პარლამენტმა ადვოკატთა უფლებებთან კავშირში პრეზიდენტის ვეტო დაძლია

92 ხმით 33-ის წინააღმდეგ - კენჭისყრის ასეთი შედეგით 14 ივნისს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის კიდევ ერთი ვეტო დაძლია. ამჯერად საუბარია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცლილებებზე, რომლებიც ადვოკატთა უფლებების გადახედვას ემსახურება. სადავო საკითხები იყო ადვოკატისთვის ჩხრეკისა და ამოღების ჩატარების უფლების 2014 წლის სექტემბრიდან მინიჭება და ასევე ადვოკატისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მტკიცებულების ხელსაყრელ დროს წარდგენის უფლების გაუქმება.
ჩვენი შემოთავაზებაა, რომ ის ცვლილებები, ერთი მხრივ, რომლებიც შეეხება საგამოძიებო მოქმედების ჩხრეკის და ამოღების შესახებ შუამდგომლობის დაყენების უფლების მინიჭებას დაცვის მხარისთვის, ამოქმედდეს 2013 წლის 1 სექტემბერს და არა 2014 წლის 1 სექტემბერს...
დიმიტრი ძაგნიძე

კანონპროექტში, რომელსაც ვეტო 1 მაისს დაადო და ისევ პარლამენტს მიუბრუნა, პრეზიდენტი ძირითად უკმაყოფილებას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 84-ე და 120-ე მუხლების მისამართით გამოხატავდა. მოთხოვნები დეპუტატებს 14 ივნისის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი ძაგნიძემ წარუდგინა:

”ჩვენი შემოთავაზებაა, რომ ის ცვლილებები, ერთი მხრივ, რომლებიც შეეხება საგამოძიებო მოქმედების ჩხრეკის და ამოღების შესახებ შუამდგომლობის დაყენების უფლების მინიჭებას დაცვის მხარისთვის, ამოქმედდეს 2013 წლის 1 სექტემბერს და არა 2014 წლის 1 სექტემბერს, რაც, მართლაც, პოზიტიურად აისახება დაცვის მხარის სასარგებლოდ და მისი ამოქმედების შემთხვევაში რეალურ შედეგს იქონიებს მართლმსაჯულების ხარისხზე. და, მეორე მხრივ, უცვლელად დარჩეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს, ასე ვთქვათ, მტკიცებულების შენახვის, ანუ სასამართლოში მომდევნო ეტაპზე მისი წარდგენის უფლებას დაცვის მხარისთვის”.

იმის გარდა, რომ საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლით გათვალისწინებული დაცვის საგამონაკლისო უფლების (2014 წლის 1 სექტემბრისთვის დაგეგმილ) გაუქმებას არ ეთანხმება, დიმიტრი ძაგნიძე ვერ ხედავს ჩხრეკა-ამოღებასთან დაკავშირებით დაცვის მხარის უფლების გაზრდის 2014 წლის 1 სექტემბრამდე აუმოქმედებლობის საფუძველს, მაშინ როცა ბრალდების მხარე სარგებლობს ასეთი უფლებით. ამ საკითხის მისამართით 14 ივნისის სხდომაზე მწვავე უკმაყოფილება გამოხატა ასევე საპარლამენტო უმცირესობის არაერთმა წარმომადგენელმა. ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები დაინტერესდნენ იმითაც, თუ რატომ გადაიწია კანონპროექტის უმნიშვნელოვანესი მუხლის - ჩხრეკა-ამოღების უფლებასთან დაკავშირებული მუხლის - ამოქმედების ვადებმა პარლამენტში მე-2 მოსმენის შემდეგ, მაშინ როცა თავად ინიციატორს, ანუ საქართველოს მთავრობას, ასეთი შეზღუდვა არ ჰქონდა გათვალისწინებული. აშკარაა, რომ საკითხმა პოლიტიკური დაპირისპირების ელფერი შეიძინა და ის სწორედ პოლიტიკურ ჭრილში განიხილა, მაგალითად, დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა:

ჩიორა თაქთაქიშვილი


”ხომ არ აიხსნება ხელისუფლების ასეთი სიჯიუტე ამ მნიშვნელოვანი უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით იმით, რომ მიმდინარეობს მთელი რიგი პოლიტიკურად მოტივირებული პროცესები, რაც არის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების, ყოფილი მინისტრების წინააღმდეგ წარმართული... და ხომ არ გაურთულდა გამოძიებას იმ საკითხებში ბრალის დამტკიცება, სადაც საზოგადოებამ ძალიან კარგად იხილა, თუ როგორ ჭრიან და კერავენ პროკურორები საქმეებს”.

