ახალი დროების გმირები

ახალმა დროებამ ახალ გმირთა სახელები ამოანათა.

იმდენი გმირობა დაგროვდა ამ მოკლე ხანში, რომ უკვე შეუძლებელიც კია ამის არშემჩნევა. მოდი, გავეცნოთ ამ ახალ გმირებს და ახალ გმირობებს.

მაშ, ასე.

დოდოშკას გმირობა:
არჩევნების შემდეგ "შუადღის შოუს" თანაწამყვანების მსოფლხედვისა თუ პრინციპების ვერ-ატანა და გმირული მხილება პროსახელისუფლებო არხ "იმედისა".

წამებულ ჟურნალისტთა გმირობა:
"აუდიტორიის", "მოამბის" და "ევროპული არჩევანის" წამყვანების თავგანწირვა. გმირობა გამოიხატება სიტუაციის გარკვევის შემდეგ გმირული და დროული გადაწყვეტილების მიღებაში.

საკრებულოს ხუთი წევრის გმირობა:
დამარცხებული პარტიის რიგების ვაჟკაცური, შეურიგებელი და პრინციპული მიტოვება (შესაძლებელია სხვა გმირობების ხილვაც ამ ფრონტზე).

ადვოკატ ყავლაშვილის გმირობა:
გმირული მხილება მისი მრავალგზის შემაცდენლებისა და უცაბედი და ღირსეული ლტოლვა თვითგვემისკენ. ორდენი: მსოფლიო ადვოკატთა სავაჭრო საბჭოს საპატიო კავალერი.

მოსამართლეთა გმირობა:
გმირული ელასტიკურობა და არა იურიდიული კანონების, არამედ დროის კანონების დაცვის საოცარი ტალანტი.

მერის გმირობა:
ქალაქის მერის გმირული და უანგარო აღმოჩენა, რომ ნაგავი, თურმე, არ ანათებს. გმირული უარის თქმა დამატებით შემოსავალზე.

გაზეთ "ასავალ-დასავალის" გმირობა:
ციხის ზედამხედველების, დამლაგებლების, დარაჯარების და მზარეულების სახელ-გვარებისა და მისამართების გმირულ-მამხილებლური გამოქვეყნება. ასევე მათივე შვილების სკოლის მისამართების გმირული მითითება. ორდენი: "სისხლის ამღებთა რეგიონული ორგანიზაციის საპატიო ჯილდო "კბილი კბილის წილ".

მავან მღვდელთა გმირული ძველბიჭობა:
გმირული შეხსენება ხალხისთვის: "ძმაო, მე რას მასწავლი წყევლას?"

ლიტერატურის მოყვარულ გამვლელთა გმირობა:
მწერლის გმირული ცემა ქუჩაში მისი სოციალურ-კულტურული მიუღებლობის გამო.

ენერგეტიკის ექსმინისტრ მირცხულავას გმირობა:
მირცხულავას გმირობა მისი დაუვიწყარი კომპეტენტურობა და პროფესიონალიზმია. უკანასკნელი გმირობა კი მის ისტორიულ სიბრძნეში გამოიხატა: "შუქი უნდა გაუქმდეს".

ექსთავდაცვის მინისტრ კეზერაშვილის გმირობა (ერთ დღეში ორი ცალი):
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირმა თავი ორი ახალი გმირობით გამოიჩინა: 1. ტელეკომპანია "რუსთავი 2" გმირულად იყიდა უსახელო გმირ ყარამანიშვილისგან და მერე იქვე გაყიდა უსახელო გმირ ყარამანიშვილზე. 2. ბენზინის ფასების გმირული დაწევა.

გმირული შვებულებები:
გმირული მოცოცხვა მრავლისმნახველ ადეიშვილ-შაშკინ-ზოდელავასი. "ისტორიას უხმაურო ხალხი ქმნის".

კულტურის მინისტრობის კანდიდატის გმირობა:
მისი გმირობა გამოიხატა მეტად საინტერესო, ღრმა და საქმიან ფრაზაში: "ჩვენ სახალხო მთავრობა ვართ და ხალხს უნდა დავეკითხოთ." მინისტრობის კანდიდატმა უკვე ზუსტად იცის, ვინაა ხალხი. რაც მთავარია, პირველი გმირული ბრძოლა "ხალხსა" და "არახალხს" შორის უკვე გაიმართა კულტურის სამინისტროში.

ტელეკომპანია "მაესტროს" გმირობა:
"მაესტროს" გმირობა გამოიხატება მისი დირექტორის გმირულ განრისხებაში. "მაესტროში" გმირულად და დროულად იქნა აღმოჩენილი მავნე და უცხო ელემენტი, სახელად "ვიდეობლოგერი კიკონიშვილი".

მარეგულირებელი კომისიის წევრთა გმირობა:
ბიზნესის გმირული ხელშეწყობა და გამაოგნებელი გამარტივება: ტელესიხშირის ლიცენზიის რეკორდულად სწრაფ დროში გადაცემა უშიშროების მდივნის უაღრესად მოტივირებული ცოლისთვის.