პარლამენტს გარეთ დარჩენილები - ვინ ვისთან გაერთიანდება

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ვერ მოხვდნენ პარლამენტში, კონსულტაციებს იწყებენ. უკვე გაისმა რამდენიმე ინიციატივა ბლოკად გაერთიანების შესახებ, თუმცა ვინ ვისთან გამონახავს საერთო ენას, დაივიწყებს ძველ უთანხმოებას და შეძლებს თანამშრომლობას, ჯერჯერობით ბუნდოვანია. პირველი განცხადებები ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების მხრიდან უკვე გაკეთდა. შეიძლება თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მარცხის შემდეგ ოპოზიცია ისევ გაერთიანდეს?

Your browser doesn’t support HTML5

პარლამენტს გარეთ დარჩენილები - ვინ ვისთან გაერთიანდება

საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი კვირაც არ გასულა, ოპოზიციური პარტიები კი, ვინც პარლამენტში მოსახვედრად ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგროვა, სავარაუდოდ, გაერთიანებასა და ამ გზით გაძლიერებაზე ლაპარაკობენ. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გაერთიანების ინიციატივით ჯერ „ეროვნული ფორუმის“ ლიდერი, კახა შარტავა, გამოვიდა, შემდეგ - პაატა ბურჭულაძე, პოლიტიკური პლატფორმის „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი. სამი პარტიისგან შემდგარი გაერთიანების ლიდერმა 13 ოქტომბერს განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური ბლოკი ძალებს ხელახლა მოიკრებს და სხვა პროდასავლური კურსის პოლიტიკური პარტიებისგანაც დაელოდება გამოხმაურებებს:

„ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობას და ჩვენი კარი ღიაა ყველა პროდასავლური ძალისათვის. ერთთვიან ვადას ვიღებთ იმისათვის, რომ ჩვენს ბლოკში შემავალ პარტიებში რეორგანიზაცია მოხდეს, შემდეგ კი უფრო ძლიერად შევუდგებით ბრძოლას“.

ბურჭულაძის ბლოკში გაერთიანებული პარტიის, „ახალი მემარჯვენეების“, ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა კაციტაძისათვის ძლიერი ალიანსის შექმნა მხარდასაჭერი იდეაა და მის განსახორციელებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მალე უნდა დაიწყოს:

მამუკა კაციტაძე

„ეს გვჭირდება იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, გავაჩინოთ ძალიან მძლავრი მუხტი პროდასავლური პოლიტიკისა ქართულ პოლიტიკაში და, მეორე მხრივ, აი, ამ ძალით დავანგრიოთ ის ორპოლუსიანი პოლიტიკა, რომელიც შეიქმნა ქართულ პოლიტიკაში ჯერ კიდევ 4 წლის წინ“.

პროდასავლურ ძალებს გაერთიანებისაკენ ორიოდე დღის წინ „ეროვნული ფორუმის“ ლიდერმა კახა შარტავამაც მოუწოდა და ის ხალხი იგულისხმა, ვისთანაც აქამდეც უთანამშრომლიათ და ცალკეულ საკითხებზე საერთო აზრიც ჰქონიათ:

„ცხადია, აქ არ გვიგულისხმია ის პოლიტიკური ძალები, ვისთანაც გადაკვეთის წერტილი არ გვქონია, არც მიგულისხმია“, - შენიშნა კახა შარტავამ.

„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ ერთ-ერთია იმ პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომელიც დასაწყისშივე გამორიცხავს პაატა ბურჭულაძესთან კიდევ ერთხელ რაიმე ტიპის ალიანსში ყოფნას. პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, იაგო ხვიჩიამ, მედიასთან საუბრისას სწორედ ეს განაცხადა:

„არ მგონია, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში კიდევ არსებობდეს რამე პოლიტიკური ძალა, რომელიც პაატა ბურჭულაძესთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს“.

აუცილებლად ვითანამშრომლებთ გარკვეულ საკითხებზე, მაგრამ შესაძლო გაერთიანებებზე ლაპარაკი დღეს ნაადრევად მიმაჩნია...
ნინო გოგუაძე

არავისთან გაერთიანებას არ გეგმავენ, თუმცა თანამშრომლობას და იდეების გაზიარებას არ ეწინააღმდეგებიან „თავისუფალ დემოკრატებში“, რომელიც მისმა რამდენიმე წევრმა, პარტიის ლიდერ ირაკლი ალასანიასთან ერთად, უკვე დატოვა. პარტიაში დარჩენილი ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ პროდასავლური და ლიბერალური ღირებულებების მქონე პოლიტიკურ პარტიებთან მათ ექნებათ შეხვედრები, თუმცა არა გაერთიანების მიზნით:

„აუცილებლად ვითანამშრომლებთ გარკვეულ საკითხებზე, მაგრამ შესაძლო გაერთიანებებზე ლაპარაკი დღეს ნაადრევად მიმაჩნია“.

„თავისუფალი დემოკრატები“ გეგმავენ რეორგანიზაციას და აცხადებენ, რომ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა პარტიის ზოგიერთი უკვე ყოფილი წევრი არ გამორიცხავს აღმასრულებელ ხელისუფლებაში წასვლას და ამ გზით ახალ მთავრობასთან თანამშრომლობას.

„რასაც გამოვრიცხავ ის არის, რომ არასოდეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ ვიქნები. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ჩვენ ერთად ბევრი საქმე გავაკეთეთ, ერთად დავამარცხეთ სააკაშვილის რეჟიმი, მას შემდეგ ჩვენი გზები გაიყო, თუმცა ამ პარტიაში რჩება ბევრი ახლობელი ადამიანი, რომლებთან ერთადაც გვიბრძოლია. ვნახოთ“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ მედიასთან საუბარში.

ლევან ბერძენიშვილი

თანამშრომლობა-გაერთიანების შესახებ შეთავაზება არ მიუღიათ რესპუბლიკელებს. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბერძენიშვილმა, განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს:

„ჩემი მოსაზრებაა, რომ ჯერ მეორე ტური უნდა ჩატარდეს, რომ ასეთ მოლაპარაკებებს ჰქონდეს აზრი. ალბათ, მსგავსი საუბარი გაერთიანების შესახებ მოდის იქიდან, ვისაც ჯერ არა აქვს საკმარისი გამოცდილება“.

პოლიტოლოგების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ჯერ გარკვეული დრო უნდა გავიდეს, პოლიტიკური სურათი გახდეს უფრო მკაფიო და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყონ ოპოზიციურმა ძალებმა გაერთიანებაზე ზრუნვა. როგორც პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მხოლოდ ის ფაქტორი, რომ ოპოზიციის ნაწილი ამ არჩევნებში დამარცხდა, ვერ გახდება მათი გაერთიანების მთავარი მიზეზი.