როგორ ამოვიცნოთ ჩეკისტი

ახალს არაფერს ვიტყვი: ჩეკისტები ყოველთვის სიამოვნებით ჩეკისტობდნენ საქართველოში, მაგრამ ამ წელს სავარაუდოდ კიდევ უფრო მეტად გააქტიურდებიან (როგორც შიგნით, ასევე - გარეთ), ამიტომ, ვისაც ჩვენი ქვეყნის ბედი აღელვებს, არც პროვოკაციებს უნდა წამოეგოს და არც თავად მოუმზადოს პროვოკატორებს საკვები - დინჯად, ჭკუით, ისტერიკების გარეშე და არქეტიპული შებერტყილობით (ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვისთვის, მაგრამ ეჭვი მაქვს, აუცილებლად გავწყდებოდით, რომ არა ეს შესანიშნავი ეროვნულ-ფსიქოლოგიური ქცევის მოდელი) შევხვდეთ ყველა მეტნაკლებად აღმაშფოთებელ გამოწვევას და თუ მოვახერხებთ, გონივრულად და არა ზიზღით, დაუღალავი მანტრად საქცევი ახსნა-განმარტებით და არა “ინტელექტუალური რასიზმით” დავუპირისპირდეთ ჩეკისტურ იმპულსებს (მართალია, ჩეკისტებს ვერაფერს მოვუხერხებთ, მაგრამ ვინც ჩეკისტებს უსმენს, მათთვის კი ნამდვილად ღირს გარჯა).

ახლა კი ვნახოთ, როგორ უნდა ამოვიცნოთ ჩეკისტი.

მარტივი (შეიძლება ითქვას, “ხალხური”) მაგალითი: ვინც ამბობს (მნიშვნელობა არა აქვს, შეფარულად თუ ღიად), რომ ევროპა და საქართველოს ევროპული არჩევანი ერთსქესიანი ქორწინებების, პედოფილიის, ინცესტისა და მსგავსი ამბების დაკანონების ტოლფასია, იმას, ვიცოდეთ, არც მრავალგვაროვანი ევროპის გაეგება რამე და, უკაცრავად, არც ის აღელვებს (უფრო სწორად, კი აღელვებს რაღაც, მაგრამ სულ სხვა რამ), იქნება თუ არა საქართველო მართლაც დემოკრატიული, სამართლიანი და თუნდაც ყოფით-ეკონომიკურ დონეზე გაბწყინებული (აბა, სხვა რაა გაბრწყინება, თუ არა მშვიდობიან და წარმატებულ სახელმწიფოდ ქცევა). შესაბამისად, ასეთები “ქართულ საქმეს” კი არა, ნებსით თუ უნებლიედ, კრემლში მსხდომი ჩეკისტებისა და მათი დახვეწელი თუ დაუხვეწავი ადეპტების საქმეს აგრძელებენ.

მაშასადამე, თუკი ჩეკისტი (ან ვინმე, ვინც მისი გავლენის ქვეშაა) ამბობს: “არა ევროპას”, ეს ნიშნავს: “არა საქართველოს”.

თუკი ვინმე ან რაიმე ჯგუფი ჯიუტად გაჰკივის, რომ დასავლეთი ეროვნულ ფასეულობებს, ტრადიციებს, აღმსარებლობას, თმის ფერსა და კიდევ რა ვიცი, რას აღარ, მოკლედ, ყველაფერ ქართულს გვართმევს და ამის სანაცვლოდ რაღაც უცხოს, დანაშაულებრივს, ცოდვიანსა და სკანდალურს გვაჩეჩებს, იცოდეთ, რომ ეს მკივანა ხალხიც ჩეკისტებისგან საზრდოობს და ზოგიც თავადვე წარმოადგენს “ჩეკას”, რადგან ამათ მართლაც ეროვნული იდენტობის განმსაზღვრელი ნიშნები კი არ აღელვებთ, არამედ სწორედ საქართველოს თავისუფლება.

ამათთვის პრობლემაა თავისუფალი საქართველო.

თუკი ვინმე ან რაიმე ჯგუფი მგზნებარედ გაჰბღავის სულიერებაზე და წარმართის აღტკინებით, პარანოიდალური სიმტკიცით იმეორებს ერთსა და იმავეს, თუ როგორ ებრძვიან მართლმადიდებლობასა და მართლმადიდებელ პატრიარქს, იცოდეთ, ამ შიშების უკანაც ჩეკისტი და მის მიერ დამფრთხალი, პროპაგანდის მავთულხლართებში მოქცეული დაბნეული ადამიანია, რომელსაც თითქოსდა დაავიწყდა (ან უფრო - დაავიწყეს), რომ “თუკი ღმერთი მართლაც შენკენაა, არც აღარავინ რჩება შენს წინააღმდეგ!” ჰოდა, თუ ასეა, რაღა გაშინებს?

ასე რომ, ჩემი მოკრძალებული რჩევაა, ნუ ჩავიკარგებით ავადმყოფურ წივილ-კივილში, შევძლოთ ახსნა და ერთმანეთის მოსმენა (ჩემს თავსაც ვეუბნები, განა მარტო სხვას: “ლაშა, ნუ დაწერ პროვოკაციულ ტექსტებს, ტყუილა ნუ გააღიზიანებ ისედაც გაღიზიანებისთვის და სხვისი ჩაქოლვისთვის მზადმყოფ ხალხს!”), რადგან საქართველოსთვის კრემლის ტანკებზე უფრო საშიში ახლა ჩეკისტების მიერ მოტყუებული, დამფრთხალი, განათლებაწართმეული, დაყრუებული და გაჯიუტებული ადამიანები არიან.