტროლის პალატამ კონკრეტულად გაწეროს, თუ როგორ იღებს ის გადაწყვეტილებას მიანიჭოს ორგანიზაციას მონიტორინგის სუბიექტის სტატუსი. გარდა ამისა, უნდა არსებობდეს გამჭვირვალე მექანიზმები იმისა, რომ შესაძლებელი იყოს ამ გადაწყვეტილების შემოწმება”, - მიუთითებს ეკა გიგაური.

კანონში ტერმინთა განმარტებას მოითხოვს იურისტი კახა კახიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია ”არჩევნებისა და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის“ წარმომადგენელი. სწორედ აღნიშნული მოთხოვნით მიმართა მან პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს პავლე კუბლაშვილს 25 იანვარს გამართულ შეხვედრაზე. როგორც ის ამბობს, პავლე კუბლაშვილისაგან არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღეს განმარტება, რომ თუ პიროვნებას აქვს შპს და იგი არ უკავშირდება პოლიტიკურ მოძრაობას, მისი ხელმძღვანელის მხარდაჭერა რომელიმე პარტიისთვის არ იზღუდება, მაგრამ კახა კახიშვილი ერთ გაურკვევლობაზე საუბრობს:
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშიც არის უამრავი განმარტება - სიტყვები ”დღე” და ”ღამეც” კი განმარტებულია და შესაძლებელი იყო ამ კანონში ერთი მუხლის დამატება და ტერმინების განმარტება, რათა არ მიეცეს მაკონტროლებელ რგოლს ინტერპრეტაციის საშუალება...


”სად გვაქვს იმის გარანტია, რომ კონტროლის პალატა ზუსტად ამ ინტერპრეტაციით შეამოწმებს ორგანიზაციებს? იმ კანონში, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ კანონმდებლები ნორმალურად მუშაობენ, არის ტერმინთა განმარტების მუხლი. მაშინ განემარტათ, თუ რას ნიშნავს, მაგალითად, ”პირდაპირი კავშირი პოლიტიკოსთან ან პოლიტიკურ ორგანიზაციასთან” ან რას ნიშნავს ”არაპირდაპირი კავშირი”... მით უმეტეს, ჩვენთან საარჩევნო კოდექსშიც, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშიც არის უამრავი განმარტება - სიტყვები ”დღე” და ”ღამეც” კი განმარტებულია და შესაძლებელი იყო ამ კანონში ერთი მუხლის დამატება და ტერმინების განმარტება, რათა არ მიეცეს მაკონტროლებელ რგოლს ინტერპრეტაციის საშუალება.”

კახა კახიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ საკითხზე, რომელიც, მისი თქმით, კონტროლის პალატამ მხოლოდ და მხოლოდ პიარაქციის სახით განახორციელა. საუბარია კონტროლის პალატის მიერ ორგანიზაციის ”ჩვენი ხმა გიგი უგულავას” შემოწმების თაობაზე:

”დღეს გიგი უგულავა არც საარჩევნო სუბიექტია და არც ამ ეტაპზე ემზადება არჩევნებისთვის და ეს ორგანიზაციაც არანაირი აქტიურობით არ გამოირჩევა. როდესაც ახალი კანონით, ახალი რეგულაციით იწყებ ძველი ორგანიზაციის შემოწმებას, ცოტა უცნაურია. გარდა ამისა, კანონს არ აქვს არანაირი უკუქცევითი ძალა და მე ვფიქრობ, ეს წმინდა პიარის თვალსაზრისით განხორციელებული ქმედება იყო და მას არ გააჩნდა შედეგზე ორიენტირებული მიზნები”, - ამბობს კახა კახიშვილი.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს საკუთარი წინადადებებით თებერვლის დასაწყისში მიმართავს.