ახალი ოპერები, ახალი იუბილეები

უკვე თვლა ამერია, წელიწადში რამდენი იუბილე აქვს ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქს! მგონი, საერთოდ უნდა შევეშვათ იულიუს კეისრისა და პაპ გრიგორიუსის კალენდრებზე დავას და მისი უწმინდესობის იუბილეების მიხედვით ავითვალოთ ჩვენი დღეები.

მაგალითად, ასე:
სავარჯიშო N1 - ო. თაქთაქიშვილის ოპერა “მინდია” დაიწერა ჩვ. პატრიარქის ინტრონიზაციამდე თექვსმეტი გაზაფხულით ადრე.

ან ასე:
სავარჯიშო N2 – ხოლო ო. თაქთაქიშვილის გამოუქვეყნებელი ოპერა “სევდია” დაიწერა ჩვ. პატრიარქის პირველი საინტრონიზაციო ტრაპეზობიდან ორი შემოდგომის თავზე.

შესაძლებელია ასეთი ცნობაც: თემის აქტუალურობის გათვალისწინებით, ჩვ. პატრიარქის მომავალი საიუბილეო დეკადისათვის დაგეგმილია ო. თაქთაქიშვილის ორივე ოპერის შეზავება, რომელსაც ახალი სათაურით წარმოადგენს თბილისის მოხეტიალე საოპერო დასი: “მინდია და სევდია”, ქვესათაურით: “რაღა გვაქიშპებს, ჩვენ ხომ ერთი კირით ვართ ნაზელი”.

აგერ, უკვე თვალწინ მიდგას პირველი სცენა.

სანდომიანი ქალბატონი სანთლით ხელში დაიარება მერიის დერეფნებში და ტირილით ასრულებს სევდიან არიას: “მერო, სადა ხარ, ლამაზო?”

სევდიან ქალბატონს მელანქოლიურად ეხმიანება სცენის უკან დაბანაკებული ქორო: “მერი თავად ხარ, რას ეძებ, შებრუნდი სათათბიროში…”

შემდეგ მინდიას კაბალეტაა: “სადაა განძი, სადაა, სად დადვეთ მილიონები!“

იწყება პოლემიკური დუეტი, სცენაზე ახალნაკურთხი რაინდი შემოდის და დარბაისლური ენთუზიაზმით მღერის თავის სტრეტას: “გადაშენების პირას ვართ, ვაჩინოთ სუფთა ბავშვები!”

სტრეტა მაღალი დო-თი მთავრდება.

სევდიანი ქალბატონი სინკოპურად სვამს დისონანსურ შეკითხვებს: “როგორ ვაჩინოთ? ყველა პატრიარქმა მოგვნათლა - ნათესავები ვართ ყველანი!”

რაინდი ცხენზე ჯდება და გასძახის: “ეს ვერ დაგვაბრკოლებს, ევროპაში მოიკითხონ ინცესტი!”

ოპერა პატრიარქის AVE CAESAR NORDIUM-ით სრულდება, რომელსაც სპეციალურად ამ საღამოსთვის დაწერს კომპოზიტორი ნიკოდიმე რაჭველი, ხოლო უკანასკნელ მჭექარე ფრაზას მსოფლიო-ბანი დაჰქუხებს: “წინ, მახათასკენ! მარტო ბიზნესმენები ნუ შეგვეხმიანებით, ყველამ გადმორიცხოს, თორემ არ ჩამოვა ღვთისმშობელი (ფრაზა ორიგინალურია, ლიბრეტისტებს არ შეუთხზავთ)”.

მერე იქნება ტრადიციული მუხლზე დაჩოქება და ხელზე ამბორყოფა, რადგან ცნობილია, რომ ამ ანგარებიანი კოცნა-ჩოქებების გარეშე შეუძლებელია როგორც პოლიტიკაში, ასევე სასუფეველში შესვლა.

ისე კი, ოპერა იქით იყოს და, ყოველთვის მაინტერესებდა, ნეტა სულ ოდნავ მაინც არ ღიზიანდება პატრიარქი, როცა პოლიტიკოსები ასე აკრობატულად (და გავბედავ, ვთქვა, ფარისევლურად) იწყებენ ღოღვას მის წინაშე? თუ ერთმნიშვნელოვნად გადაჩვეულია ამაზე გაღიზიანებას და პირიქით, ძალიან სიამოვნებს კიდეც?! ნეტა რამდენად სასიამოვნოა, როცა გკოცნიან და თან მკოცნელთა თვალებში მხოლოდ კონკურენტის აზარტს, ანგარებას, ან კი ძლივს დამალულ შიშს ხედავ?! თუ ვერც ვერაფერს ხედავ ასეთ დროს?..

თუმცა იმათიც მესმის, სხვა რა გზა რჩებათ, “ოთხმოცდათოთხმეტი პროცენტი” უნდა კოცნონ, “ოთხმოცდათოთხმეტი პროცენტის” წინაშე უნდა იღოღონ, თორემ წმინდანობას აქ არც არავინ აპირებს...

სად წმინდანები და სად იუბილეები, ეს მხოლოდ ოპერაა, ნატურალური აქ არაფერია.