მსგავს ბრალდებებს აბსურდად მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობა, რომლის წარმომადგენლებმაც 14 ივნისს არაერთხელ შეახსენეს უმცირესობას, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში, არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, ადვოკატებისთვის პრაქტიკულად არანაირი რეალური უფლების მინიჭება არ მომხდარა.

ამ აქცენტთან დაკავშირებულ არაერთ მწვავე შეკითხვას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სახელით, უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა შალვა შავგულიძემ უპასუხა. მან თქვა, რომ, ჯერ ერთი, ინსტიტუციურ სიახლეს ჩართული მხარის ტრენინგი დასჭირდება და, გარდა ამისა, დაცვის მხარის მკვეთრად გაზრდილი უფლებების ფონზე, დაკვირვებას საჭიროებს ბალანსი ბრალდებისა და დაცვის მხარეთა უფლებებს შორის:

”ბალანსი შეიცვალა ბრალდებისა და დაცვის მხარეთა უფლებებს შორის, საჭიროა და ასე ჩაითვალა საჭიროდ, რომ - მოდით, პრაქტიკაში ვნახოთ, მოდით, ერთი წელი შევხედოთ, ამ ახალი ბალანსის პირობებში, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი უფლებები მიიღო დაცვის მხარემ და გაუთანაბრდა, გარკვეულწილად, ბრალდების მხარის უფლებებს, ხომ არ გამოიწვევს ჩხრეკის და ამოღების უფლების ახლავე მინიჭება დაცვის მხარისთვის, პირიქით, რაღაც დისბალანსს იქით?! ანუ სწორედ ამ ახალი ბალანსის დასანახად ჩაითვალა საჭიროდ ეს ერთი წელიწადი”.

ასევე უფლებებს შორის ბალანსის შემოწმების პროცესს უკავშირებს შალვა შავგულიძე მეორე სადავო აქცენტსაც - სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლთან დაკავშირებით:

შალვა შავგულიძე


”აი, იმ ერთი წლის და სამი თვის შემდეგ, როდესაც დაცვის მხარეს ჩხრეკისა და ამოღების უფლებას მივცემთ (რადგან, ფაქტობრივად, ყველა უფლება ექნება დაცვის მხარეს, რაც აქვს პროცესში ბრალდების მხარეს), ეს საგამონაკლისო უფლება, პირიქით, დისბალანსს ხომ არ გააჩენს დაცვის მხარის სასარგებლოდ. და სწორედ ამას გადაება იდეა - ხომ არ ჩამოერთვას ამ შემთხვევაში დაცვის მხარეს საგამონაკლისო უფლება. ესეც მსჯელობის საგანია. ვიმეორებ, ახალ ბალანსს პრაქტიკაში დანახვა და შეფასება სჭირდება”.

მართალია, გარკვეულ საკითხებთან მიმართებით აზრთა სხვადასხვაობა უმრავლესობის რიგებშიც შეინიშნებოდა, მაგრამ 11 ივნისს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკმაოდ ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს. განხილვას ესწრებოდნენ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“, ასევე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლები, რომლებიც მხარს უჭერდნენ პრეზიდენტის შენიშვნებს და პარლამენტსაც მოუწოდებდნენ, რომ ეს შენიშვნები გაეზიარებინა.

გავიხსენოთ, რომ „ადვოკატთა ასოციაცია“ გამოთქვამდა მწვავე უკმაყოფილებას ძირითადად სწორედ კოდექსის 84-ე და 120-ე მუხლებთან დაკავშირებით და 30 მაისს ადვოკატებმა ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ, საპროტესტო აქციაც კი გამართეს. ადვოკატების თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი მათთვის ბორკილების დადების ტოლფასი იყო და რომ პროტესტი გაგრძელდებოდა მანამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა. 14 ივნისის სხდომაზე პარლამენტმა ადვოკატთა ასოციაციის მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.