პარლამენტი პრეზიდენტს უდებატებოდ უმასპინძლებს

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, 3 თებერვალს, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ, დებატები აღარ გაიმართება და პროცესი ფრაქციათა ხელმძღვანელების გამოსვლებით შემოიფარგლება. პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნის დღეს, 2 თებერვალს, მიღებულმა გადაწყვეტილებამ უკმაყოფილო დატოვა ოპოზიცია, თუმცა ის, პრეზიდენტის მოხსენების კვალდაკვალ, მწვავე აქცენტების დასასმელად ემზადება.

უკვე ცნობილია, რომ 3 თებერვალს, საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით 14:00 საათზე წარდგება. საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაითვალისწინა უმცირესობის წარმომადგენლების მოთხოვნა სრულყოფილი პოლიტიკური დებატების გამართვის თაობაზე და, როგორც 2 თებერვალს ბიუროს სხდომაზე განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ, დებატებს მხარს ის იმ შემთხვევაში დაუჭერდა, თუკი პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი იქნებოდა:

„რეალურად ჩვენ გვაქვს საქმე ძალიან სერიოზულ, საინტერესო გამოსვლასთან იმ სიმაღლიდან, რასაც პრეზიდენტის გამოსვლა ჰქვია, თუმცა არა აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ფრაქციის ხელმძღვანელების გამოსვლები სრულად შეიძლება მოიცავდეს კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების შეხედულებებისა და აზრის გამოხატვას“.

თავიდან იქნება პრეზიდენტის მოხსენება. ამის შემდეგ შესაძლოა გამოცხადდეს შესვენება და შესვენების შემდეგ გამოვლენ ფრაქციათა თავმჯდომარეები, რომლებსაც მიეცემათ თითოეულს 15 წუთი. ჯამში, ყველაფერი ეს გაგრძელდება, დაახლოებით, 3 საათი...
გიორგი კახიანი

თუკი პარლამენტის რეგლამენტის 136-ე მუხლით ვიმსჯელებთ, „პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისათვის უმრავლესობასა და უმცირესობას ეძლევა თითოეულს 45 წუთი, ფრაქციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს (სხდომის თავმჯდომარეს) – თითოეულს 15 წუთი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 10 წუთი, პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, – 5 წუთი. ფრაქცია, უმრავლესობა და უმცირესობა, მათთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავენ გამომსვლელთა რაოდენობასა და მათზე დროის გადანაწილების სქემას“.

სწორედ ამ ფორმატზე თქვა უარი საპარლამენტო უმრავლესობამ და მიკროფონის დათმობა მხოლოდ ფრაქციებისთვის გადაწყვიტა. სამშაბათს ბიუროს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება რადიო თავისუფლებას საპროცედურო საკითხებისა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განუმარტა:

„თავიდან იქნება პრეზიდენტის მოხსენება. ამის შემდეგ შესაძლოა გამოცხადდეს შესვენება და შესვენების შემდეგ გამოვლენ ფრაქციათა თავმჯდომარეები, რომლებსაც მიეცემათ თითოეულს 15 წუთი. ჯამში, ყველაფერი ეს გაგრძელდება, დაახლოებით, 3 საათი“.

მართალია, მხოლოდ ფრაქციათა თავმჯდომარეების გამოსვლას არასაკმარისად მიიჩნევს ოპოზიცია, მით უმეტეს, როცა პრეზიდენტ მარგველაშვილის ოთხშაბათის მოხსენება ბოლო იქნება ამ მოწვევის პარლამენტისთვის, მაგრამ ის უკან დახევას არ აპირებს და, როგორც, მაგალითად, „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ნინო გოგუაძემ, განაცხადა, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ მწვავე აქცენტები დაისმება:

ნინო გოგუაძე

„ჩვენ ვილაპარაკებთ ეკონომიკურ პრობლემებზე, ვილაპარაკებთ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, ვილაპარაკებთ პოლიტიზებულ პროკურატურაზე, მედიათავისუფლებაზე და ასე შემდეგ... ასე რომ, ყველა ის საკითხი, რაც მნიშვნელოვანია და ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს სახელმწიფოში, ყველა ამ თემაზე გვექნება საუბარი“.

უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში 3 თებერვალს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება. „პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ გააჟღერა, რომ აუცილებელია ქართული პოლიტიკა კონსტრუქციულ დისკურსში გადავიყვანოთ, სადაც კამათი და მსჯელობა ქვეყნის არსებით ინტერესებზე წარიმართება და არა ფორმალურ საკითხებზე“, აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის მიერ პირველ თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძისთვის ცხადია, რომ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლაზე პრემიერ-მინისტრის დასწრება-არდასწრების თემა გაააქტუალურა ექსპრემიერსა და პრეზიდენტს შორის უწინ არსებულმა არცთუ სახარბიელო დამოკიდებულებამ. როგორც ვახტანგ ძაბირაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, კარგია, პრემიერი წელს რომ დაესწრება პრეზიდენტის გამოსვლას, თუმცა, სინამდვილეში, კონსტიტუციით ეს სულაც არ არის სავალდებულო.

რაც შეეხება უმრავლესობის მიერ უარის თქმას პრეზიდენტის მოხსენების კვალდაკვალ პოლიტიკური დებატების გამართვაზე, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ მთავარი სათქმელი მხოლოდ ფრაქციათა თავმჯდომარეების გამოსვლის პირობებშიც ითქმება და სატელევიზიო პირდაპირი ეთერის საშუალებით ეს სათქმელი ხალხის ყურამდე მივა. სხვა საკითხია, როგორი რეაქცია ექნება ხალხს.