საქართველოს პარლამენტმა 29 დეკემბერს ერთხმად დაამტკიცა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განმსაზღვრელი რეზოლუცია, რომელშიც ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს სრული ინტეგრაცია უალტერნატივო პრიორიტეტადაა გამოცხადებული. ამასთან, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის საფუძველზე, საქართველო ევროკავშირის წევრობისაკენ ისწრაფის. დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა რუსეთთან ურთიერთობაში ეგრეთ წოდებული „რაციონალური და პრინციპული“ პოლიტიკის გაგრძელების აუცილებლობა, დეოკუპაციის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და „საფრთხეების მინიმიზაციის“ მიზნით. რეზოლუციის განხილვამ პარლამენტში კამათის ფონზე ჩაიარა.
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული და ინიცირებული დოკუმენტია. რეზოლუცია 12 პუნქტისგან შედგება და საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისეთ სტრატეგიულ პრიორიტეტებს გამოკვეთს, როგორიცაა: ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით, დემოკრატიის ხარისხის განმტკიცება, საქართველოს გაწევრიანება ნატოსა და ევროკავშირში, ურთიერთობების გაღრმავება ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, და სხვა.
საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის პროექტი საკანონმდებლო ორგანოს სხდომაზე განსახილველად პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, წარუდგინა. მანვე განმარტა, რომ ახალი რეზოლუციის გზავნილები 2013 წლის 7 მარტს მიღებულ ანალოგიურ დოკუმენტს ეფუძნება:
“ჩვენ ვინაიდან სახეზე გვაქვს ახალი პარლამენტი, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტი არის ახალი გუნდისგან შემდგარი და მიგვაჩნია, რომ ამის გამო მნიშვნელოვანია დაეფუძნოს, აი, ამ პარლამენტის ახალი შემადგენლობის საგარეო პოლიტიკური გზავნილები 2013 წლის განმავლობაში 7 მარტს უკვე მიღებულ მსგავს დოკუმენტს და კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პოლიტიკურ მიმართულებებს და კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი იმას, რომ საგარეო კურსი ქვეყნის არის ურყევი“.
ქვეყნის საგარეო კურსის ურყეობა კი დოკუმენტში გამოხატულია, ასევე, საქართველოს მრავალმხრივ საერთაშორისო ფორმატებში მონაწილეობის გაძლიერებისა და გააქტიურების აუცილებლობის ხაზგასმით. რეზოლუციაში ნათქვამია, ასევე, რომ საქართველო, როგორც თანამედროვე საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრი და საერთაშორისო მშვიდობის მხარდამჭერი, სრულად გაიზიარებს მოვალეობებს იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომელთა წინაშეც ცივილიზებული მსოფლიო დგას.
რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ საქართველო საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით გააგრძელებს რაციონალურ პოლიტიკას რუსეთთან, რაც მიზნად ისახავს საგარეო პოლიტიკური საფრთხეების მინიმიზაციას, საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
რეზოლუციას ოპოზიციური პარტიებიდან მხარი მხოლოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაუჭირა, „პატრიოტთა ალიანსმა“ კი, დებატებში აქტიური ჩართულობის მიუხედავად, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ამის მიზეზი გახდა ნატოში ინტეგრაციასთან ერთად, რუსეთთან ეგრეთ წოდებული რაციონალური პოლიტიკის გატარების შესაძლებლობის ეჭვქვეშ დაყენება, რაზეც ტრიბუნასთან დეპუტატმა ადა მარშანიამ შემდეგი განაცხადა:
„ნატო რად გვინდა ჩვენ, ქვეყანა რომ გავამთლიანოთ, თუ როგორღაც შევიდეთ და მერე, ჯანდაბას, როდისმე გამთლიანდება ქვეყანა? მთელი ქვეყანა და ხალხი გვითვლის ჩვენ და გვეხვეწება, წადით, ხალხნო, რუსეთში, წადით, ხალხნო, მოსკოვში, დაელაპარაკეთ ამ რუსეთს, ამ ოკუპანტ რუსეთს, დიახ რომ, ოკუპანტ რუსეთს. და რატომ გვეშინია ამ თემაზე საუბარი? იარლიყების გვეშინია? პუტინი პრეზიდენტია რუსეთის ფედერაციის, გველეშაპი კი არ არის. პრეზიდენტია, ადამიანია ჩვეულებრივი. შენი სამშობლოს ნაწილების დასაბრუნებლად პუტინთან კი არა, სად არ უნდა წახვიდე ადამიანი!“
საკითხი ამგვარად დასვა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ. მისგან განსხვავებით კი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ხელისუფლება ძირითადად იმის გამო გააკრიტიკეს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი თანმიმდევრულად არ მიჰყვება რეზოლუციებსა და პრიორიტეტებში ასახულ მიმათულებებს. კერძოდ, დეპუტატი ელენე ხოშტარია ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსეთთან ეგრეთ წოდებულ გაჩუმებულ, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებთან პასიურ და ინერტულ პოლიტიკას ატარებს:
“როგორ დავარქვათ პრაგმატული პოლიტიკას, როდესაც ჩვენ წლების განმავლობაში ვერიდებით რუსეთთან პრინციპულ, ფუნდამენტურ საკითხებზე კრიტიკას. დაბლოკეთ, არ გამოუშვით სამსჯელოდ პლენარულ სხდომაზე სირიის რეზოლუცია, ალეპოსთან დაკავშირებული სირიის რეზოლუცია, სადაც, როგორც ჩანს, ჩვენთვის ყველაზე პრობლემური იყო ის ნაწილი, სადაც რუსეთის ქმედებების დაგმობა იყო ძალიან მკაფიო და ხმამაღალი. საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მიღმა, ფაქტიურად, შეიძლება ითქვას, არის დარჩენილი უმძიმესი ანექსიის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს აფხაზეთში და ოსეთში“.
მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ, ზოგადად, თვითონ სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს ამგვარად დეკლარირებული პოლიტიკური კურსი თუნდაც იმისთვის, რომ იგი იყოს პარტნიორებისთვის ადვილად პროგნოზირებადი და ადვილად საურთიერთო სახელმწიფო და, უბრალოდ, უნდა იცოდნენ თუნდაც ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა, თუ რას შეიძლება ელოდებოდნენ საქართველოსგან...გიორგი გობრონიძ
თუმცა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რეზოლუციის მხარდამჭერთა რიგებში აღმოჩნდნენ, დეპუტატ გია ვოლსკის თანახმად, ერთგვარად უსიამოვნოც კი გამოდგა „ქართული ოცნებისთვის“. ეს აზრი გაიზიარა დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემაც:
“გარკვეულწილად, მეც მიქმნის დისკომფორტს ის, რომ თქვენ თანხმდებით ისეთ საკითხებზე, ისეთი საკითხების დეკლარაციაში გვიერთდებით, რომლის წინააღმდეგ ბრძოლასაც მოანდომეთ 9 წელი. ტრაგედიაზე, რომელიც 2008 წელში დამართეთ ჩვენს ქვეყანას, გინდაც დღეს დაარქვით ამას ჩათრევა თუ ჩაყოლა, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ აიცილებთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას“.
საქართველოს პარლამენტის საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის დროულად, 2016 წლის ბოლოსთვის, მიღება კი მმართველმა ძალამ მნიშვნელოვნად მიიჩნია ძირითადად ახალი პარლამენტის პოლიტიკური გზავნილების გავრცელების გამო. ეს პოზიცია მისაღებია საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ გიორგი გობრონიძისთვის:
“მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ, ზოგადად, თვითონ სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს ამგვარად დეკლარირებული პოლიტიკური კურსი თუნდაც იმისთვის, რომ იგი იყოს პარტნიორებისთვის ადვილად პროგნოზირებადი და ადვილად საურთიერთო სახელმწიფო და, უბრალოდ, უნდა იცოდნენ თუნდაც ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა, თუ რას შეიძლება ელოდებოდნენ საქართველოსგან თუნდაც არჩევნების შემდგომ, თუნდაც ხელისუფლების ცვლილების შემდგომ, იმიტომ რომ, თუ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას, გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ გვაქვს, ზოგადად, მყიფე სახელმწიფოებრიობა, არსებობს ყოველთვის ერთგვარი რისკი: ხელისუფლების ან მმართველი ელიტის ცვლილების შემთხვევაში, შესაძლებელია, ქვეყანამ გადახედოს თავის საგარეო პოლიტიკურ ვექტორს და ეს არის მესიჯი, გზავნილი პარტნიორებისთვის“.
გიორგი გობრონიძე დასძენს,რომ ახალი რეზოლუცია ძირითადად იმით განსხვავდება 2013 წლის რეზოლუციისგან, რომ მასში უფრო მკაფიოდაა დაფიქსირებული საქართველოს სწრაფვა ევროსტრუქტურებისკენ. კერძოდ, გიორგი გობრონიძის თანახმად, რეზოლუციაში კარგად აისახა ევროპარლამენტის განცხადება, რომ ასოცირების ხელშეკრულება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში გეგმა-მაქსიმუმი არ არის და მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა.