საქართველოს მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძის დამტკიცებას პარლამენტი კენჭს 27 ნოემბერს უყრის. პლენარული სხდომა კომიტეტების, ფრაქციების, უმცირესობისა და უმრავლესობის დეპუტატების გამოსვლებს დაეთმობა. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, შოთაძე კითხვებზე პასუხს არ გასცემს. საქართველოს მთავარი პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე პარლამენტში 26 ნოემბერს დილიდან პასუხობდა დეპუტატების კითხვებს ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა გაერთიანებულ კომიტეტებში და ოპოზიციურ ფრაქციებში, ბოლო შეხვედრა კი შოთაძემ უმრავლესობასთან გამართა.
დღის ბოლოს ირაკლი შოთაძემ შეხვედრები დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ ყველა კითხვას გასცა პასუხი, რომლებიც პროკურატურის დისკრედიტაციისთვის არ იყო დასმული.
მთავარი პროკურორობის კანდიდატმა დეპუტატებს გააცნო თავისი ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის მთავარი საგამოძიებო სტრუქტურა და განაცხადა, რომ ქვეყნის მთავარ პროკურორად არჩევის შემთხვევაში მისი მიზანი იქნება პროკურატურის სისტემური დამოუკიდებლობისა და იმიჯის განმტკიცება. ირაკლი შოთაძეს რამდენჯერმე მოუწია დაეცვა საკუთარი პოზიციები განსაკუთრებით ოპოზიციონერ დეპუტატებთან შეხვედრებისას. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, ფრაქცია კენჭისყრის დროს ირაკლი შოთაძის კანდიდატურის მხარდაჭერას არ აპირებს, რადგან შეხვედრისას მათ მიერ დასმულ შეკითხვას შოთაძემ ვერ უპასუხა.
კრიტიკულები იყვნენ ირაკლი შოთაძის კანდიდატურის მიმართ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა ირაკლი შოთაძეს კითხვები გახმაურებულ საქმეზე დაუსვეს. შეხვედრის შეფასებისას გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი დემოკრატიულად არ ხორციელდება.
საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილ ირაკლი შოთაძეს კითხვები დაუსვეს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა ელისო ჩაფიძემ და ანი მიროტაძემაც. დეპუტატების შეკითხვები ბარბარე რაფალიანცის, ზურაბ ჟვანიასა და ეროსი კიწმარიშვილის საქმეებს შეეხებოდა.
როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის დეპუტატებს ირაკლი შოთაძემ რამდენჯერმე უპასუხა, რომ მთავარ პროკურორად მისი არჩევის შემთხვევაში ყველა საქმე იქნებოდა გამოძიებული და გახსნილი.
როგორც საპარლამენტო კომიტეტებზე პროკურორობის კანდიდატის მოსმენის შემდეგ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ განაცხადა, კომიტეტმა შოთაძის კანდიდატურას ნდობა გამოუცხადა.
საქართველოს მთავარი პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძე იუსტიციის მინისტრის წარდგენით ცოტა ხნის წინ საპროკურორო საბჭომ აირჩია, საბჭომ კანდიდატი დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინა.