სანიტრით თუ უსანიტროდ?

1921 წლის 25 თებერვალს თბილისის ასაღებად შემოსულ წითელ არმიას ერთი ახალგაზრდა სალდათ-ბოგანოც შემოჰყვა (თავად ამბობს ასე: ბოგანოსავით ვიყავი, არც ტანზე მეცვა წესიერად და არც ფეხზეო).

ეს წითელარმიელი უკრაინელი იყო წარმოშობით, ხოლო მრწამსით - ბოლშევიკი. მაშინ, თბილისის აღების დროს, 19-20 წლის თუ იყო და კარგად ვერც ხვდებოდა, კავკასიის რომელ ქალაქში შემოსულიყო. თუმცა, როცა წლების მერე სტალინს უყვებოდა ამ ამბავს (თავმომწონედ და ამაყად), უკვე თამამად საყვედურობდა დაპყრობილი თბილისის ქუჩებში შემოფეთებულ შეშინებულ და დამარცხებულ "კოლაბორაციონისტ ქართველებს": ისე გვიყურებდნენ, როგორც ცხოველებსო...

- როგორც ოკუპანტს, ისე გიყურებდნენ, სხვანაირად როგორ უნდა ეყურებინათ, - უპასუხია სტალინს. და რაკი ორივე შემთვრალი ყოფილა (ეს საუბარი კუნცევოს აგარაკზე შემდგარა, მოსკოვის მახლობლად), ბელადს მისთვის საჩვენებელი თითი მიუბჯენია მუცელზე და ღიმილით, რაღაცნაირი ნიშნისმოგებით უთქვამს: "მიკიტაა..."

ძველ წითელარმიელს ჰგონებია, ჩემ სახელს უკრაინულად, სითბოშეპარული მ-თი ამბობსო და სტალინის კარგ გუნებაზე ყოფნით გახარებულს, როგორც ჯამბაზს (ჰო, ვინ-ვინ და, ეს კი აცინებდა ბელადს), კიდევ უფრო მეტად გამოუბერავს ისედაც დიდი და საზამთროსებრი მუცელი.

ძველ წითელარმიელ სალდათს (აწ კი პოლიტბიუროს წევრს) ლავრენტი ბერიასთანაც უტრაბახია, "პატრონმა" "მიკიტა" მიწოდა სიყვარულითო, ამან კი - შეიძლება შურით, შეიძლება მისთვის გულის მოსაკლავად - ქართული სიტყვა "მიკიტანის" მნიშვნელობა აუხსნა და სადისტური სიამოვნებით განუმარტა: მიკიტა კი არ დაგიძახა, მიკიტანს შეგადარაო...

ეს ძველი სალდათი (1921 წელს რომ შემოვიდა თბილისში) საბჭოთა კავშირის მომავალი გენერალური მდივანი, ნიკიტა ხრუშჩოვი იყო და როგორც იმ 25 თებერვალს ვერ მიხვდა, ზუსტად სად იყო - და როგორც ქართული ხუმრობა ვერ გაუგო სტალინს - ახლაც, ამ ეპიზოდის მემუარებში გახსენების დროსაც ვერ ხვდებოდა, რატომ მონათლეს იმ დღეს ოკუპანტად...

თუმცა ცინიკოსი სტალინისგან განსხვავებით, ხრუშჩოვის მსგავსად, ქართველთა უმეტესობამაც საკმაოდ გვიან და დუნედ გააცნობიერა, რომ საქართველო მხოლოდ ფორმალურად და ეგზისტენციალურად კი არა, არამედ ფიზიკურადაც ოკუპირებული იყო. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ უცხო ქვეყნების არმიები სააღლუმო სისწრაფითა და რაღაც უცნაურად ინფანტილური პრაგმატიზმით ცვლიდნენ ერთმანეთს (რა ჯურის ჯარისკაცს აღარ ნახავდით მაშინდელ თბილისში - გერმანელებს, ინგლისელებს, ფრანგებს, რუსებს, ინდოელებსაც კი) და, პრინციპში, უმეტესობა, ალბათ, დროებით მოვლენად თვლიდა ამ ბოგანოთა ლაშქრის შემოსვლას. ბოლშევიკებს, ფაქტია, არავინ უწინასწარმეტყველებდა დიდხანს დარჩენას.

შორს ვარ იმ აზრისგან, ვიფიქრო, რომ ახლაც შეფარულად მცოცავ-მღოღავი თუ ქვეცნობიერ-მედიუმურად თუ პრაქტიკულად გამომხმობ-გამომწვევი ოკუპაციის საფრთხის წინაშე ვიდგეთ, მაგრამ როცა კრემლის საკონცერტო დარბაზში ბედნიერად და გიჟურად საცეკვაოდ მობილიზებულ, ნახტომში შემდგარ ქართველ მოხანჯლავე-მოცეკვავეებს ვუყურებ, ან საქ. სსრ დამსახურებულ თუ სახალხო არტისტ გონმომჩვარულ ბაბუათა ქადაგებებს ვისმენ (ისევე, როგორც ჩვენი მრავალშრიანი, მაგრამ რეალურად უშედეგო და არაამქვეყნიური დიპლომატიის წმინდა მამის, პატრიარქ ილია მეორეს სიტყვებს, რომ ვ. ვ. პ. სათნო, ბრძენი, თავმდაბალი და ასეთი და ისეთი ჯეილია), უნებლიედ - და ყოველგვარი ავი ზრახვის გარეშე - ისევ და ისევ ერთი ჭკვიანი პოეტის სიბრძნე მახსენდება: ისტორია წარსულის წინასწარმეტყველებაა...

ხოდა თუკი ერთი მაქსიმალიზმი მეორეთი ჩანაცვლდება, ვშიშობ, ქართული ალკოჰოლის დეგუსტატორი სანიტრების კვალად, შესაძლოა, სხვებსაც მოუნდეთ უკვე არა მხოლოდ ღვინის, არამედ ხორცის გასინჯვაც. მერე კი ნანატრი ზიარების მაგივრად, მხოლოდ ხახვიღა შეგვრჩება. ესეც - სხვისი.